30 ათასამდე ხელმომწერი, ახალ ხელისუფლებას სამი მოთხოვნის შესრულებისკენ მოუწოდებს. ესენია: 1. ელექტრონული მოწმობების ადმინისტრაციული იძულების შეწყვეტა და ალტერნატიული არაბიომეტრული უჩიპო საბუთების გაცემა მოქალაქეებზე, 2. კომუნისტური ათეიზმის პერიოდში ხელოვნების მუზეუმში მოხვედრილი ანჩისხატის დედნის, ისტორიის დაუმახინჯებლად თავის ტაძარში დაბრუნება, 3. საქართველოში და უცხოეთში განთავსებული ქართული სიწმიდეების და ძეგლების ეკლესიური პატივის აღდგენა; საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციული უპირატესობის რეალური აღიარება, თუნდაც ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება.
მართლმადიდებელთა კრებულის წევრები აცხადებენ, რომ ამ მოთხოვნებით წინა ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. “ეკლესიის დიდი ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, ყოფილმა მთავრობამ უხეშად შელახა მართლმადიდებელთა უფლებები, სხვადასხვა მიუღებელი გზებით ზეწოლა მოახდინა ეკლესიაზე და შეგნებული იგნორირება გაუკეთა არსებულ სამართლიან მოთხოვნებს,” _ აცხადებს მართლმადიდებელთა კრებულის ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი.
მართლმადიდებელთა კრებულის წევრები იმედოვნებენ, რომ ახალი მთავრობა მოქალაქეთა ამ მოთხოვნების შესრულებაზე იზრუნებს: “ახალმა ხელისუფლებამ ჩვენს მიერ წამოყენებული მოთხოვნების შესრულებაზე უკვე გამოხატა თავისი დადებითი პოზიცია, რაც ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილის და თეა წულუკიანის მიერ წარმოთქმული განცხადებებიდან ჩანს, როგორც ანჩისხატის თავის ტაძარში დაბრუნებაზე, ასევე ალტერნატიული უჩიპო მოწმობების თაობაზე… ამ მოთხოვნების შესრულება უმნიშვნელოვანესია და იმედი გვაქვს, რომ ახალი მთავრობა მის შესრულებაზე ზრუნვას დაიწყებს. ხატი თუ დატყვევებულია, უფლის შეწევას როგორ მიიღებ ადამიანი?! ეკლესია თუ შეურაცხყოფილია, ზნეობა როგორ უნდა მოსთხოვო ხალხს?!” _ განუცხადა “გურია ნიუსს” ზაზა ნანობაშვილმა.
უახლოეს დღეებში ამ თემებზე მართლმადიდებელთა კრებული, მათივე თქმით, კონფერენციას ჩაატარებს და კულტურულ ღონისძიებებს გამართავს, რომელზეც მთავრობის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორის წევრები იქნებიან მიწვეულნი.