პარასკეობით ადგილობრივი ისლამის აღმსარებელი მრევლი ლოცვას აღავლენს და რადგანაც ამ აღმსარებლობის სალოცავები გურიაში დაშორებულია, რელიგიურ რიტუალს სხვადასხვა სოფლებიდან და ქალაქებიდან ჩამოსულებიც უერთდებიან.
დღევანდელი მოვლენები ისე განვითარდა, რომ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ქრისტიანმა მოსახლეობამ, საკუთარი ინიციატივით, სოფლის ცენტრში, იმ ქუჩის დასაწყისში, სადაც მუსლიმთა სალოცავი სახლი მდებარეობს, ჯვარი აღმართა.
ნიგვზიანში დღეს იმყოფებოდნენ შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები, შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი საბა, აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მირიანი, სხვა სასულიერო პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.
მუსლიმთა ლოცვა მშვიდობიანად დასრულდა. როგორც მუსლიმი მოსახლეობა ამბობს, წინა პარასკევისგან განსხვავებით, დღეს მათთვის ლოცვაში ხელი არავის შეუშლია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დაძაბული ვითარება სრულად განმუხტული არ არის.
ქრისტიანი ქართველები ამბობენ, რომ ამ მოვლენებში მთავარ როლს თამაშობს უცხო ქვეყნის მოქალაქე, ანონიმი ბიზნესმენი, რომლის ვინაობასაც ვერავინ ასახელებს. მათი თქმით, სწორედ მან შეიძინა სალოცავის მოსაწყობად კერძო სახლი, გაარემონტა და კეთილმოაწყო ის. ამის საშუალება კი ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობას არ ჰქონდა. ნიგვზიანელების აზრით, “უცხო ქვეყნიდან შემოსული დიდი ფული თამაშობს გადამწყვეტ როლს ამ კონფლიქტის წარმოშობაში”.
ამ აზრს ისლამის აღმსარებელი მოსახლეობა კატეგორიულად არ ეთანხმება; იამზე კახაძე ამბობს, რომ ასეთი ბიზნესმენი ბუნებაში არ არსებობს: “ჩვენ შემოწირულობებით, რომლის ნაწილიც ჩვენვე გავიღეთ, მოვაწყვეთ პატარა სამლოცველო. ამ საქმეში არავითარი თურქი ბიზნესმენი არ დაგვხმარებია. ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ ისინი ვიღაცას შეცდომაში შეყავს. ამბობენ, რომ თითქოს ჩვენ გვინდა მეჩეთი ავაშენოთ ძირძველ ქართულ მიწაზე. კი მაგრამ ეს მიწა ხომ ყველა ქართველისაა? ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი თანაცხოვრება გვინდა ჩვენს მეზობლებთან, მაგრამ ჩვენს რწმენასაც პატივისცემით უნდა მოექცნენ”.
ნიგვზიანის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ნანა კვაჭაძე თანასოფლელებსაც და მედიასაც თხოვს, რომ თავი აარიდონ აგრესიული და გამაღიზიანებელი კომენტარების გავრცელებას. დღის სამი საათისთვის, ნიგვზიანის ცენტრში შეკრებილი ქრისტიანი მოსახლეობა, სასულიერო პირების თხოვნით, ნელ-ნელა დაიშალა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხალხი ძალიანა არის გაღიზიანებული მოვლენების ტენდენციურად გაშუქების გამო. მოსახლეობა ამაში რამდენიმე ტელეკომპანიას ადანაშაულებს. ისე წარმოაჩენენ, თითქოს, ჩვენ კაციჭამიები ვართ და ძალადობის მეტს არაფერს ჩავდივართ. ჩვენი პოზიცია და დამოკიდებულება არცერთ სიუჟეტში არ ჩანს. ისე აჩენენ, თითქოს, ჩვენ ლოცვას ვუშლიდეთ ვინმეს საკუთარ სახლში. ამიტომ ვართ ასე გაბრაზებულები, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ადგილობრივმა ავთო კვაჭაძემ.
ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის და ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს რამდენიმე ჯგუფიც. დღეს ნიგვზიანში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან.
“ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის განცხადებით,” ხვალ, ოზურგეთში, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში გაიმართება კონფერენცია, რომელზეც იმსჯელებენ სხვადასხვა რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობის აუცილებლობაზე საქართველოში”.
ჯვრის აღმართვა ნიგვზიანის ცენტრში
სახლი, სადაც მუსლიმთა სალოცავია განთავსებული