მათი მოთხოვნით, მორიგი შეხვედრა ხვალ, 12:00 საათზე შედგება.
რეგიონული მედიის ასოციაციის თავჯდომარის, ია მამალაძის განცხადებით, ამ დადგენილების მიღება, რასაც ცსკო აპირებს, გარდა იმისა, რომ მედიის უფლებების შელახვაა, საბოლოოდ დაუკარგავს ცსკო-ს ნდობას საზოგადოების თვალში და ეს მათთვის ჰარაკირის ტოლფასი იქნება.
“ცსკო-ს დადგენილების ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს იმას, რომ საარჩევნო უბანში მხოლოდ ორ მედიასაშუალებას ექნება მუშაობის საშუალება, მაგალითად, მხოლოდ “რუსთავი 2”-ს და “იმედს”. გარდა ამისა, არათუ კენჭისყრის ოთახში, არამედ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეც კი აიკრძალება გადაღება, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე დაკვირვების უფლება არც ჟურნალისტებს მიეცემათ და არც დამკვირვებლებს. სწორედ ვიდეოკამერებით მუშაობაა იმის პრევენცია, რომ არჩევნების დღეს არ მოხდეს შედეგების გაყალბება. მოგეხსენებათ, ყველა ერიდება კამერაში დაფიქსირებას. ამიტომ, ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი, რომ არ მოხდეს ამ დადგენილების მიღება,” _ განაცხადა ია მამალაძემ.