ნანა კაკაბაძის თქმით, გოგა ხაინდრავას სახლთან უშიშროების რამდენიმე მანქანა მივიდა და ის ალყაში ჰყავთ მომწყვდეული.
გოგა ხაინდრავა მის შესაძლო დაპატიმრებაზე გუშინვე საუბრობდა და აცხადებდა, რომ ასეთ ქვეყანაში ცხოვრებას, ციხეში ყოფნა ურჩევნია.
“ჩემს შესაძლო დაკავებას არ გამოვრიცხავ. დამაკავოს თუ უნდა. ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც 14 წლის ბიჭებს აუპატიურებენ, ციხეში ჯდომა მირჩევნია. რომ მკითხავენ, შენ სად იყავი, ეს რომ ხდებოდაო, იმას მაინც ვიტყვი, რომ ციხეში ვიჯექი. იქნება, სიცოცხლეც არ ღირდეს. ეს ყველაფერი კი ჩაივლის, მაგრამ მერე მსოფლიოს რა პასუხი გავცეთ, ეს რა ჩავიდინეთ ქართველებმა?”
“ტუღუში სისტემის ნაწილია, ის ყველა იმ დანაშაულის თანამონაწილეა, რაც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი. მას კი არ უნდა ეწერა ანგარიშები, უნდა გადამდგარიყო, ქუჩაში გამოსულიყო და ეყვირა, რომ ხალხო, ჩვენს შვილებს აწამებენ და აუპატიურებენო. მაგრამ როდესაც სახალხო დამცველი პრეზიდენტთან ერთად ხვდება ახალ წელს მისივე ხარჯით, არაფერია გასაკვირი. თვით ის გადაწყვეტილება, რომ ამ პირობებში ის მინისტრობას დათანხმდა, ამტკიცებს, რომ ტუღუში სისტემის ნაწილია. ამ სისტემის ნაწილი და დანაშაულის თანამონაწილეები არიან ეკა ზღულაძე და ახლანდელი განათლების მინისტრი ხატია დეკანოიძე, რომლებიც ყოველთვის გვერდით ედგნენ მერაბიშვილს,” _ აცხადებდა გუშინ გოგა ხაინდრავა.