“ქართული ოცნების” ქობულეთის ოფისის ხელმძღვანელი ანზორ თხილაიშვილი ამბობს, რომ გამგეობა ხელს უშლის სცენის დადგმაში.
“უსაფუძვლოდ ყოველგვარი კანონის დარღვევით გვეუბნებიან უარს სცენის დადგმაზე. კანონმდებლობით, როცა ნებისმიერი შეხვედრა არ ზღუდავს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, უფლება გვაქვს, გავმართოთ შეხვედრა. ახლა აქ ზედამხედველობის სამსახური არის მოსული. ჯერჯერობით შეფერხებულია, მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებთ სცენის დადგმას. კანონით ეს არ გვაქვს შეზღუდული,” – ამბობს ანზორ თხილაიშვილი.
ქობულეთის გამგეობის პრესსამსახურის მანონი შავიშვილი ამბობს, რომ გამგეობამ კოალიციის წევრებს ალტერნატიული ფართი შესთავაზა, თუმცა, მათ შეთავაზებული ადგილი არ ისურვეს.
“იმ ტერიტორიაზე, სადაც უნდათ დადგან სცენა, ცენტრალურ პარკში, შეუძლებელია სცენის დადგმა. ჩვენ მსგავს შეხვედრებისთვის ვიყენებთ აღმაშენებლის 730-ის მოპირდაპირე ტერიტორიას. ანუ უარი ჩვენ არ გვითქვამს. შევთავაზეთ ალტერნატივა. შევთავაზეთ მეორე ადგილი, რომელიც შეეფერება მათ მოთხოვნებს,” – ამბობს მანონი შავიშვილი.
“ქართული ოცნების” ლიდერი ქობულეთის მოსახლეობასთან შეხვედრას დღეს, 17:00 ზე, ქობულეთში, გამგეობის მოპირდაპირე მხარეს გამართავს.