ინფორმაციას ამის შესახებ “გურია ნიუსთან” თავად პაატა მანჯგალაძე ადასტურებს. მისი თქმით, ეს შემოთავაზება მოულოდნელად მოხდა და ამის შესახებ თავად გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა შეატყობინა. შეგახსენებთ, რომ პაატა მანჯგალაძე ცესკო-ს სწავლების ცენტრის ტრენერი გახლდათ და ის 2012 წლის არჩევნებზე სწორედ გურიაში იყო მივლინებული.
პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მისი ვიცე-გუბერნატორობა დადებითად აისახება ხალხთან ურთიერთობაში.
_ ბატონო პაატა, რატომ დათანხმდით ამ შემოთავაზებას?
_ დავთანხმდი იმიტომ, რომ მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ მხარეს. გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა და სადაც გადაწყვეტილების მიღება შემეძლო, იქ წავედი.
_ რა იქნება თქვენი პრიორიტეტი და რა მიმართულებას უხელმძღვანელებთ?
_ ჩემი პრიორიტეტი იქნება ხალხთან ურთიერთობა. აქამდე, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, უფრო ნეიტრალური მხარე ვიყავი, ახლა მჭიდრო კონტაქტი მექნება ხალხთან და შემიძლია გითხრათ, რომ ეს დადებითად აისახება იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც მათ აწუხებთ. რაც შეეხება მიმართულებას, პროფესიით იურისტი ვარ, გამოცდილება მაქვს აუდიტის სფეროში და ვფიქრობ, სწორედ იურიდიული მხარე იქნება ჩემი მთავარი მიმართულება.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, პაატა მანჯგალაძე თავისი უფლებამოსილების შესრულებას ხვალიდანვე შეუდგება.