საიას მიერ მოკვლეული ინფორმაციით, თვითმმართველობების ვებ-გვერდები აქტიურად აშუქებენ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების წარდგენის პარტიულ ღონისძიებებსა თუ ისეთ სააგიტაციო შეხვედრებს, სადაც ოპონენტების საწინააღმდეგო მოწოდებები უხვადაა გამოყენებული.
„ხშირ შემთხვევაში, შესაბამის ინფორმაციასთან ერთად, ვებ-გვერდებზე განთავსებულია მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების სურათები. ცალკეულ შემთხვევაში გამოქვეყნებულია საარჩევნო სუბიექტის ნომერი „5“-ის, საარჩევნო პროგრამის, კანდიდატის სახელისა და გვარის შემცველი საარჩევნო ბანერის ამსახველი ფოტომასალა. ასევე, ცალკეულ შემთხვევაში თვითმმართველობების ვებ-გვერდების მეშვეობით ხორციელდება მთავარი ოპოზიციური გაერთიანების საწინააღმდეგო აგიტაცია. ჩვენს მიერ ჯამში 14 თვითმმართველობის ვებ-გვერდი იქნა გამოვლენილი, სადაც განთავსებული მასალა ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობების ვებ-გვერდებზე მხოლოდ მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაციას აქვს ადგილი და არც ერთ შემთხვევაში არ ხდება ოპოზიციური პარტიების პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიება,“ _ ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზემოაღწერილი კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკის თვალსაჩინოდ დემონსტრირებისათვის მოყვანილია რამდენიმე მაგალითი.
• სამტრედიის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში (http://samtredia.com.ge/index.php?p=news_index/9_10/004) უხვადაა გამოყენებული პარტიული ღონისძიების ამსახველი ფოტოები, სადაც კარგად ჩანს სააგიტაციო მაისურში ჩაცმული მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი, მერაბ ჯანელიძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბანერი. ბანერში მოკლედაა ასახული საარჩევნო პროგრამა, გამოსახულია კანდიდატი და საარჩევნო ნომერი „5“. პრესრელიზში კანდიდატი მოხსენიებულია „სამტრედიელებისათვის საკმაოდ ნაცნობ“ პიროვნებად;
• ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე (tp://www.zugdidicity.ge/) გამოქვეყნებული ინფორმაციაც მმართველი პარტიის კანდიდატის წარდგენას ეხება. პრესრელიზი მმართველი პარტისადმი პოზიტიურად განწყობილი ტონით აღწერს სააგიტაციო შეხვედრის მიმდინარეობას. კერძოდ, აქ მითითებულია:
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობასთან განაცხადა რომ როლანდ ახალაია არის პიროვნება რომელიც ერთგულად ემსახურება თავის ქვეყანას და მის სახელთან არის დაკავშირებული ყველა ის სასიკეთო ცვლილებები რაც ბოლო პერიოდის საქართველოში განხორციელდა.
ნარაზენში ადგილობრივ მოსახლეობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმაც გააკეთა განცხადება და მოსახლეობას დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა. როლანდ ახალაიას განცხადებით ფრაზა „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“ არასდროს გაიცვითება. რაც შეეხება მთავრობის პროგრამას „მეტი სარგებელი ხალხს“, როლანდ ახალაიას განცხადებით, იგი ეცდება გამარჯვების შემთხვევაში ამ პროგრამამ თითოეულ ოჯახში შეაღწიოს. შეხვედრითა და ზუგდიდის მაჯორიტარობის კანდიდატის დასახელებით ნარაზენის მოსახლეობა კმაყოფილი დარჩა. მათი თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგია აბსოლუტურად მისაღები და მოსაწონია.“
• ბოლნისის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე ( http://www.bolnisi.ge/#!lang/ka/cat/news/topic/212) გამოქვეყნებული მასალის სათაური საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ღირებულება მხოლოდ პარტიული საქმიანობის წამოჩენის კუთხით გააჩნია. სათაურის მიხედვით: „მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ნაყოფია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბოლნისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.“
• ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე (www.myakhmeta.ge) გამოქვეყნებული მრავლობითი ინფორმაციის მეშვეობით შეუფარავად ხორციელდება მთავარი ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აგიტაცია და ამავდროულად, მმართველი პარტიის მიმართ პოლიტიკური სიმპათიების გახატვას აქვს ადგილი. ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზები შემდეგნაირადაა დასათაურებული:
„მეოცნებეების პროვოკაცია“; „ნაციონალური მოძრაობის ახმეტის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს“; „ახმეტის „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი ბრიფინგი მიზნად ისახავდა საზოგადოების სიცრუეში შეყვანას“; „ქართული ოცნების“ საბჭოთა ნოსტალგია“…
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებებისა და საინფორმაციო მომსახურების გამოყენება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ქვემოთ მითითებული მუნიციპალიტეტების პასუხისმგებელი პირები არღვევენ საარჩევნო კოდექსის ამ მოთხოვნებს, რაც მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის, კერძოდ კი 2000 ლარიანი ჯარიმის დაკისრების საფუძველია. ამის პარალელურად, მიზანშეწონილია შესაბამისი პირებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული საქციელის ჩადენის გამო. საიას მოსაზრებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე მკვეთრად სააგიტაციო შინაარსის მასალის მრავალგზის გამოქვეყნების გამო უნდა დადგეს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
საია მიმართავს ცესკოს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ზემოაღნიშნული საქმის გარემოებები და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმები შესაბამისი პირების მიმართ. ასევე, მოვუწოდებთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიას, სრულყოფილად შეისწავლონ სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდები, ეფექტური ზედამხედველობა გაუწიონ საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები,“ – ნათქვამია განცხადებაში.