როგორც ადგილობრივები ამბობენ, სწორედ დღეს მოიტანეს და დაყარეს ხრეში გზის შეკეთების საბაბით, რათა დაბრკოლება შექმნოდა ჭანჭათიდან წამოსულ მანქანებს. ჭანჭათელები ოპოზიციის ლიდერის შეხვედრას მოგვიანებით შემოუერთდნენ.
აკეთელი გულიკო ჩიჩუა “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ აკეთის დეპუტატმა ლანჩხუთის საკრებულოში ზორბეგ ხუხუნაიშვილმა და აკეთის რწმუნებულის “მერამდენეღაც მოადგილემ” სოსო ბარამიძემ დააშინეს ადგილობრივი დავით კუჭუხიძის ოჯახი, რომლის ოთხ წევრსაც შეხვედრაზე დასწრების სურვილი ჰქონდა. გულიკო ჩიჩუა ამბობს, რომ ამ ფაქტის თვითმხილველია. ოჯახის ერთ-ერთი წევრი პატიმარია და სწორედ ამ თემით ცდილობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები მანიპულირებას. შედეგად, ოპოზიციის ლიდერთან შეხვედრაზე მისვლა კუჭუხიძეების ოჯახმა, შიშის გამო, ვერ გაბედა.
შეხვედრაზე ადგილობრივი და რაიონული ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან. მაგრამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, უკან დაბრუნებისას, “გურია ნიუსმა” დააფიქსირა საკრებულოს წევრის პაატა ფირცხალაიშვილის ავტომანქანა, რომელიც აკეთიდან ლანჩხუთში ბრუნდებოდა. მასში ფირცხალაიშვილთან ერთად იმყოფებოდა ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი და ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე უმრავლესობიდან, გოჩა ჯანაშია.