მათი პირველი გაჩერება “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი იყო. “ბახმარო ჩვენიცაა”, “არ გვინდა მიშა, ბახ-ვანო”! _ ამ შეძახილებით იდგნენ რამდენიმე წუთის განმავლობაში მმართველი პარტიის ოფისთან ახალგაზრდები და ითხოვდნენ პასუხს, თუ რატომ არ შეუშვეს 19 აგვისტოს, სახალხო დღესასწაულზე ბახმაროში.
ახალგაზრდებმა ანალოგიური კითხვით მიმართეს ჩოხატაურის ხელისუფლებას ადმინისტრაციული შენობის წინ.
_ გამოვიდეს გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და გვიპასუხონ, რატომ არ შეგიშვეს ბახმაროში, არა მარტო ჩვენ, არამედ ადამიანები, რომლებმაც მხოლოდ და მხოლოდ გამარჯობა გვითხრეს; ქართველ კაცს გამარჯობის თქმაც ეკრძალება? _ კითხვას სვამდნენ აქციის მონაწილეები.
მიუხედავად ამ მოთხოვნისა, მათთან შესახვედრად არავინ გამოსულა. ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი კორნელ კუკულავა აქციას საფინანსო სამსახურის უფროსის ოთახის ფანჯრიდან ადევნებდა თვალს და ფარდის უკან იმალებოდა.
“გაუმარჯოს საქართველოს შიშის გარეშე! “გაუმარჯოს საქართველოს მიშას გარეშე! გაუმარჯოს საქართველოს “ნაციონალური მოძრაობის გარეშე!”” _ ასეთი იყო ახალგაზრდების მოწოდებები, რომლებსაც, როგორც ქუჩაში მსვლელობისას, ასევე გამგეობის წინ დგომისას, მოქალაქეთა ნაწილი ტაშით, ღიმილით და მანქანების სიგნალით ხვდებოდნენ.