შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, სამსახურის მაძიებლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში, ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასებისა და შესაბამისი სერტიფიკატის უმოკლეს ვადაში მიღების შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გამოცდისთვის რეგისტრაცია ვებგვერდზე – www.online1.naec.ge დღეიდან, 17 სექტემბრის 09:00 საათიდან დაიწყო და 28 სექტემბრის 09:00 საათამდე გაგრძელდება.
გამოცდა 30 სექტემბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება. მორიგი ტესტირება 14 ოქტომბერს არის დაგეგმილი, რომლისთვისაც რეგისტრაცია 1-ელ ოქტომბერს, 09:00 საათიდან დაიწყება და 12 ოქტომბერს, 09:00 საათზე დასრულდება. „სერტუსის“ ინგლისური ენის გამოცდა ელექტრონულ ფორმატში, თვეში ორჯერ ტარდება და სრულად შეესაბამება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს. ტესტი ენის ცოდნის დონეს საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) შესაბამისად განსაზღვრავს. მონაწილეებს გამოცდის ჩაბარება შეუძლიათ როგორც სრულად, ისე ცალკეული კომპონენტების მიხედვით.
სრული ტესტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი, რომლის მოქმედების ვადა 3 წელია. აღნიშნული სერტიფიკატი აღიარებულია საქართველოს არაერთი უმაღლესი სასწავლებლის მიერ და ასევე გამოიყენება სხვადასხვა ორგანიზაციაში კადრების შერჩევისა და შეფასების პროცესში. 2026 წლის „სერტუსის“ გამოცდების კალენდრის, გამოცდის საფასურისა და გადახდის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
































































