ბოლო გარიგება (არა საპროცესო, არამედ _ სააუქციონო), რომელიც ყავლაშვილის სახელს უკავშირდება, კომპანია “ბურჯის” საქმე გახლავთ.
კომპანია “გამამ,”, რომელიც აუქციონის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიქმნა და რომლის დირექტორიც გიორგი ყავლაშვილია, შპს “ბურჯის” ქონების ნაწილი შეიძინა.
2012 წლის 27 ივლისს, სახელდახელოდ შექმნილმა კომპანიამ, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი პანამაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება T.A. INMOBILIARE, S.A.”-ია, თანხა 10 დღეზე ადრე გადაიხადა. კომპანიის დამფუძნებლები თავიანთ ვინაობას მკაცრად ასაიდუმლოებენ და მათი ბიზნესინტერესების შესახებ არავინ არაფერი იცის.
როგორც “გურია ნიუსს” აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურის უფროსმა, ბესიკ ლილუაშვილმა განუცხადა,
“ქონება შპს “გამამ” იყიდა. მეპატრონეა ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი, რომელმაც 6 აგვისტოს 8 761 000 ლარი გადაიხადა.”
მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ ადვოკატმა ყავლაშვილმა, რომელიც თავის ინტერვიუებში (რომელსაც ძალიან იშვიათად იძლევა), მუდმივად თავის ნეიტრალიტეტსა და თავისუფალ პროფესიაზე საუბრობს, მმართველ პარტიას, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 50 000 ლარი ჩურიცხა.
გიორგი ყავლაშვილი, როგორც “ნაცმოძრაობის” შემომწირველი, 2012 წლის 1 აგვისტოს ფიქსირდება, ანუ 5 დღით ადრე, შპს “ბურჯის” ყიდვამდე.
ამავე დღეს, “ნაცმოძრაობის” ყულაბაში 10 000 ლარს რიცხავს გიორგი ყავლაშვილის კომპანიის “ყავლაშვილი და პარტნიორების” ერთ-ერთი დამფუძნებელი, კახა ყავლაშვილი, რომელიც 2010 წელს თავად იყო ამ კომპანიის დირექტორი.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, გიორგი და კახა ყავლაშვილები ბიძაშვილები არიან.
პარტნიორებმა, საერთო ჯამში, მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ერთი ფიზიკური პირისთვის მაქსიმალური თანხა, 60 000 ლარი შეიტანეს.
შპს “ბურჯი” კი, რომელსაც გიორგი ყავლაშვილმა “საქმიანი” სიტყვა მისცა, რომ საქმიანი ურთიერთობა ექნებოდათ და არანაირ პრობლემას არ შეუქმნიდა, დღემდე მის მოლოდინშია.
“ბურჯის” დირექტორის, ნოე ქინქლაძის ზარებს გიორგი ყავლაშვილი 2 კვირაა, აღარ პასუხობს.
“გურია ნიუსი” შპს “ბურჯის” დირექტორს, ნოე ქინქლაძეს ესაუბრა.
_ ბატონო ნოე, თქვენი ქონების ის ნაწილი, რომელიც აუქციონზე 8 761 000 ლარად გაიყიდა, რეალურად რა ღირებულების იყო?
_ არ ვიცი, ძნელი სათქმელია. საბაზრო ფასით რომ მივუდგეთ ალბათ ამდენი არ ღირდა. ამ ეტაპზე, ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია.
_ თქვენ ისევ რჩებით “ბურჯის” დორექტორად?
_ დიახ, “ბურჯი” ჩვეულებრივად მოქმედებს, მისი აქტივის ნაწილი გაიყიდა. მაგრამ, ჩვენ მაინც ვერ ვმუშაობთ. იქ დავალიანება იყო 12 მილიონამდე. დაფარულია ნაწილი. ისევ ყადაღა გვადევს და ამიტომ ვერ ვმუშაობთ.
_ აუქციონზე გაყიდული იმ ქონების გამო, რომელიც ყავლაშვილმა შეიძინა, “ბურჯს” პრობლემები შეექმნა?
_ თავისთავად. ქონების ეს დანაკარგი სერიოზული შეფერხებაა კომპანიისთვის. გარდა ამისა, შეფერხებაა ის, რომ ისევ დაყადაღებულია ქონება გარკვეული თანხის დაფარვის მოლოდინში.
_ გიორგი ყავლაშვილი აცხადებდა, რომ საქმიანი ურთიერთობა ექნებოდა თქვენთან. ხვდებით მას ხშირად?
_ დღემდე ველოდებით გიორგი ყავლაშვილს. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა, მაგრამ ორი კვირაა, ვერ ვუკავშირდები. კონტაქტზე არ გამოდის. რა თქმა უნდა, საჭიროა შეხვედრა და რაღაცეებში გარკვევა. საწყობებში დარჩენილია ჩემი და სხვა კომპანიების საქონელი, რაც ინახებოდა. მისვლა მინდა და წამოღება, მაგრამ იქ დაცვა დგას.
თქვენ თუ დაეკონტაქტებით და გადასცემთ, რომ ველოდებით, მადლობელი დაგრჩებით. ისედაც ვაპირებდი, 2 დღის შემდეგ პრესა შემეწუხებინა და ისე დავკონტაქტებოდი. საწყობში სხვა კომპანიის ქონებაც არის და ეს იცის თვითონაც.
გიორგი ყავლაშვილს ვერც “გურია ნიუსი” დაუკავშირდა, როგორც ჩანს, ბიზნესმენი-ადვოკატი ახლა უკვე ახალი ბიზნესგარიგებებითაა დაკავებული.