შენობა უკვე დიდი ხანია ავარიულია და მოსწავლეების და პედაგოგების დიდ გმირობად უნდა ჩაითვალოს ის, რომ გასულ ზამთარში გაუსაძლისი პირობების და რეალური საფრთხის მიუხედავად, სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა.
სოფელ წიფნარში, რამდენიმე ადგილზე, მცოცავი მიწაა, რამაც არაერთხელ შეუქმნა პრობლემები ადგილობრივ მოსახლეობას. სახლების უმეტესობა მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს და თითქმის ყველა სახლი დაბზარულია.
საქართველოს განათლების სამინისტრო და ადგილობრივი ხელისუფლება წიფნარის მოსახლეობას ახალი სკოლის მშენებლობას შეჰპირდა. დაპირების მიხედვით, სკოლის მშენებლობა უკვე დაწყებული უნდა იყოს. თუმცა, სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წიფნარის სკოლის დირექტორს, ნუნუ ანდღულაძეს ვესაუბრეთ.
_ რამდენიმე დღის წინ, სამინისტროს მიერ გამოგზავნილი გეოლოგების ჯგუფმა, წიფნარის სკოლის ეზოს ნიადაგი შეისწავლა. ექსპერტიზის პასუხები ორ კვირაში იქნება, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, პასუხი დადებითი იქნება, ანუ ნიადაგი ძალიან მყარია. ვნახეთ სკოლის პროექტი, რომელიც ძალიან მოგვეწონა და ვესაუბრეთ მშენებლობის ხელმძღვანელსაც. იმედია, მალე გვექნება ნანატრი ახალი სკოლა, რომელიც ასე გვჭირდება და რომელიც ჩვენი სოფლის ნამდვილი ხერხემალია.
_ სოფელში ამბობენ, სკოლის მშენებლობა იმის გამო შეფერხდა, რომ წიფნარში ოპოზიციის ბევრი მომხრე ცხოვრობს. თქვენ გსმენიათ რაიმე ამის შესახებ?
_ დიახ, ეგ ჭორი მეც გავიგე, მაგრამ, საბედნიეროდ და სოფლის სასიკეთოდ, ეგ მხოლოდ ჭორია და წიფნარის სკოლის მშენებლობა მალე დაიწყება, _ გვითხრა ქალბატონმა ნუნუ ანდღულაძემ.