საღამოს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი მეგობართან _ გიორგი აბაშმაძესთან, ვიცე-გუბერნატორ ლელა თავართქილაძესთან, სწავლების ცენტრის ტრენერ პაატა მანჯგალაძესთან ერთად იმყოფებოდა. აქვე იყო ცნობილი ქორეოგრაფი, ჯუმბერ დუნდუა. სტუდენტებმა კონცერტზე მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. კონცერტში მონაწილეობა მიიღო, "ლურჯი იალქანის" ყოფილმა წევრმა, მიშა მამალაძემ რამდენიმე ნომერი წარმოადგინა.
_ მადლობა მიშას, მადლობა მიშკას! _ ეს სიტყვები ხშირად ისმოდა საღამოზე.
მადლობა "მიშკას" მისამართით, არც რამაზ ნიკოლაიშვილმა დაიშურა: _ მიშკას მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გურიაში გვყავს ჯგუფი "ლურჯი იალქანი". გურული ადამიანები მიდრეკილები არიან ხელოვნებისკენ და ისინი წარმატებებს მიაღწევენ, ვერც მიშას (ჯგუფ "ლურჯი იალქანის" ყოფილ წევრზე არის საუბარი. ავტ.) გადასვლა თბილისში ვერ შეუშლის ამას ხელს და ვერც ჩემი ჩამოსვლა ოზურგეთში. გამომდინარე აქედან, კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება ვთქვა, რომ ეს პროექტი საჭირო იყო. თქვენი გულწრფელად მშურს, გამომდინარე იქედან, რომ ჩემს დროს, როდესაც სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, სადღაც დასაკარგავში გვიშვებდნენ. ერთი რამ მინდა ვთქვა…
ამ დროს, რამაზ ნიკოლაიშვილმა სიტყვას გადაუხვია და ტრადიციულად, "გურია ნიუსი" მოიხსენია და მამა ბესარიონს, რომელიც ჩვენს უკან იჯდა, ამ სიტყვებით მიმართა: _ მამაო, (საუბარია მამა ბესარიონზე, რომელიც სოფელ ბახვის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. ავტ.) უშლი რა, გადაღებას უშლი, "გურია ნიუსს", უშლი, მამაო… _ განაცხადა რამაზ ნიკოლაიშვილმა აბსოლუტურად უადგილოდ და სიტყვა გააგრძელა:
_ გულწრფელად მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი და არა მარტო იმით, რომ 500 ლარი მიეღოთ ადამიანებს. მე კმაყოფილი ვარ, ეს კურსები შედგა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასეთი რამ უნდა გაგრძელდეს და კიდევ დაიხვეწება.
მიშა, შენ მადლობა კიდევ ერთხელ, ამ პროექტში მონაწილეობისთვის. მას შემდეგ, რაც მიიღებთ განათლებას, ისევ ოზურგეთში უნდა ჩამოხვიდეთ და მინდა, ოზურგეთს გამოადგეთ. გურია არის ერთ-ერთი პერსპექტიული კუთხე, ადგილი, სადაც ბევრი საინტერესო რამე ხდება და ყველაფერს ვიზამთ, ბევრი უფრო საინტერესო მოხდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა შემთხვევაში, ეს თქვენ უნდა გააკეთოთ, _ თქვა ნიკოლაიშვილმა.