თბილისელების იმ ნაწილისთვის, რომლებსაც პრეზიდენტისთვის წერილის გადაცემა სურდათ, დაცვას კორიდორი ჰქონდა გაკეთებული. წინამძღვრიშვილის ქუჩის მცხოვრებლები, პრეზიდენტთან მიწისძვრისგან დაზიანებული და საცხოვრებლად უვარგისი სახლის შეკეთების სათხოვნელად იყვნენ მისულები. პრეზიდენტამდე წერილი ვერ მიიტანეს და ჩვენ გვთხოვეს, _ იქნებ ხმა მიაწვდინოთო. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს ვითარების გამოსწორების გარანტიას ვერ მივცემთ, მაგრამ მიცემულ პირობას პირნათლად ვასრულებთ. “გურია ნიუსი” წინამძღვრიშვილის #44 მაცხოვრებლებს გუშინ ესტუმრა. წინამძღვრიშვილის # 44 მცხოვრები ნელი სიბაშვილი, მარტოხელაა და სოციალურად დაუცველთა ფენას მიეკუთვნება. “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ ჩუღურეთის გამგეობაშიც იყო მისული და ანდრო ალავიძესთანაც, მაგრამ ჯერჯერობით, მის პრობლემას არავინ გამოხმაურებია. ის ხელისუფლებას საყრდენი კედლის გამაგრებას და სახურავის გადახურვას თხოვს.
“თუ კედელი არ გამაგრდა, ერთ დღეს, სახლი დაინგრევა და შიგ მოვყვები. მარტოხელა ვარ. არავინ მეხმარება. საკუთარი სახსრებით ამის შეკეთებას ვერ შევძლებ”- განაცხადა სიბაშვილმა.
ამავე სახლში ცხოვრობს დიანა სალუქვაძე, რომელიც ეპილეფსიით არის დაავადებული. აქვს ორსართულიანი სახლი, მაგრამ მეორე სართულის ჭერი და კედელი ერთმანეთს დაცილებულია და იქ ცხოვრება საშიშია.
“მუდმივად “დეპაკინი” და “ინოზეფი” მჭირდება. წამლის ყიდვა მიჭირს, ვთხოვ ჯანდაცვის სამსახურს, ვისაც შეუძლია დამეხმაროს,” – ამბობს სალუქვაძე.