ფაქტობრივად, გურიას ხელისუფლება აღარ ჰყავს. შვებულების საფარქვეშ ამოფარებული საჯარო პირები, ტრადიციისამებრ, არჩევნების დასრულებამდე, “ნაციონალური მოძრაობის” და მათი მაჟორიტარების სამსახურში იქნებიან.
მაგალითად, ვალერი ჩიტაიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რამაზ ნიკოალიშვილის შტაბს ხელმძღვანელობს. გუბერნატორის მოვალეობას კი მისი მოადგილე, თამაზ მახარაძე ასრულებს.
როცა რამაზ ნიკოლაიშვილი მედიკოსებს ხვდებოდა, გუბერნატორის მოადგილე ლელა თავართქილაძეც მის გვერდით იყო. როგორც გავარკვიეთ, მისი შვებულება არჩევნების შემდეგ დასრულდება. არადა, მას გუბერნიაში მედიასთან ურთიერთობაც ევალება. ამჟამად შვებულებაში მყოფი გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის მიერ “გურია ნიუსისთვის” მოწერილი ოფიციალური წერილით მიხედვით, პრესასათან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებს ქალბატონი ლელა თავართქილაძე ასრულებს. საინტერესოა მთელი არჩევნების განმავლობაში ვის უნდა დაუკავშირდეს სრულიად გურიის მედია?! ამაზე პასუხი გუბერნიაში არ აქვთ.
სხვათაშორის, გურიის სამხარეო ადმინისტრაცია, საქართველოს დანარჩენი 8 რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციისგან იმით გამოირჩევა, რომ ხუთი ათეული საშტატო ერთეულიდან, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ვერც ერთი მოქალაქე არ მოერგო, გარდა, ვიცე-გუბერნატორ ლელა თავართქილაძისა, რომელიც ზემოთ ხსენებულ თანამდებობასი თავსებს.
ამ დრომდე პასუხს ვერავინ გვცემს, რატომ არ უნდა ჰყავდეს გურიის სამხარეო ადმინისტრაციას პირი, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში იქნება. არადა, მხოლოდ ოზურგეთის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, მუზეუმიდან დაწყებული, დასუფთავების სამსახურით დასრულებული, ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში, ეს შტატი ბოლო წლებია, ჟურნალისტების დასაქმების მიზნით, აქტიურად ინერგება. სხვა საქმეა, რა მისიით შეიქმნა ახალი სამუშაო, ფაქტობრივად უფუნქციო ადგილები, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მიმართულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება.
თუ სამხარეო ადმინისტრაციის საკადრო პოლიტიკით ვიხელმძღვანელებთ, სოკოებივით მომრავლებულ, შტატებგადავსებულ აიპ-ებში, კიდევ უფრო უფუნქციო _ პრესამსახურის შტატები არ უნდა გვხვდებოდეს. პარადოქსული ყოფის ერთ-ერთი თვალნათელი გამოვლენაა პრეს-სამსახურების არსებობა ორგანიზაციებში და ამავე პრეს-სამსახურების მედია საშუალებებთან ურთიერთობების აკრძალვა.
სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფუნქციას, ვიცე-გუბერნატორი ლელა თავართქილაძე შიგადაშიგ ასრულებს, ხან პასუხობს ჩვენს ზარებს, ძირითადად კი _ არა. როცა კომენტარის მოპოვებას ვცდილობთ, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, რომ ადმინისტრაციის უფროსს უნდა მივმართოთ. ამ სამსახურის უფროსი კი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირია და არა პრესასთან და მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტი.
გუბერნიის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული უფროსი, ისაკი ლომთათიძე კითხვაზე, _ ვინ ითავებს პრესასთან ურთიერთობას, გვპასუხობს, რომ როგორც ასეთი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გუბერნიაში არ არსებობს და ამის შესახებ ჩვენთვის არაერთხელ განუცხადებია თურმე.
ერთ მარტივ კითხვაზე: არის თუ არა ლელა თავართქილაძე შვებულებაში, _ პასუხის მისაღებად გუბერნიაში ოფიციალური წერილის შეტანა დაგვჭირდა.
ბოლოსდაბოლოს, გავარკვიეთ, რომ გურიის გუბერნატორის მოადგილეს ლელა თავართქილაძეს “მიეცა კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება 2012 წლის 03 სექტემბრიდან 30 კალენდარული დღის ოდენობით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის საფუძველზე”.
ვალერი ჩიტაიშვილის ერთერთი ყოფილი მოადგილის, ლაშა შაფაქიძის ადგილი, ჯერჯერობით, ვაკანტურია და მის ნაცვლად ჯერ არავინ დაუნიშნავთ.
რაც შეეხება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს, იქ “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი გოგუაძის შტაბს საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე ხელმძღვანელობს. ეს ინფორმაცია რევაზ ჩიტიძემ დაადასტურა “გურია ნიუსთან” საუბრისას. მისი თქმით, ისიც შვებულებაში იმყოფება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მანანა ჯინჯარაძის შტაბს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა იმედაშვილი ხელმძღვანელობს. “ეს ინფორმაცია მანანა ჯინჭარაძემ “გურია ნიუსთან” დაადასტურა.
შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა იმედაშვილიც კუთვნილი შვებულებით სარგებლობს.
ასე რომ, აწი ჩვენ, ჟურნალისტები თუ შევივლით ხოლმე გუბერნიაში, თორემ თანამშრომლების გამოჩენის, არჩევნების დასრულებამდე, რა მოგახსენოთ…