როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ამის შესახებ შტაბში ინფორმაციას სხვა ლიდერები არ ფლობდნენ. მეტიც, ეს ამბავი თავად თემურ სალუქვაძემ პერსონალურად აცნობა ზოგიერთს. როგორც ამბობენ, ამ ფაქტმა კოალიცია “ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბის წევრების გაკვირვება და უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ თუ მსგავსი რამ ხდებოდა, საქმის კურსში უნდა ყოფილიყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ეს თვითმარქვიობაა და მეტი არაფერი.
“გურია ნიუსთან”კომენტარის გაკეთებაზე კოალიცია “ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თემურ სალუქვაძემ კატეგორიული უარი თქვა.
_ მაგ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ, _ განაცხადა სალუქვაძემ.
კოალიცია “ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბის საარჩევნო ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი ტიფო მიქატაძე კი ასეთ კომენტარს აკეთებს:
_ აღმოჩნდა, რომ თემურ სალუქვაძის კოლიცია “ქართული ოცნების” გურიის კოორდინატორად დანიშვნის საკითხი, თურმე, ცენტრალურ შტაბში განიხილებოდა, ძირითადად კი ირაკლი ალასანიას “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებს შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ხელოვნურად გამოგონილი სტატუსი (რადგან დამატებით ასეთი კოორდინატორების დანიშვნის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ) იმისათვის, რომ გაემყარებინათ თემურ სალუქვაძისთვის “ქართული ოცნების” პარტიულ სიაში მოხვედრის შანსები. ცენტრალური შტაბის წარმომადგენლები, მიუხედავად თავისი პარტიულობისა და თანამდებობებისა, ასეთ უფლებას არ უნდა აძლევდნენ თავს, გადაწყვიტონ რეგიონულ შტაბებში თანამდებობრივი დანიშვნების საკითხები, ამ შტაბებთან სერიოზული კონსულტაციებისა და კონსესუსების გარეშე. ამ შემთხვევაში, ეს არ მომხდარა, ამიტომ ჩვენ გამოვიჩინეთ პრიციპულობა.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თემური სალუქვაძემ თავს უფლება მისცა, ოზურგეთის შტაბის გვერდის ავლით, გაეპიარებინა თავისი არარსებული სტატუსი და უფლებამოსილების გახორციელებას შეუდგა. ეს ყველაფერი არასერიოზულობაა, ის აღმოჩნდა თვითმარქვიას როლში და მე ამ შემთხვევაში, სრულიად ვეთანხმები შტაბის უფროსის კონსტანტინე შარაშენიძის შეფასებას. ყველას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ ვიმყოფებით უთანასწორო ბრძოლაში და თითოეულის ქმედება, გადადგმული ნაბიჯი და გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მკაცრ წესებსა და რეგლამენტს. ზუსტად ისევე, როგორც ბრძოლისას. ვინც ამ წესს არღვევს, სადაც უნდა იყოს და ვინც უნდა იყოს, ვისაც არ სურს საერთო წესების მიხედვით საქმიანობა, მან პასუხი უნდა აგოს შტაბებისა და თანამებრძოლების წინაშე.”
კოალიცია “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელის კოტე შარაშენიძის თქმით, იყო გაუგებრობა, რომლის მიზეზიც გახდა თემურ სალუქვაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ის გურიის კოორდინატორად დაინიშნა.
_ ეს ინფორმაცია ჩვენ გადავამოწმეთ ცენტრალურ ოფისში და აღმოჩნდა, რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამ ეტაპზე, სხვა კომენტარისგან თავს შევიკავებ, _ თქვა შარაშენიძემ.