“საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ გაუსვა ხაზი მთავრობის მზაობას იმის თაობაზე , რომ შემოდგომაზე დანიშნული საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საარჩევნო კამპანია კი ღია და გამჭვირვალე. დღეს კიდევ ერთხელ გვინდა გამოვთქვათ რწმენა, რომ ეს არჩევნები და ეს კამპანია იქნება სამაგალითო,” _ განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა მედიას და საზოგადოებას ხელისუფლების მიერ გადადგმული ის ნაბიჯები შეახსენა, რომელიც მათი მტკიცებით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურებოდა:
დამკვირვებელთა მოწვევა _ ” საქართველოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ აპრილის თვეში გამოვიდა ინიციატივით გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მოწვევის თაობაზე, რომლის საფუძველზეც დაიწყო საქართველოს მთავრობამ აქტიური კონსულტაციები ევროკავშირის , ეუთოს, ევროსაბჭოს შესაბამის სტუქტურებთან და სხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.”
საარჩევნო სიების დაზუსტება _ “ვფიქრობთ, შესაბამისი კომისიის მუშაობამ კონკრეტული შედეგი გამოიღო. აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ არაერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა კმაყოფილება გამოთქვა ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით” – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
უწყებათაშორისი კომისია _ მანანა მანჯგალაძის თქმით საკმაოდ აქტიურად მუშაობს უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ყველა სადაო საკითხს ოპერატიული რეაგირების რეჟიმში განიხილავს.
Must Carry _ “მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, რომლის საფუძველზეც ყველა საკაბელო მაუწყებელი იღებს ვალდებულებას საარჩევნო კამპანიის განმავლობაში უზრუნველყოს ტელეკომპანიათა ჩართვა შესაბამის ქსელებში.
პარტიათა ქცევის დეკლარაცია _ პრესსპიკერმა იმ დოკუმენტის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც არასამთავრობო სექტორის აქტიური მონაწილეობით შეიქმნა და უკავშირდება პოლიტიკური პარტიების მიერ კამპანიის წარმოებისას ქცევის შესაბამისი ნორმების დაცვის ვალდებულებას.
“ჩვენ დღესაც ვიტოვებთ იმედს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა შეუერთდება და ხელს მოაწერს აღნიშნულ დოკუმენტს. დოკუმენტს, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით ფართო კონსენსუსის შედეგად იქნა მიღებული.”
პრესსპიკერის განცხადებით, “პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთი დასტური იქნება ქართული დემოკრატიის სიმწიფისა და სიცოცხლისუნარიანობის, გადაიდგმება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ჩვენი სახელმწიფოებრიოების შემდეგომი განმტკიცების გზაზე. აქვე საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს აქტიური მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის ამ მნიშვნელოვან პროცესში”
1 ოქტომბერი კალენდრის მიხედვით ორშაბათია.