როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, მირზა ხაბარელის ადვოკატები უკვე რამდენიმე საათია, ხაშურის სასამართლოსთან იმყოფებიან, სადაც ისინი ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ცდილობენ. თუმცა, უკვე რამდენიმე საათია, ამას ვერ ახერხებენ, რადგან სასამართლოში მანდატურის გარდა არავინაა.
ხაბარელის ადვოკატის, კოალიცია „ქართული ოცნების“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრის, გიორგი როსტომაშვილის განცხადებით: “მირზა ხაბარელი თითქოს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. რეალური მიზეზი კი ისაა, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერია. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია მის ოპოზიციონერობასთან.
„ჩვენ მოვამზადეთ სარჩელი, რათა შეგვეტანა ხაშურის სასამართლოში, რადგან ადმინისტრაციულ წარმოებაში წუთები და წამები გათვლილია. გასაჩივრებისთის 48 საათი გვაქვს, მივმართეთ ხაშურის რაიონულ სასამართლოს, სადაც უნდა ყოფილიყო ვინმე კომპეტენტური პირი, რომელიც ჩაიბარებდა სარჩელს. აღმოჩნდა, რომ ხაშურის სასამართლოში მხოლოდ მანდატურია, რომელმაც კარი გაგვიღო და გვითხრა _ აქ არავინ არის პასუხისმგებელი პირი.
საქმე განიხილა მოსამართლე მარიკა ჩიტიშვილმა, გიორგი გელაშვილის მდივნობით. ჩვენ დავუკავშირდით გელაშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ ესაუბრა მოსამართლეს, და ხვალ დილით, 10 საათისთვის შემოიტანეთ სარჩელიო. ნამდვილად ესაუბრა თუ არა, ეს არ ვიცი, მაფრამ ფაქტია, ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ჩვენ ვერ მოვახერხოთ ვადებში სარჩელის შეტანა. მთელი ღამე ვრეკავთ იუსტიციის სამინისტროს ცხელ ხაზზე, სადაც 24 საათის განმავლობაში უნდა პასუხობდნენ, მაგრამ არავინ პასუხობს,” _ განაცხადა გიორგი როსტომაშვილმა.