“გურია ნიუსის” არქივს შემორჩა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ექს-მინისტრის 2012 წლის 7 ივნისს გაკეთებული ეს განცხადებაც: “მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს არსად კენჭს არ ვიყრი. მაქვს უამრავი საქმე ქვეყანაში განსახორციელებელი!”
ამ სიტყვებიდან ძალიან მალე გადაწყდა, რომ რამაზ ნიკოლაიშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს ოზურგეთში იყრიდა. როგორც ჩანს, ფრაზა, რომელიც არასდროს ძველდება, ასე ჟღერს: “არასოდეს თქვა, არასოდეს…”
“ამაზე ბევრად უფრო რთული დღეებიც მქონია”, _ ამ სიტყვებით დაიწყო ინტერვიუს არაოფიციალური ნაწილი რამაზ ნიკოლაიშვილმა…
_ ბატონო რამაზ, რომელ პერიოდს გულისხმობთ, 2008 წელს ხომ არა?
_ კი. ძალიან რთული დღეები იყო, ვიყავი წინა ხაზზე და მიმაჩნია, რომ ჩემს ცხოვრებაში თუ ყოფილა რამე რთული, ერთ-ერთი ეგ პერიოდი იყო. ერთიანობის ხიფათი იყო, უამრავი ადამიანი წავიდა ამ ცხოვრებიდან და ეს ჩემს თვალწინ ხდებოდა. ყველა იმ 67 ადამიანის გასვენებაში მონაწილეობა პირადად მივიღე და თავისთავად, ეს იყო ადამიანური ტრაგედია ჩემთვის. იმიტომ ვარ მე აქ, რომ იგივე აღარ განმეორდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ის პერიოდი არ დაბრუნდეს.
_ რატომ გაქვთ ასეთი მძაფრი განცდა, რომ შეიძლება, იმ პერიოდს დავუბრუნდეთ?
_ იცით რა, მე არ მინდა ჩვენი საუბარი მაჟორიტარობის კანდიდატთან ამ ტიპის პოლიტიკური მიმართულებით წარიმართოს. თუ თქვენ გაინტერესებთ, მადლობელი ვიქნები თუ ვისაუბრებთ გურიის პრობლემებზე. რაც შეეხება საკითხებს, რომელზეც მე თქვენ კითხვას მისვამთ, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ჩემი ლიდერების და ჩემი გუნდის ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, და მე აბსოლუტურად ვეთანხმები მათ.
თავისთავად, აქვთ ადამიანებს უფლება, ჰქონდეთ შიში იმისა, რომ არ დაბრუნდეს ძველი დრო. პედაგოგებს შევხვდი და მქონდა საუბარი ამ თემებზე. დამერწმუნეთ, საზოგადოების დიდი ნაწილი ისე ფიქრობს, როგორც რამაზ ნიკოლაიშვილი და საქართველოს მთავრობა. ასეთი ხედვები აქვთ. თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ ისეთი აზრი როგორიც გაქვთ თქვენ.
დარწმუნებული ვარ ჩვენი საუბრის შემდეგ მოგეცემათ საშუალება სწორი არჩევანი გააკეთოთ და მე აგიხსნით, რატომ!
_ დარწმუნებული ხართ? კარგია, მაჟორიტარობის კანდიდატი თავდაჯერებული რომ არის, მაგრამ ასე ძალიანაც რატომ ხართ დარწმუნებული?
_ არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი კონკურენტები გამოცდილები არიან ურთიერთობაში. ბევრად უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, რომ კონკურენტები, რომლებიც არიან მეორე მხარეს, ნამდვილად არ ვიცი მათი გვარი და სახელები, მზად იყვნენ ოპონირებისთვის. სადაც უნდათ, იქ შევხვდები მათ. მე ახლავე ვაცხადებ თანხმობას, რომ ნებისმიერ დებატში, ნებისმიერ ადგილას. თუ გინდათ, “გურია ნიუსის” ოფისში, შევხვდე მათ.
_ ანუ “გურია ნიუსის” ოფისში? შევთანხმდით?
_ შევთანხმდით. თქვენ რა, გგონიათ, რამაზ ნიკოლაიშვილი… თუ მედიაცენტრი შეთანხმდება, მარტო ჩვენ ხომ არ ვართ. მე გეუბნებით, რომ ახლავე მზად ვარ წამოგყვეთ, სადაც გნებავთ. რა, ეჭვი გეპარებათ ჩემში?! აბა, რა არის?!
მოკლედ, ჩემი წინადადება არის რომ, შემიძლია ნებისმიერ ადამიანს, მნიშვნელობა არ აქვს რომელ მხარესაც არ უნდა წარმოადგენდეს, რომელიც მოწადინებულია გურიისთვის რაღაც გააკეთოს, თუ მას სურვილი გააჩნია, ოპონირება გავუწიო. ოღონდ თავისთავად, ლანძღვის და შეურაცხყოფის გარეშე. სამწუხაროდ, ეს მათ წესად აქციეს, რაც მათ ღირსებებზე არ საუბრობს. დამერწმუნეთ, მე მაქვს ჩემი ბეგრაუნდი, ცხოვრების წესი. ზუსტად ჩემი ცხოვრების წესი მეუბნება და მაძლევს უფლებას, რომ ვთქვა და ზუსტად ვიცი ის პრობლემები, რომელიც დღეს გურიას გააჩნია. ბოლო პერიოდში, რაც სოფლებში დავდივარ, დავრწმუნდი, რომ მე აბსოლუტურად სწორად ვფლობ სიტუაციას, რა ხდება გურიის სოფლებში. თქვენ იცით, რომ მე ვიყავი ამქვეყნად ყველაზე დიდი სამინისტროს მინისტრი…
_ და თქვენი საყვარელი ფრაზა იყო: “მე მინისტრი ვარ!”, რაში გჭირდებოდათ ამის მუდმივად აფიშირება?
_ კი, ბატონო, ვამბობდი, რომ “მე მინისტრი ვარ.” იცით რატომ? თქვენ ხშირად გქონდათ კითხვა, რატომ ვიყავი გურიაში. მე ვხსნიდი, რომ ვარ მინისტრი რეგიონალური განვითარების და ეს პოსტი მაძლევდა საშუალებას, მქონოდა ურთიერთობა ნებისმიერ ადამიანთან გამეგო პრობლემატიკა. მე კიდევ ერთხელ ვსაუბრობ, რომ კარგად ვიცი ეს პრობლემები. ამის ახსნა მინდა…
_ ახლა მაჟორიტარობის კანდიდატი ხართ და რატომ გგონიათ, რომ სხვა კანდიდატებთან შედარებით რამე უპირატესობა გაქვთ?
_ იმიტომ, რომ ვარ რამაზ ნიკოლაიშვილი. კაცი, რომელმაც საკმაოდ რთული ცხოვრების წესით იცხოვრა და მიაჩნია, რომ თავის გუნდთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში მიიღო მონაწილეობა და ეს პროექტები დასრულდა წარმატებით. ადამიანმა ყოველთვის უნდა გამოსცადოს თავისი თავი. დამერწმუნეთ, ზუსტად ვიცი, რომ 3-ჯერ მეტ ხმას დავაგროვებ 2,5-ზე მეტს მაინც.
ჩემი კონკურენტი არის პრობლემები, მე მათი მოგვარებით უნდა დავკავდე და არა იმით, რომ პასუხი გავცე კაცს, რომელიც რაღაც შეურაცხყოფას მომაყენებს, გურიაში ერთი ხე არ აქვს დარგული, არაფერი გაუკეთებია. მხოლოდ 20 დღით ადრე ჩამოდიან და ახლა არკვევენ, როგორ უნდა მოვიდნენ 20 დღეში პარლამენტში. ადამიანი 20 დღით ადრე არ უნდა ემზადებოდეს პარლამენტარობისთვის და ხალხის რჩეულობისთვის. უფლება უნდა ჰქონდეთ გურულებს ესაუბროს. მითხარით ის ადამიანი, თქვენ ჩემზე კარგად იცით…
_ თქვენ ახლა ზვიად კვაჭანტირაძეზე საუბრობთ?
_ არ ვიცი, ვინ არის კვაჭანტირაძე და არც მაინტერესებს. რომელ პარტიას წარმოადგენს?
_ რომელ პარტიას წარმოადგენს? “ქართულ ოცნებას” და არც ისე უმნიშვნელო ფიგურა იყო, რომ არ იცოდეთ. კონსული იყო.
_ მე კი არ ვაკნინებ იმ ადამიანის მდგომარეობას საზოგადოებაში, პირიქით, პატივს ვცემ ყველა ელჩს და კონსულს, მაგრამ გურია არ იცნობს მას. არ არის ცნობადი ადამიანი. თუ არის ცნობადი, მხოლოდ იმიტომ, რომ ბატონ ივანიშვილს წარმოადგენს. თუ ოცნების კანდიდატზე საუბრობთ, მე საიტიც ვნახე მისი, მაინტერესებდა. სულ აქვს 231 ლაიქი და მე მაქვს 3000-ზე მეტი. მე კი არ ვედრები, მე გიხსნით, რომ მთავარია, გურიაში იყოს მაჟორიტარობის ის კანდიდატი, რომელიც მზად არის, იცხოვროს გურულების წესით და უამრავი პრობლემით, რომელიც ჯერ კიდევ რჩება არა მარტო გურიაში, არამედ, მთელ საქართველოში.
_ ბატონო რამაზ, თქვენ ხომ არ გინდოდათ მაჟორიტარობა?
_ თქვენ თვლით, რომ მე ასეთი მარტივი ადამიანი ვარ და რომ არ მდომებოდა, გავაკეთებდი ამას?! და თქვენ თვლით, რომ ასე ადვილია რამაზ ნიკოლაიშვილს აზრი შეუცვალო?! რამაზ ნიკოლაიშვილმა იცოდა, რა გააკეთა დღევანდელ დღემდე და იცის, რას გააკეთებს ხვალ. თქვენ თვითონ ნახავთ კარგად, 1 ოქტომბერს რაც მოხდება. მე ძალიან გთხოვთ, იყავით ობიექტურები და ჩემი ხმები დაიცავით, რა…
_ თქვენი ხმები დავიცვათ? დავიცავთ, მაგრამ ვისგან ან რისგან?
_ მე რომ შეურაცხყოფას მაყენებენ, რაღაც ნიჰილისტური განწყობები რომ არის, რატომ? რატომ გგონიათ, რომ… მე მძიმე რეჟიმით ვიმუშავე და ვფიქრობ, რომ არ ვარ ცუდი ჩინოვნიკი. სერიოზული გამოცდილება შევიძინე როგორც ჩინოვნიკმა. მე ვიცი და მქონდა ურთიერთობა საკანონმდებლო ორგანოში. თქვენ იცით ჩემი ანგარიში საკანონმდებლო ორგანოში, არცერთ ოპოზიციურ პარტიას კითხვა არ დაუსვამს. როცა ვიქნები მაჟორიტარი დეპუტატი ოზურგეთის რაიონიდან და აუცილებლად ვიქნები, თქვენც გირჩევთ, მომცეთ ხმა, იმიტომ რომ, დამერწმუნეთ, ბევრად უფრო ადვილად დავალაგებ საკითხებს პარლამენტში მე, ვიდრე სხვა კანდიდატი.
მე და კვაჭანტირაძეს ერთნაირი პოზიციები არ გვაქვს. გესმის, ამის ახსნა მინდა, თორემ, პიროვნულად შეიძლება ჩემზე უფრო სასიამოვო, კარგი ადამიანია, კაცთმოყვარეა; მაგრამ ბეგრაუნდი არის ბეგრაუნდი, ცხოვრების წესი არის ცხოვრების წესი. მე ვიყავი ყველაზე დიდი სამინისტროს მინისტრი, ის იყო კონსული, თქვენ ჟურნალისტი ხართ…
_ ტყუილად არ მიკითხავს თქვენთვის, გინდოდათ თუ არა მაჟორიტარობა; როცა მიხეილ მაჭავარიანთან ერთად იყავით ოზურგეთში ჩამოსული, “გურია ნიუსს” განუცხადეთ: “მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს არსად კენჭს არ ვიყრი. მაქვს უამრავი საქმე ქვეყანაში განსახორციელებელი!”
_ დიახ, მე გითხარით, _ არა-მეთქი, იმიტომ, რომ არ ვაპირებდი. მინდა, კიდევ ერთხელ აგიხსნათ მოტივაცია: მას შემდეგ, რაც მე კატეგორიული უარი გითხარით და მაშინ ამაზე არც ვფიქრობდი, აბსოლუტურად კარგად გავერკვიე სიტუაციაში.
ვიფიქრე, რომ უნდა წავსულიყავი იქ, სადაც მქონდა სერიოზული ბეგრაუნდი, სადაც იყო იმის ხიფათი, რომ ვიღაც ძალებს ფულით, მანიპულაციების მეშვეობით, შესაძლებელია კანონის დარღვევითაც, მცდელობა ჰქონოდათ მოსულიყვნენ მთავრობაში. ყველა მომეხმარა, რომ შანსი არ მიმეცა… მათ პარტიაში კარგად იციან, რომ შანსი აქვთ ნული ოზურგეთში. მაგრამ, მე ეგ არ მიხარია. თქვენ მაგას ვერ ხვდებით. მე ვამბობ, რომ უფრო მობილიზებული ვიქნებოდი ღირსეული და ძლიერი კონკურენტები რომ მყოლოდა…
_ კარგით, გადავიდეთ გურიის განვითარებაზე, გურიას ინვესტორების მოზიდვის რა პოტენციალი აქვს და საერთოდ, არიან აქ ინვესტორები?
_ თქვენ უნდა იცოდეთ ეგ, თქვენ ხართ პრესა და ჩემზე კარგად უნდა იცოდეთ. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, მე ჩემს აზრს მოგახსენებთ.
_ სანამ თქვენს აზრს მომახსენებთ, გეტყვით, რომ საქმის კურსში აუცილებლად ვიქნებოდით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ინფორმაციები რომ მოეწოდებინა მშენებლობებთან დაკავშირებით. 4 თვეა, ვერ მოიცალეს. თქვენ ხომ აქ ყველა მშენებლობის საქმის კურსში ხართ?
_ თითქმის კი.
_ რომელმა კომპანიამ ააშენა და რა დაჯდა თეატრალურ მოედანზე იმ ცნობილი სახლის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რომელსაც თქვენ ხშირად ათვალიერებდით?
_ ახლა ბოდიში, ეს ტექნიკური საკითხია და იმდენი პროექტი მებარა, რომ ნამდვილად არ მახსოვს ცალკეული შემთხვევები. რაც შეეხება ინვესტიციებს, ძირითადად, გურიაში ინვესტიციას ახორციელებს სახელმწიფო. ამ შემთხვევაში, ყველაზე დიდი ინვესტორი გურიაში საქართველოს სახელმწიფოა. მე ვკურირებ იმ ობიექტებს, რომელიც არის გლობალურად მნიშვნელოვანი, ეს არის ბახმარო, ურეკი… ამ წლის ბოლოს დაიწყება აეროპორტის მშენებლობა, რომელიც ასეული მილიონი ღირს. პროექტირება მიდის სამკურნალო კომბინატის, ასევე ბახმაროში განახორციელა ინვესტიცია სახელმწიფომ; ეს ინფორმაცია იქედან მაქვს, როცა მინისტრი ვიყავი, რომ იცოდეთ რა. რამდენიმე ინვესტორმა გამოთქვა სურვილი სასტუმროს აშენების… ამიტომ, როგორ შეიძლება, ერთ რაღაც კონკრეტულ მშენებლობებზე მინისტრს დაუსვათ კითხვა?
_ “მინისტრს დავუსვა კითხვა”, რას ნიშნავს? თავი ისევ მინისტრი გგონიათ?
_ ყოფილ მინისტრს. თუ მაგაზე გამომეკიდებით… გგონიათ, რომ მინისტრი ვარ ისევ?
_ მე არ მგონია, თქვენ?
_ იურიდიულად, როგორ შეიძლება, მინისტრი იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი? მე გავაკეთე ამის შესახებ განცხადება ჩემს ფეისბუქზე. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩემისთანა მომზადებული კანდიდატი ოზურგეთს არ ჰყოლია, არცერთი.
_ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გურულებს დაუბარა, “რამაზს მიმიხედეთო,” თქვენ ბახვში განაცხადეთ, “და აი, მიშაც მოფრინდაო”, ასეთი ფამილარული ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან?
_ ჩემი გუნდის ლიდერია და მას ბავშვებიც მიშას ეძახიან. ჯიგრულად დაიბარა, მიმიხედეთო და მერე, მომხედეთ თქვენ მე? შეურაცხყოფას მაყენებენ, არ მიცავთ. რაღაც აბსურდებს საუბრობენ, თქვენ არ წერთ სატატიებს…
_ მეორედ ამბობთ ამას და გვითხარით, ვისგან უნდა დაგიცვათ?
_ ხალხისგან, რომლებიც მოტივირებულები არიან, რომ შეურაცხყოფა მომაყენონ და ჩემს პირადულში ჩაერიონ.
_ თქვენ ისეთი თვითდაჯერებული საუბრობთ, მეგონა, აქეთ დაიცავდით მთელ გურიას…
_ არა, ვერ მიმიხვდით, რას ვამბობ. არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელსაც თქვენი ენა უფრო ესმით და ხიბლავთ. იმათ ინოვაცია არ აინტერესებთ, უფრო ფიარული მომენტები აინტერესებს. კიდევ ერთხელ გეუბნებით _ კაცი, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ, ჩემს გვარზე რომ საუბრობს, სასაცილოა.
აგერ, სურათებზეც ხედავთ, რა განწყობა აქვს გურულ ხალხს ჩვენი პრეზიდენტის მიმართ და ეს სერიოზულ სტიმულს მაძლევს. ახლა მას თუ ჩემს მიმართ სხვა განწყობა აქვს, ეს საქმის კეთების პროცესმა მოიტანა. ჩინოვნიკი, რომელიც 24 საათი მუშაობდა და ორიენტირებული იყო შედეგზე, თავისთავად, პრეზიდენტის არეალში ხვდებოდა.
…მე დღეს ვიყავი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან და იქ კითხვებს მისვამდნენ, როგორი ვიყავი სკოლაში, ვინ იყო ჩემი პირველი სიყვარული, მე ასე სიღრმისეულად ვერ შევალ და ვერ ავხსნი ყველაფერს, მაგრამ მე ვარ ჩინოვნიკი, ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ვფიქრობ, რომ კარგად.
_ ბატონო რამაზ, თქვენ აღარ ხართ ჩინოვნიკი და არც მინისტრი.
_ ვიყავი. მე გეუბნებით, როცა გავიცანი პრეზიდენტი. არ მაცლით აზრის დამთავრებას. თქვენ ფიქრობთ, ჩინოვნიკი ხალხის რჩეული არ არის აღმასრულებელ ხელისუფლებაში? ხელფასს იღებს ხალხის ფულიდან და დაქირავებულია.
_ ბევრად ნაკლები ხელფასი რომ გექნებათ, თუ პარლამენტში მოხვდებით, იცით ხომ?
_ არა უშავს, პრობლემა არ არის. მე უფრო ნაკლებიც მქონია. უფრო პატარა სახლშიც მიცხოვრია, გაჭირვებაშიც და “ხრუშოვკაში” გავიზარდე. თბილისში დავამთავრე 140-ე სკოლა.
_ სიტყვა გაჭირვება ახსენეთ და სოციალურ მდგომარეობაზე ვისაუბროთ, ბატონო რამაზ. გურიის სოფლებში, სადაც ჩვენ ხშირად დავდივართ, გაუსაძლისად ცხოვრობენ… როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები, რომლების პრობლემაც გუშინ და დღეს არ დაწყებულა, მაინც თქვენ მოგცემენ ხმას?
_ მე თქვენზე მეტ სოფელში ვარ ნამყოფი. მომცემენ თუ არა ხმას?! მე ამ პრობლემას გავეცანი ჩემი მინისტრობის პერიოდიდან. არ არის ყველაზე გაჭირვებული გურია. დილით ვთქვი ტელევიზიით, რომ არის პრობლემები მაგრამ იმიტომ ვარ აქ და აღმასრულებელი ხელისუფლება იმიტომ არის, რომ ეს პრობლემები დაალაგოს.
_ ეს ხელისუფლება არ იყო ამ რამდენიმე წლის წინაც?
_ მერე რა გინდათ ამით თქვათ? ისეთი გაჭირვებაა ისევ, როგორც გუშინ იყო? მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ვფლობთ ინფორმაციას, თუ რა არის პრობლემა, საიდან მოდის, რასთან კავშირშია. უმუშევრობა, სოფლის მეურნეობის საკითხები და ასე შემდეგ. გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა დალაგდეს. აქამდე რომ მივსულიყავით, ჩვენ გვჭირდებოდა სახელმწიფოს დალაგება, პოზიციების გამყარება, გზების დაგება, უსაფრთხოების დაცვა. დღეს, აბსოლუტურად გამართული პრაგმატული გეგმა აქვს საქართველოს მთავრობას, თუ როგორ გააგრძელოს პრობლემებთან ბრძოლა, რომელიც მომდევნო წლის შემდეგაც იქნება. ეს პრობლემები ქვეყნის თანდაყოლილი პროცესია და არასდროს არ სრულდება. მთავარია, იცოდეს ადამიანმა, როგორ მოაგვაროს ეს პრობლემა შემდგომში. გეთანხმებით, რომ ძალიან ბევრ სოფელშია მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები და არა მარტო გურიაში, არამედ, სხვა კუთხეებშიც.
_ რის მოგვარებაც მხოლოდ დასაქმებას შეუძლია და რაც ყველაზე დიდი და მოუგვარებელი პრობლემაა გურიაში. მარტო ერთი სოფლიდან 1500 ადამიანია თურქეთში სამუშაოდ, ჩაის საკრეფად წასული. აქ დარჩენილებს, 2 ტონა თხილის დატვირთვაში, 12 ლარს უხდიან, რაც ფაქტობრივად, ტრეფიკინგის ტოლფასია. სად დაასაქმებთ ამ ადამიანებს?
_ როდესაც სახელმწიფო ახორციელებს ინვესტიციას მშენებლობაზე, ყოველ ჩადებული საინვესტიციო ლარში ჩადებულია დამატებითი სამუშაო ადგილი. ბახმაროზე ვინ მუშაობს, როგორ ფიქრობთ? ეს გააკეთა სახელმწიფომ, ეს დოვლათი შექმნა. ბიუჯეტი დაახლოებით 60 მილიონი იყო და ამ 60 მილიონის უკან უამრავი პროექტი დგას. მარტო ოზურგეთში ხორციელდება 230 პატარა და დიდი პროექტი. თავისთავად, ამ პროექტს გურულები ახორციელებენ, აბა იმ გზებს რამაზ ნიკოლაიშვილი და თურქები ხომ არ აგებენ? სამწუხაროდ, ამ პროექტებმა ყველა ადამიანი ვერ დაასაქმა, თუმცა მე გიმეორებთ, სახელმწიფოს აქვს პერსპექტივა, დაასაქმოს კიდევ უფრო მეტი ადამიანი.
მე მახსენდება ზოგადად, 17 მილიონი იხარჯება ურეკში, წყალმომარაგებაზე, კანალიზაციაზე და ეს უკვე დაკონტრაქტებული პროექტებია.
_ გურიაში, სხვათაშორის, ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ დიდი თანხა აქვს ჩადებული 68 000 000 მილიონი ლარი 2006-2012 წლებში.
_ ჩადო? თქვენ იცით, რა ობიექტებში ჩადო?
_ დიახ, ვიცი, საჯარო ინფორმაციაა და გამოვითხოვეთ…
_ მითხარით, რაში?
_ პარკი “ციცინათელა” _ 60 259 621 ლარი დაუჯდა; სოფელ ნატანებში ნაგავსაყრელის გაკეთება _ 1 872 175 ლარი; ურეკის “ემერჯენსი” _ 1 665 871 ლარი; ურეკის კულტურის სახლი _ 1 503 961.65 ლარი; ურეკის მაგისტრალური გზის გარე განათების მოწყობა _ 890 098 ლარი; ნაგავსაყრელი სოფელ მერიასთან _ 750 071 ლარი; წყალწმინდის საშუალო სკოლა _ 573 421 ლარი; პოლიციის შენობა ურეკში _ 10 154 ლარი; ურეკის ზღვის სანაპიროს კეთილმოწყობა _ 25 298 ლარი; პლაჟის შემოღობვა მდინარე სუფსიდან მდინარე ნატანებამდე _ 292 150 ლარი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თეთრი პეპელას შეწამვლის დაფინანსება _ 329 021.75 ლარი; ურეკის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის მიწოდებული საწვავი _ 27 462.06 ლარი; ოზურგეთის დასუფთავების სამსახურზე გადარიცხული დახმარებები _ 330 000 ლარი. ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაზე სხვადასხვა მიზნებისთვის გადარიცხული თანხების ოდენობა 431 178.22 ლარს შეადგენს.
_ ეს, ჩემთვის, ცნობილი არ უნდა იყოს წესით, ეს ვერ აისახებოდა ბიუჯეტში და მე, როგორც ჩინოვნიკი, ვერ ვნახავდი. ჩემთვის არცერთი პროექტის შესახებ არ არის ცნობილი.
_ სხვათაშორის, თქვენ, ერთადერთი ჩინოვნიკი ბრძანდებოდით მაშინ გურიაში, რომელსაც ივანიშვილის ფონდისთვის დახმარება არ უთხოვია, მაგრამ ეს ამბები კარგად იცის გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა, რომელიც ახლა თქვენი საარჩევნო შტაბის უფროსია.
_ აბა რა გინდათ? რა კავშირში ვარ ახლა ივანიშვილთან? თქვენ, როგორც ჟურნალისტმა, რატომ მოიყვანეთ ეს მაგალითი? რაში გაინტერესებთ? რა გინდათ, ჩვენი საქმიანობა და ჩვენი გუნდი დააკნინოთ? თქვენ თქვით რომ 60 000 000 ღირს ციცინათელა. მე ეგ არ ვიცი. შეიძლება ღირს 30 000 000 და იქ ფული გაათეთრა ვიღაცამ. მე არ ვიცი. მე არ მინახია, თქვენ ხომ ნამუშევარი გაქვთ ამაზე და… მე მინდა გითხრათ, რომ როცა გუბერნატორი ვიყავი, არც მიმიმართავს, არც ვაპირებდი და არც მჭირდებოდა არავისზე მიმართვა, გარდა ჩემი მთავრობისა. თქვენ რომ მელაპარაკებით, შეიძლება, მაგ კაცმა ჭიათურაში რაღაც პინგვინი იყიდა და მე რა ვიცი?
_ ბატონო რამაზ, გურიისთვის გამოყოფილ თანხებზე საუბრობდით და თემას მოჰყვა ჩემი კითხვაც. ყველა კითხვის დასმის უფლება გვაქვს და თუ თქვენ არ მოგწონთ, ეს იმას არ ნიშნავს რომ არ დავსვამთ.
_ ვინ გითხრათ რომ არ მომწონს? მე ვთვლი, რომ ეს კითხვა არ არის საქმესთან კავშირში.
_ მე, უბრალოდ, შეგახსენეთ, რომ გურიის განვითარებისთვის, მარტო თქვენ არ გიზრუნიათ.
_ მე კი არ ჩამიდია, სახელმწიფომ ჩადო. ეგ არის ჩემთვის უცნობი და არ ვიცი, თქვენ რაც მოიყვანეთ ციფრები, რელისტურია თუ არა. ამიტომ გიპასუხებთ, რომ მე სერიოზული ეჭვი მეპარება თქვენი ტექსტის სიმართლეში.
_ ბატონო რამაზ, ამ ტექსტს თან ახლავს გამგეობაში გაფორმებული ხელშეკრულებები და ეს ძალიან კარგად იცის ყველა ჩინოვნიკმა.
_ რა ფორმატით აკეთებდა ამას? იმიტომ, რომ მთავრობაში მოსულიყო? ჰკითხეთ აბა, მაგრამ გაგიჭირდებათ მისვლა.
_ ნამდვილად გამიჭირდება მისვლა; ამიტომ, შეგიძლიათ ჰკითხოთ თქვენი საარჩევნო შტაბის უფროსს, ბატონ ვალერი ჩიტაიშვილს.
_ რა ინტერესი ჰქონდა, ამას რომ აკეთებდა? კიდევ ერთხელ გეკითხებით. გთხოვთ რა, დამინდეთ ცოტა, ასე არ გამოვა. ხელის გადაწევაზე ხომ არ გადავალთ? მეკითხებით და გპასუხობთ, არ ვიცი, ეჭვი მეპარება.
ერთი რამე მინდა იცოდეთ: სჯულისკანონში არის განსაზღვრული, ადამიანი ეკლესიას როგორ უნდა მოექცეს. თუ ქველმოქმედებას სჩადის, აღარ უნდა გააკეთოს სიები. თქვენ იცით, რამდენი რამე მაქვს გაკეთებული ჩემი ხელფასით? მე რომ ამაზე დავიწყო ახლა ლაპარაკი, მგონი ეს არის დამამცირებელი. არ უნდა გადაგვაყოლონ. თუU გააკეთა კაცმა სიკეთე, ღმერთმა ხელი მოუმართოს!
_ ხელისუფლებამაც არ უნდა გადააყოლოს თავისი მოქალაქეები იმას, თავს არ გვესხმიან ქუჩაში და ამიტომ ჩემი მადლიერი იყავითო…
_ ადეკვატურები ხომ უნდა ვიყოთ არა, ყველაფერთან მიმართებაში? ეს იყო გეგმა, თქვენ იყავით მომზადებული, რომ აქეთ წაგეყვანათ ეს საუბარი. ფურცლებით მოხვედით ჩემგან განსხვავებით და გინდოდათ ეს კითხვა დაგესვათ. საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს და მზად ვარ, თქვენთან საუბარი თქვენთვის მისაღებ ფორმატში გავაგრძელო. თუმცა მე მინდა უფრო მეტი გაიგოთ ჩემი აზრები იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩემი სამშობლო და გურია ჰქვია. და როგორ ვაპირებ ამის გადაწყვეტას. თქვენ ახლა მელაპარაკებით ადამიანზე, რომელიც არანაირად არ არის კავშირში იმ საკითხთან, რომელზეც მე ვსაუბრობ ახლა. მკითხეთ რამე სხვაზე მაშინ.
_ არ არის პრობლემა; გურიის აღორძინების ფონდზე გკითხავთ.
_ ამაზე არ დავამთავროთ საუბარი?
_ თქვენ არ მთხოვეთ, სხვა რამეზე ვისაუბროთო?
_ ამაზე დავამთავრებ. მოკლედ, მე არ ვიცი, რაზე მესაუბრებით, თუ ამ ადამიანმა ქველმოქმედებით ეს გააკეთა, ძალიან კარგია. ღმერთმა ხელი მოუმართოს და არ მიმაჩნია, რომ უნდა ვიცოდე მე. თუ გააკეთა, ძალიან მაგარია და მნიშვნელოვანია. თუმცა, კიდევ გეუბნებით, რჯულიც განსაზღვრავს მართლმადიდებელის ქცევის წესს, როგორ მოიქცეს და ქველმოქმედება როგორ გააკეთოს.
თქვენ აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ სახელმწიფომ არაფერი არ უნდა დაამადლოს მოქალაქეს. რა სისულელეა, თქვენ მეკითხებოდით და მე მხოლოდ ამიტომ გპასუხობდით ასე, თორემ რომ არ გეკითხათ, მე არაფერს არ ვიტყოდი. მე მოტივირებული ვარ, იმაზე კი არ ვისაუბრო, რასაც მინისტრობის პერიოდში ვაკეთებდი, არამედ იმაზე, რის გაკეთებასაც მას შემდეგ შევეცდები, როცა გურულები ამირჩევენ.
_ გურიის აღორძინების ფონდზე მინდა გკითხოთ; 2011 წლის დეკემბრის თვეში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეიქმნებოდა “გურიის აღორძინების ფონდი”, რომელსაც თქვენ უხელმძღვანელებდით. რა ხდება ამ ფონდში, რა პროექტებს ახორციელებს და რას საქმიანობს დეკემბრის თვიდან დღემდე?
_ თქვენ სიტყვა ფონდთან დაკავშირებით, გაქვთ საკმაოდ სპეციფიური განწყობა. ფონდი არამარტო ინვესტიციებს გულისხმობს, რომელიც შეიძლება განხორციელდეს რომელიმე მოქალაქისგან, ფონდი თავისთავში გულისხმობს ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის იმასაც, რასაც ჰქვია სახელმწიფო ინვესტიციები. ის ობიექტები, რომლებიც აშენდა, შენდება, და აშენდება შემდგომში, დაფინანსებულია საქართველოს ბიუჯეტიდან. სწორედ ამაზე იყო საუბარი და თქვენ, ეტყობა, კარგად ვერ გაიგეთ. დანარჩენ ტექნიკურ საკითხებზე თუ გნებავთ, უფრო კომპეტენტური პასუხი მიიღოთ და ეს პასუხი გაიაროთ იურისტებთან, უნდა მომწეროთ და მე მზად ვიქნები, რომ… მე კი არა, სამინისტრო მოგცემთ უფრო კომპეტენტურ პასუხს. ეს არის პირობითი ხედვა, რომლითაც თქვენ უყურებთ ამ საკითხს. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ ბიუჯეტიდან დააფინანსა კონკრეტული პროექტები, ეს არის ბახმარო, ურეკი, სტადიონი და ა.შ, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
_ იმედია, “გურია ნიუსში”, დებატების გამართვის თაობაზე მოცემული პირობა უკან არ მიგაქვთ.
_ იცით, ახლა უკვე ვიფიქრე, “გურია ნიუსში” ეს გავაკეთო, თუ _ არა. ვატყობ, თქვენს ბოლო კითხვებში ტენდენციები სხვა მიმართულებით წავიდა. აბსოლუტურად გულწრფელად გესაუბრებოდით, როგორც დამოუკიდებელი გურული ადამიანი და ბოლოს უკვე დავინახე, რომ ამ სიების ფრიალით ჩემსკენ…
_ მე სიები არ მიფრიალებია, დოკუმენტაცია წარმოგიდგინეთ და უფლება მაქვს, დავსვა ნებისმიერი კითხვა თქვენთანაც და ივანიშვილის მაჟორიტარებთანაც…. ვფიქრობ, ძალიან მოსაწყენი და უინტერესო იქნებოდა ჩვენი ინტერვიუ, თქვენთვის ის კითხვები რომ შემერჩია, რაც თქვენ გესიამოვნებოდათ, დარწმუნებული ვარ, ამის მოლოდინი არც თქვენ გქონდათ…
_ და თქვენ გგონიათ, რომ ეს კითხვა არ მესიამოვნა? პირიქით, ეს ლაპარაკობს იმაზე, რომ ძალიან სწორად მიჰყავდა რამაზ ნიკოლაიშვილს თავისი მმართველობის პერიოდში თავისი ქვეყანა და არავის არაფერს არ ემათხოვრებოდა. მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე იყო და ამით მიაღწია გურული ხალხის სიყვარულს.
მე თქვენთან ინტერვიუში ვიყავი გულწრფელი და მაქსიმალურად გულახდილად ვისაუბრე, რათა გაგეგოთ ჩემი ხედვა და შეძლებისდაგვარად დაგენახებინათ საზოგადოებისთვის. სხვა მოტივაცია, მერწმუნეთ, არ მქონია…
_ დიდი მადლობა ინტერვიუსა და გულახდილობისთვის!