ამ გადაწყვეტილებას თავად ამირან ბაქანიძე აპროტესტებს და ამბობს, რომ მას არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია. “გურია ნიუსი” რამდენიმე წუთის წინ წერდა, რომ საქმის მასალების თანახმად, ბაქანიძემ მონაწილეობა მიიღო ნატანებში, 19 სექტემბერს გამართულ სოლიდარობის აქციაში. მის წინააღმდეგ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი თინათინ სარიშვილი გამოვიდა და განაცხადა, რომ ამით საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლი დაირღვა.
_ როგორ უნდა გავჩერებულიყავი სახლში, როდესაც ჩემი თანასოფლელები აპროტესტებდნენ იმ ბოროტებას და ნებისმიერ ადამიანისთვის მიუღებელ საქციელს, რაც საქართველოს ციხეებში ხდებოდა. ეს კადრები არის დასაგმობი. მე ვარ მოქალაქე, კაცი, ადამიანი და ახლაც ვაპროტესტებ მსგავს ქმედებებს, _ თქვა ბაქანიძემ ჩვენთან საუბრის დროს.
ამირან ბაქანიძეს უფლება აქვს, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, ხოლო დაკისრებული ჯარიმა 30 დღეში უნდა გადაიხადოს.
პროცესს ესწრებოდა კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, მარინე სუნგულია, რომელიც აცხადებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით, ამირან ბაქანიძეს არ ჰქონდა უფლება, როგორც კომისის წევრს, განცხადება გაეკეთებინა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ. მოსამართლემ უთხრა, თქვენ გააკეთეთ “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო განცხადებაო, ანუ მოსამართლემ დააფიქსირა, რომ ხელისუფლება და “ნაციონალური მოძრაობა” ერთი და იგივეა, რაც სინამდვლეში გამიჯნული უნდა იყოს და ესეც იკრძალება, _ თქვა მარინე სუნგულიამ.