2010 წლის 17 მაისს, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, ხელშეკრულება 11 888 ლარზე გაფორმებულია ინდმეწარმე ტარიელ კობიძესთან. ხელშეკრულების თანახმად, კობიძეს, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მეუღლეა, სოფელ ახალშენში ადმინისტრაციული შენობა უნდა აეშენებინა. ადმინისტრაციული შენობის აშენება, როგორც სოფლის კრების უნომრო და უთარიღო ოქმიდან ირკვევა, ახალშენელებს სურდათ, თუმცა, ახალშენში ვერ ვიპოვეთ ადამიანი, რომელიც ამ შენობის საჭიროების შესახებ რამეს გვეტყოდა.
იმავე წლის 24 აგვისტოს, ტარიელ კობიძეს დამატებით 5 100 ლარი ჩაურიცხეს, რომ აღნიშნული მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოები შეესრულებინა.
როგორც აღმოჩნდა, 16 988-ლარიანი შენობა ორი წელია გამოუყენებელია. შიგნით არც ინვენტარია და მეტალოპლასტმასის კარებიც არ იკეტება. იქვეა მოწყობილი ფრენბურთის მოედანი. მოედანი პირობითად, რადგან არც ბადეა და არც კარი… სტადიონზე, ახალგაზრდებმა სტადიონის კარი თავად, სარებით გააკეთეს.
ამ “მოედნის” მოწყობა საყანე ფართობის შემოღობვასთან, ცენტრის განათებასთან და ცენტრის შემოღობვასთან ერთად 7 346 ლარი დაჯდა და ეს სამუშაოები 2011 წელს, ინდმეწარმე გია ხუნდაძემ შეასრულა. ხუნდაძესთან ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების წესით არის შედგენილი.
2011 წელს სოფელ ახალშენის განათებისთვის თანხები კიდევ გამოიყო. ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მიხედვით, განათებისთვის 1 179 ლარი დაიხარჯა.
უცნობია, რა იგულისხმება ცენტრის შემოღობვაში, რადგან ახალშენის ცენტრს ღობე ნამდვილად არ აქვს.
ხიდისთავის თემის რწმუნებულმა, ალეკო სურმანიძემ, კატეგორიული იური გვითხრა, ეჩვენებინა ის გაკეთებული პროექტები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სოფელში, ხალხის ფულით გაკეთდა. სურმანიძემ გვირჩია, რომ შესრულებული სამუშაოების დასათვალიერებლად გამგეობის პრესსამსახური წამოგვეყვანა(?!)
2011 წელს, სოფელ ჭაჭიეთში, გარე განათების მოწყობის სამუშაოებისთვის 5 045 ლარი დაიხარჯა. რაოდენ გასაოცრად არ უნდა მოგეჩვენოთ, ზუსტად ამ რაოდენობის თანხა დასჭირდა ხიდისთავი-წიფნაგვარას საავტომობილო გზის შეკეთებას. ყოველ შემთხვევაში, ასე წერია ჩვენ მიერ გამოთხოვილ ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციაში. ჭაჭიეთში განათება ნამდვილად გაკეთებულია, რასაც ვერ ვიტყვით ხიდისთავი-წიფნაგვარას საავტომობილო გზის შესახებ, რომელიც ძალიან ავარიულია და იქ გავლა, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, პრაქტიკულად შეუძლებელია.
2011 წელს 1 595 ლარი დაიხარჯა ხიდისთავი-ზენობნის გზის ერთი მიმართულებით, თუმცა, როგორც აქაურები ამბობენ, შეკეთება მხოლოდ ხრეშის დაყრით გამოიხატა, რომელიც პირველივე გაწვიმებაზე ჩამოირეცხა.
ამავე გზის მეორე მიმართულების შეკეთებაზე 5 576 ლარია დახარჯული, სადაც ახლა მხოლოდ ქვების გროვა ყრია.
აღსანიშნავია, რომ ამ გზებს ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმთან მივყავართ. მივყავართ პირობითად, რადგან მსუბუქი მანქანით იქ მისვლა ძალიან ძნელია.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ სხვა თუ არაფერი, სირცხვილია, რომ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზა ავარიულია.
4 262 ლარია დახარჯული ხიდისთავის ცენტრის კეთილმოწყობაზე, რომელსაც სიკეთის არაფერი ეტყობა.
ავარიული გზები და უწყლობა _ ეს არის ის ძირითადი პრობლემა, რომელიც სოფელს ძალიან აწუხებს.
_ რაც არის გაკეთებული, თქვენც ხომ ხედავთ? სკამები გააკეთეს და მორჩა. წყალი არ გვაქვს. ამ გვალვაში “კრანები” პირდაღებულია. ტენდერია შემოღებული _ ტენტერი ჰქვია ჩემებურად _ ჩამოვლენ თბილისიდან, გაათეთრებენ ფულს, მოხსნიან აქ და მიაქვთ თბილისში. კი ვიყავი კრებაზე, ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის სოფლის კეთილმოწყობის, გზების მოხრეშვის და გადახრეშვის. ადიდდა წყალი და ჩამოიტანა ის ხრეში ცენტრში. ამ ფულს მთავრობა ტყუილად ხარჯავს. ამას ჯობია, გზა ეტაპობრივად, ხარისხიანად დააგონ. ყველა მის ჭკუაზე მუშაობს. ეს იმის ბრალია, რომ ხელისუფლებაში და საპასუხისმგებლო საქმეზე გაუნათლებელი, უწიგნური ხალხი მუშაობს. თუ “ნაციონალი” ხარ, ჭკუას გაბრალებენ, და თუ არ ხარ, ე.ი. ჭკვიანიც არ ხარ, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას ხიდისთაველი ტარიელ კილასონია.
_ როგორი კეთილმოწყობილია, ცენტრი თქვენც ხედავთ, _ ამბობს ალექსი კალანდაძე, _ არ ვიცი, რა თანხა დაიხარჯა, მაგრამ ფაქტის წინაშე ყველა ვდგავართ. კრებაზე ვიყავი. ჩვენი მთავარი მოთხოვნა წყალი იყო, რომელიც არ გვაქვს!
ბატონ ალექსისთან საუბარში სხვებიც ჩაგვერთნენ _ ხიდისთაველები ღიად საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელიც სოფელს აწუხებს და ამბობენ იმასაც, რომ გახორციელებული პროექტებით სოფელს არ უხეირია. იხსენებენ ხელისუფლების მაღალი პირების _ გამგებლის, გუბერნატორის, მინისტრის დაპირებებს, რომლებიც მხოლოდ დაპირებად დარჩა.
რაც შეეხება 2012 წელს, თითქმის იგივე პროექტების გახორციელებაა დაგეგმილი, რაც წინა წლებში და რომლებშიც რამდენიმე ათასი ლარი უშედეგოდ დაიხარჯა _ ახალშენში გარე განათების მოწყობა და გზის აღდგენაა დაგეგმილი; მეწიეთში, ზენობანში და წიფნაგვარაში შიდა გზები უნდა შეკეთდეს; ჭაჭიეთში ისევ გარე განათების მოწყობა და სასაფლაოს შეღობვა მოხდება; ხიდისთავში კი _ საყანე ფართობის შემოღობვა და წყლის მილების აღდგენა. ეს ის მილებია, რომლებსაც ყოველ წელს აკეთებენ, თუმცა, ხიდისთაველებს წყალი მაინც არ აქვთ.