როგორც მონიტორინგის დროს გაირკვა, დღის პირველ ნახევარში დაწესებულებაში შედარებით დაძაბული ვითარება იყო. მსჯავრდებულები მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ პროტესტს მიმდინარე მოვლენების მიმართ და მოითხოვდნენ N16 დაწესებულების ზოგიერთი თანამშრომლის დასჯას. ისინი ასევე მოითხოვდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრას.
„მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს გადასცეს 336 ინდივიდუალური საჩივარი და კოლექტიური ახსნა-განმარტება, რომელსაც ხელს აწერს 416 ადამიანი. ამასთან, სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ უკვე მონახულებულმა მსჯავრდებულებმა აღნიშნეს, რომ სხვა მსჯავრდებულებსაც სურთ, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მიაწოდონ ანალოგიური ახსნა-განმარტებები. სახალხო დამცველის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში განმეორებით ჩაატარებენ მონიტორინგს N16 დაწესებულებაში ამ მსჯავრდებულებთან შესახვედრად და ინფორმაციის მოსაპოვებლად. აღსანიშნავია, რომ ახსნა-განმარტების მიცემისა და საჩივრების გადმოცემის პროცესი განხორციელდა მშვიდობიანად და ორგანიზებულად. მსჯავრდებულებმა თავად უზრუნველყვეს ხელმოწერების შეგროვება და სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის გადაცემა“ _ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.