მაგრამ, ის რაც ამ მოკრძალებული თანხის უკან იმალება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნისა და მისი სამეგობროს “დიდი საიდუმლოა”, რომელსაც “გურია ნიუსი” დეტალურად გაგიშიფრავთ.
დავით თათეშვილი, _ ამ სახელითა და გვარით ფიქსირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.
რა კავშირი აქვს პოლიციის მაღალჩინოსან დავით თათეშვილს შემომწირველ დავით თათეშვილთან?
შემომწირველი დავით თათეშვილის პირადი ნომრით დადგენილი დაბადების დღე, თვე და წელი, _ 03\12\1968; ასევე მისი საცხოვრებელი მისამართი (პირადი ნომრით დადგენილი), საქართველო, თბილისი, კრწანისის ქუჩა 16, კ-6, ბინა-7, ერთი-ერთზე ემთხვევა პოლიციის მაღალჩინოსანი თათეშვილის მონაცემებს. შემომწირველი თათეშვილის პირადი ნომრით დაძებნილი ამომრჩეველთა ერთიანი სიის იგივე მისამართზე იძებნება ირმა თათეშვილი და საბა თათეშვილი, რომლებიც დავით თათეშვილის ქონებრივ დეკლარაციაშიც, ცხადია, როგორც ოჯახის წევრები არიან მოხსენიებული.
საზოგადოებისთვის უცნობი, წარმოშობით სამცხე-ჯავახეთიდან, ადიგენის რაიონის სოფელ არალის მკვიდრი დავით თათეშვილის ქონება ისე გამოიყურება, როგორც მდიდარ პოლიციელებს ეკადრებათ.
თბილისის ზემონახსენები ბინის გარდა, მის მფლობელობაშია: 1500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი სოფელ წავკისში; 1000 კვადრატული მეტრი სოფელ ტაბახმელაში და სულ რაღაც 65 კვადრატული ბულგარეთში, სან ბიჩზე. ბულგარეთში სახლის შეძენა დავით თათეშვილს 35 000 ევრო დაუჯდა, ტაბახმელას სახლის მშენებლობაზე კი მისი გასავალი 107 000 ლარს შეადგენს. დავით თათეშვილის წლიური ხელფასი 31 187 ლარია, ნაღდი ფულის სახით კი, ალბათ “შავი დღისთვის” 52 000 დოლარი აქვს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩნდება აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა, _ რატომ მხოლოდ 4000 ლარი?
დაუჯერებლად სწორედ ეს მცირე შემოწირულობა მოგვეჩვენა, რადგან წინასაარჩევნოდ, მმართველი პარტია ასეთ სიძუნწეს მდიდარ მხარდამჭერებს არ პატიობს.
“გურია ნიუსის” კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სიძუნწეს ადგილი არ ჰქონია!
დავით თათეშვილის სამეგობროს, “ნაციონალური მოძრაობისთვის” საერთო ჯამში 150 000 ლარამდე შემოწირულობა აქვთ გაკეთებული. მათ ყველას კი ორი კომპანია შპს _ “ფათათი” და შპს “ჯისი” აერთიანებთ! ორთავე კომპანიის მეწილეებში დავით თათეშვილი (და თათეშვილების დიდი საგვარეულო) გვხვდება.
“ფათათი” _ “ნაცმოძრაობის” შემომწირველთა სამჭედლო
დავით თათეშვილის დეკლარაციის მიხედვით, მისი ბიზნესმენი მეუღლე, ირმა თათეშვილი, 4 კომპანიის პარტნიორია: შპს “ფათათი”, შპს “ჯისი”, შპს “ალიანსი” და შპს “აირპრესსტანდარტი”.
ყურადღებით დააკვირდით შპს “ფათათის” მეწილეებს:
1. ამირან თათეშვილი _ 15%
2. ავთანდილ თათეშვილი _ 40%
3. დავით თათეშვილი _ 15 %
4. ზაზა თათეშვილი 15 %
5. შოთა გოგაშვილი _ 15%
ჩამოთვლილი მეწილეებიდან, სამ მათგანს: ავთანდილ თათეშვილს (50 000 ლარი); დავით თათეშვილს (4 000 ლარი); და ზაზა თათეშვილს (4 000 ლარი) “ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველთა ყულაბაში, საერთო ჯამში, 58 000 ლარი აქვთ ჩარიცხული.
შპს “ჯისი”
აღნიშნული კომპანია დავით თათეშვილის თავის დეკლარაციაში მეუღლის პარტნიორ კომპანიად აქვს მითითებული.
ირმა თათეშვილი ამ კომპანიაში მარკეტინგის სამსახურის უფროსია. დავით თათეშვილის 2012 წლის 23 აპრილის დეკლარაციის თანახმად, ირმა თათეშვილის (საწარმოს საქმიანობით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით) მიღებული შემოსავალი შპს “ჯისიდან”, 85 850 ლარია. სამეწარმეო საქმიანობის გარდა, კი ამავე კომპანიიდან ირმა თათეშვილს სამუშაოს შესრულებით (როგორც მარკეტინგის სამსახურის უფროსს), 33 ათასი ლარი აქვს მიღებული.
შპს “ჯისის” მეწილეები არიან:
1. ზაზა კაპანაძე _ 20%
2. როსტომ სხირტლაძე _20 %
3. ეკატერინე გამყრელიძე _ 20%
4. ავთანდილ თათეშვილი _ 20 %
5. დავით თათეშვილი _ 20%
ამ კომპანიის 5 მეწილედან 3 “ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველია. ავთანდილ თათეშვილი და დავით თათეშვილი კომპანია “ფათათის” მეწილეებიც არიან და მათ შემოწირულობაზე ზემოთ უკვე ვთქვით. მაგრამ გამოჩნდა კიდევ ერთი შემომწირველი თათეშვილების სამეგობროდან, ეს გახლავთ “ჯისის” დირექტორი, ზაზა კაპანაძე, რომელმაც “ნაცმოძრაობის” ყულაბაში 30 000 ლარი გადარიცხა.
თუ ზემოთ დაანგარიშებულ, თათეშვილების შემოწირულ 58 000 ლარს ზაზა კაპანაძის 30 000 ლარს დავუმატებთ, 88 000 ლარი გვექნება.
მაგრამ თათეშვილებს თავიანთი ქველმოქმედება ამით არ დაუმთავრებიათ.
ყველაზე მდიდარი თათეშვილი _ “ვინა ხარ, ქალო, რა დაკითხვას მიწყობ აქ, ჰა?”
2012 წლის 18 ივლისს, ვინმე ოთარ თათეშვილს ერთი ფიზიკური პირის კვალობაზე, მმართველი პარტიის სასარგებლოდ, მაქსიმალური თანხა 60 000 ლარი აქვს შემოწირული.
ოთარ თათეშვილი სამშენებლო კომპანია “არალის” დირექტორი და 100%-იანი მეწილეა.
“გურია ნიუსმა” თათეშვილების ამბის გარკვევა და ამ გვარის “ქველმოქმედებაზე” საუბარი სწორედ მასთან გადაწყვიტა.
_ ბატონო ოთარ, თქვენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბრძანდებით?
_ ამ პარტიის წევრი ვარ, დიახ!
_ თქვენი გვარიდან და თქვენსავე სოფლიდან, არალიდან, ძალიან ბევრი თათეშვილია “ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველი: ზაზა თათეშვილი, დავით თათეშვილი, ავთანდილ თათეშვილი, თქვენ ერთი დიდი სანათესაო ხართ?
_ სანათესაო არაფერ შუაში არ არის აქ…
_ და არც იცნობთ ამ ადამიანებს?
_ როგორ არ ვიცნობ, კაცო, ბავშვობაში ერთ სოფელში ვართ დაბადებულები და მოგვარეები ვართ, მეტი არაფერი…
_ დიდი ხანია, რაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბრძანდებით?
_ ვინა ხარ, ქალო, რა დაკითხვას მიწყობ შენ, ჰა?
ასე დაასრულა ჩვენთან საუბარი ბატონმა ოთარმა…
ჩვენც დავასრულებთ ამ სტატიის არითმეტიკულ ნაწილს. ზემოთ დაანგარიშებულ 88 000 ლარს, ოთარ თათეშვილის 60 000 ლარს მივუმატებთ, რითაც, საერთო ჯამში, 148 ათას ლარს მივიღებთ “ნაციონალური მოძრაობის” ყულაბაში, რაც ერთი გვარის კვალობაზე სულაც არ არის ურიგო თანხა.
რაც შეეხება შემომწირველ დავით თათეშვილს, რომლის, დაბადების დღე, თვე, წელი, საცხოვრებელი მისამართი ერთი-ერთზე დაემთხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი დავით თათეშვილის მონაცემებს და იმ კომპანიების მეწილის მონაცემებს, რომელიც დეკლარაციაში მეუღლის სამუშაოდ აქვს მითითებული, გეტყვით რომ ისევ იმ პოსტზე იმყოფება. ეს ინფორმაცია “გურია ნიუსთან” შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ დაადატურა.
ჩვენს მიერ დადასტურებული ინფორმაციით, ის მაშინაც იმ პოსტზე იყო, როცა შემომწირველი თათეშვილი 4000 ლარს რიცხავდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”.
ამ მაღალი ეჭვის და უამრავი დამთხვევის საფუძველზე, კითხვით მივმართეთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს, ლელა ტალიურს, შეიძლება თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იყოს რომელიმე პარტიის შემომწირველი?
“კანონი ცალსახად არ ადგენს, რომ პოლიციელი არ შეიძლება იყოს პარტიის შემომწირველი, მაგრამ იმ ნეიტრალიტეტიდან გამომდინარე, რაც პოლიციის შესახებ კანონში წერია, რომ პოლიციელი არ უნდა იყოს პარტიის წევრი, არ უნდა ეწეოდეს პარტიის სასრგებლოდ მუშაობას და ასე შემდეგ, დღის წესრიგში აყენებს საკითხს, რომ ეს ჩანაწერიც უნდა არსებობდეს შემოწირულობაზე, ” _ გაგვიცხადა ტალიურმა.