შვიდი ცნობილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს და მინისტრ ხატია დეკანოიძისგან ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“ დირექტორის მოადგილის, თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლების ფაქტის რეაგირებას მოითხოვს. ორგანიზაციების სპეციალური განცხადება ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორს, დავით მჭედლიშვილსაც გაეგზავნა, რომელშიც უფლებადამცველები მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოს, დაუსაბუთებელსა და დისკრიმინაციულს უწოდებენ.
„საქართველოში ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული ღირსებულებების უგულვებელყოფამ საზოგადოების ყველა პროფესიისა და სფეროს ადამიანი დააზარალა. ეს მდგომარეობა განსაკუთრებული სიმწვავით იგრძნობა განათლების სისტემაში, სადაც პროფესიონალი კადრების დისკრიმინაცია და სამსახურიდან განსხვავებული შეხედულებების გამო გათავისუფლება დღემდე დაუსჯელ ქმედებად რჩება.
ჩვენთვის ცნობილი ფაქტია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული პროფესიული სასწავლებლებიდან გათავისუფლების პირველი შემთხვევა, რომელიც ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის” დირექტორმა მოადგილის, თამარ კაიკაციშვილთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტით განახორციელა.
დღემდე მოსარჩელე მხარე ასაბუთებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიული საფუძვლებით უკანონო და დაუსაბუთებელია, ხოლო დირექტორის მხრიდან მოადგილის გათავისუფლება მოტივირებული გახლდათ პოლიტიკური კონტექსტით თამარ კაიკაციშვილის არასაიმედოობის გამო. საუბარია ყოფილი მოადგილის ოჯახის ნათესავის ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრობის,კოალიცია `ქართული ოცნების” მხარდაჭერისა და გათავისუფლებულის ძმის უფლებადაცვით სფეროში საქმიანობის კონკრეტული ფაქტების გამო.
ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ ნებისმიერ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებულთა უკანონო დათხოვნებს წარმოშობს. მოგიწოდებთ, დროულად მოახდინოთ რეაგირება თქვენი სისტემიდან უკანონო გათავისუფლების თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით.
იმედს გამოვთქვამთ, რომ თამარ კაიკაციშვილის ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლო მიიღებს მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას და მტკიცებულებების გათვალისწინებით, შექმნის დასაქმებულის დაცვის ღირსეულ პრეცედენტს,“ – ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თამარ კაიკაციშვილი 2012 წლის 19 ივნისს კოლეჯის დირექტორმა, ოფიციალური მიზეზით, სასწავლო პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გაათავისუფლა, თუმცა მოსარჩელე მხარის მტკიცებულებებით, აღნიშნული გათავისუფლება პოლიტიკური მოტივებით პირის არასაიმედოობის გამო მოხდა.
უფლებადამცველების მიმართვას წინ უძღოდა საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოხმაურებაც. გაეროს თბილისის ოფისის 17 აგვისტოს წერილობითი განმარტებით აღიარებულ იქნა ის ფაქტი, რომ თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლების ფაქტი წარმოადგენს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევის სფეროს, სამართლიანი სასამართლოს არ არსებობის შემთხვევაში კი, გაერო-ს თბილისის წარმომადგენლობა მხარეს საქმის გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში გაგზავნაში დაეხმარება.
ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის მიერ საზოგადოებისთვის აღნიშნული განმარტების საჯაროდ გაცნობის შემდეგ, რამდენიმე საათში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის განხილვას სასამართლოს თავმჯდომარე თემურ გოგოხია ჩამოცილდა და საქმისწარმოების პროცესის გაგრძელება რიგით მოსამართლეს, ჯუმბერ ბეჟანიძეს დაევალა.
პირველი განმხილველი სხდომა სექტემბერშია ჩანიშნული, სადაც დავის საგანს დირექტორის მიერ მიღებული ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა და პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა წარმოადგენს.