რამდენიმე დღეა კი ქობულეთის საავადმყოფოს ექიმები საავადმყოფოს მფლობელი სადაზღვევო კომპანიის “ალდაგი ბისიაი”-ს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან, რომლის მიხედვითაც საავადმყოფოს 34 თანამშრომელი, მათ შორის 11 ადმინისტრაციული პერსონალი გაათავისუფლეს. განთავისუფლება ძირითადად ექთნებსა და დაბალი რანგის თანამშრომლებს შეეხო. ექიმების განცხადებით ქობულეთის საავადმყოფო მოგებაზე მუშაობს და შესაბამისად, არსებობს საიმისო თანხა, რომ მოხდეს ხელფასების ზრდა. ბოლო რამდენიმე წელია ექიმებისა და ექთნების ძირითადი ნაწილი 80-100 ლარზე მუშაობს, საავადმყოფოში კი საშუალო ხელფასი 200-250 ლარია.
ქობულეთის საავადმყოფოს ექიმები მენეჯერად ეკა გორაძის დანიშვნასაც ეწინააღმდეგებიან. ექიმებმა საავადმყოფოს ტერიტორიაზე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი არ შეუშვეს. თავის მხრივ კი საავადმყოფოს მფლობელი კომპანიის წარმომადგენლები განთავისუფლებულ თანამშრომელთა სიის საინფორმაციო სტენდზე გაკვრას აპირებდნენ, თუმცა, სიტუაციის დაძაბვის შემდეგ, სიის გამოკვრა გადაიდო.
აჭარაში ყველა საავადმყოფო წინა ხელისუფლების დროს სიმბოლურ ფასად სადაზღვევო კომპანია “ალგადი ბისიაი”-ს შვილობილ კომპანია “უნიმედი აჭარა”-ს გადაეცა. საავადმყოფოს ექიმები მმართველი კომპანიით უკმაყოფილოები არიან და კომპანიის მიერ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.