შპს “საქართველოს რკინიგზის’’, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი სახელმწიფოა, გენერალურ დირექტორს ირაკლი ეზუგბაიას რატომღაც სწორედ წინასაარჩევნოდ გაახსენდა გურია, სადაც ერთ წესიერ რკინიგზის ვაგზალს და მგზავრთა მოსაცდელს ვერ იპოვის ადამიანი.
ეზუგბაიას მეგზური ლანჩხუთის სარკინიგზო სადგურების ქსელში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე იყო, რომელსაც თან ახლდა გამგეობის პრესსამსახურის უფროსი ეთერ ჭყონია.
სუფსის რკინიგზის სადგურზე მაშინ მივედით, როცა ეზუგბაია სადგურის თანამშრომლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მცირე ჯგუფს ხვდებოდა.
გიორგი გოგუაძეს ძალიან გაუკვირდა ჩვენი დანახვა და გაკვირვება შეკითხვით გამოხატა: – საიდან გაიგეთ, რომ აქ შეხვედრა ტარდებოდაო?!
დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გამგებელი თანამდებობიდან გადადგა, შვებულებაში გავიდა და უკვე ოფიციალურადაა წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატად მმართველი პარტიიდან, ხოლო გამგებლის მოვალეობის შემსრულებელია ნუგზარ ღლონტი.
ჩვენ შევეცადეთ სუფსის რკინიგზის სადგურზე მყოფ გამგებელთან ეს ფაქტი გადაგვემოწმებინა:
_ ბატონო გია! დღეს სუფსის რწმუნებულმა ერთ-ერთ ადგილობრივს უთხრა, რომ თქვენ უკვე აღარ იკავებთ გამგებლის თანამდებობას და თქვენს მაგივრად ნუგზარ ღლონტს მიმართოს. ანუ უკვე ოფიციალურად ხართ წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატად?
_ ჯერ არ არის ბოლომდე გარკვეული. კანდიდატის წარდგენას აქვს თავისი ვადები. ეს ხდება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე. სექტემბრამდე ჯერ კიდევაა დრო. როცა გავიგებ ამის შესახებ, ერთ-ერთ პირველებს თქვენ გაგაგებინებთ, აგერ ეთო გეტყვით (იგულისხმება ეთერ ჭყონია), თუ მეგობრობთ მასთან, თუ არ მეგობრობთ…
გამგებელს აღარ დაუსრულებია, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ პრესსამსახურის უფროსის პირად მეგობრებში არ მოვიაზრებით და არც ის განუმარტავს, რატომაა აუცილებელი ინფორმაციის მისაღებად პრესსამსახურის უფროსთან მეგობრობა.
_ არც იმას ადასტურებთ, რომ შვებულებაში იმყოფებით?
_ ჯერჯერობით არ ვიმყოფები. ყველაფერს სექტემბრისთვის გაიგებთ, _ დაგვაიმედა გამგებელმა და ისევ იმ ჯგუფს შეუერთდა, რკინიგზის კომპანიის მთავარი პირის საუბარს რომ ისმენდა.
სუფსის რკინიგზის გავერანებულ სადგურზე “გურია ნიუსი’’ რამოდენიმე თვის წინ წერდა. რკინიგზის სადგურის ერთ-ერთმა ხანშიშესულმა თანამშრომელმა სტუმარს აუხსნა, რომ ძალიან შეწუხებულნი არიან სადგურზე საზოგადოებრივი ტუალეტის არარსებობით.
გარდა ამისა, მგზავრთა მოსაცდელ დარბაზში არ დგას სკამები, ჩამტვრეულია ფანჯრები, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია შენობის როგორც ექსტერიერი, ისე ინტერიერი.
ეზუგბაია სუფსის მცხოვრებლებს დაპირდა, რომ რკინიგზის სადგურის რეაბილიტაცია ახლო მომავალში დაიწყება.