სტატიის ავტორი ჯოშუა კუცერა იმოწმებს “გლობალ პოსტის” ჟურნალისტის ნიკოლას კლეიტონის სტატიას ლაფანყურში განვითარებული მოვლენების შესახებ და აცხადებს, რომ თუ ამ ვერსიას მივყვებით, მაშინ მოვლენები ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებულად განვითარდა. ავტორი ხაზს უსვამს პანკისის ხეობაში რადიკალ-ისლამისტების გავლენის გაძლიერებას, რასაც, ადგილობრივების მტკიცებით, პოლიცია მფარველობს.
“თუ პოლიცია გაიგებს, რომ მათ შესახებ ვლაპარაკობ, დამიჭერს; თუ ვაჰაბიტები გამიგებენ, უბრალოდ მომკლავენ”, _ აცხადებს ერთ-ერთ ადგილობრივი, რომლის ვინაობასაც ჟურნალისტი, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ასახელებს.
სოფელ დუისის მკვიდრი ვანო მარგოშვილი აცხადებს, რომ პარასკევს (31 აგვისტო) გაიგო მისი 22 წლის ძმიშვილის გარდაცვალების ამბავი, ხოლო დაღუპულების ოჯახებს ეს ამბავი ოფიციალურად კვირას ეცნობათ.
” ხელისუფლებამ ოჯახს კვირას შეატყობინა, რომ ასლანი უკვე დაკრძალული ჰყავდათ სოფლის სასაფლაოზე და რომ ოჯახს მხოლოდ ღამით შეეძლო საფლავის ნახვა. მარგოშვილების ოჯახს აუკრძალეს ხალხის დაკრძალვაზე შეკრება, გვამის ნახვა და მისი მომზადება მუსულმანური წესით,” _ ამბობს მოკლული ასლან მარგოშვილის ბიძა .
“ბევრი ადგილობრივი, ვინც ეჭვობს, რომ მათი ტელეფონები ისმინება, კოდურ საუბარზე გადავიდა. ჭორი და მართალი აქ ერთმანეთშია არეული _ ადგილობრივები ამბობენ რომ ძალიან განიცდიან რეგიონში რელიგიური ფუნდამენტალისტების გავლენის ზრდას,” _ წერს ჟურნალისტი სტატიაში.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ლოპოტას ტყეში მყოფთაგან ზოგმა გაქცევა მოახერხა და ისინი ოჯახს დაუკავშირდნენ.
“ბევრს სჯერა, რომ სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლება დათანხმდა, მიეცა ამ ჯგუფისთვის თავისუფალი გასასვლელი დაღესტნისკენ. ცეცხლის გახნა მოხდა მოულოდნელად, გაფრთხილების გარეშე ჯგუფთან მოლაპარაკების დროს. ასე სჯერა ბევრ ადგილობრივს და ამ მოსაზრებას იზიარებს ზოგიერთი ექსპერტი კავკასიის საკითხებში,” _ ნათქვამია სტატიაში.
ადგილობრივები შიშობენ, რომ ხელისუფლება ცოცხლადგადარჩენილებს დახოცავს, რათა მათ არ თქვან სიმართლე. “სპეცნაზი” დგას პანკისის მთებში და პატრულირებს ტყეებში. ისინი ცდილობენ გადარჩენილებს სახლში დაბრუნების საშუალება არ მისცენ”, _ ამბობენ ადგილობრივები.
რა მიზნები აქვს ხელისუფლებას? კლეიტონს მოჰყავს საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილის პოზიცია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამით სააკაშვილს სურდა ხაზი გაესვა, თუ როგორ ერევა რუსეთი საქართველოს საქმეებში არჩევნების წინ.
სააკაშვილის ძირითადმა მოწინააღმდეგე ბიძინა ივანიშვილმა კი განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ეს ოპერაცია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.
“ამ ტრაგედიის დროს დავინახეთ, რომ ხელისფლებისთვის ადამიანების სიცოცხლე არაფერს ნიშნავს. ქართველი ჯარისკაცები, ქისტები, საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ იქ. ეს არ არის ქართული ოცნება, ეს შეუძლებელია იყოს ქართული ოცნება,” _ განაცხადა ივანიშვილმა.
“ის, რაც ჩვენს ზუსტად ვიცით, არის ის, რომ ხელისუფლება თავხედურად ტყუოდა ოპერაციის პირველივე დღიდან, როდესაც განაცხადა, რომ ებრძოდა რუსეთიდან შემოსულ დივერსანტთა დაჯგუფებას. ხელისუფლება ტყუოდა მაშინაც, როდესაც განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები,” _ აცხადებს ივანიშვილი.
სააკაშვილი კი ამბობს, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა აღკვეთეს რუსეთის მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი პროვოკაცია, რაც საქართველოს საზღვარზე არეულობას ისახავდა მიზნად. სააკაშვილი ასევე აცხადებს, რომ ივანიშვილი რუსეთის მიერ ფინანსდება.
“რომელი ვერსიაა სწორი? თუ კლეიტონის წყარო სარწმუნოა, მაშინ გამოდის, რომ ოპერაციას პოლიტიკური მოტივი ჰქონდა. იმედი დავიტოვოთ, რომ მეტი ჟურნალისტი გააგრძელებს ამ საკითხის შესწავლას და იმის გარკვევას, თუ რა მოხდა რეალურად ლაფანყურში,” _ წერს ავტორი სტატიის დასასრულს.