მრავალ პრობლემას შორის უპირველესი უმუშევრობაა; მოუგვარებელია გამრიცხველიანების საკითხი; მდინარე სუფსის კალაპოტი მოუწესრიგებელია, რის გამოც ხალხს ხელიდან ეცლება საყანე ფართობები _ მიწა წყალს მიაქვს, მოსავალთან ერთად!
ბაილეთის რწმუნებულის სპარტაკ მამულაიშვილის თქმით, სოფელში 480-მდე მიწათმოსარგებლე კომლია, პრივატიზირებულია 450 ჰექტარი მიწის სავარგული, სულ კი ფართობი შეადგენს 1 800 ჰექტარს.
ბაილეთის თემში სამი სოფელია: ჭანიეთური, ბაილეთი და ახალსოფელი.
საერთო კრების ოქმს, რომელიც 2011 წლის 18 მარტს ჩატარდა სოფელ ბაილეთში, 2011 წლის “სოფლის მხარდამჭერი პროგრამით” გასახორციელებელი პრიორიტეტების განსაზღვრისთვის, ხელს 25 კაცი აწერს, ახალსოფელში _ 21, ხოლო ჭანიეთურში _ 15 ადამიანი.
ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, სოფელ ბაილეთში, 2011 წელს, “სოფლის მხარდამჭერი პროგრამით” გასახორცილებელი სამუშაოების პრიორიტეტების განსაზღვრისთვის, სულ 29 809 ლარი გამოიყო და ბაილეთში შემავალ სამ სოფელში ასე გადანაწილდა: ბაილეთში _ 11 968 ლარი, ჭანიეთურში _ 4 949 ლარი, ახალსოფელში _ 13 178 ლარი.
სოფელ ბაილეთში 2011 წელს გამოყოფილი 11 968 ლარიდან, უნდა გაკეთებულიყო ახალი სპორტული მოედანი, რომლის მოწყობაც 11 968 ლარი დაჯდა.
სოფელ ჭანიეთურში 4 949 ლარიდან უნდა გაკეთებულიყო გზა, რომლის სარემონტოდ 2 973 ლარი დაიხარჯა, ხოლო წყალგაყვანილობის მილების შესასყიდად 2 000 ლარი გადაიხადეს.
ახალსოფელში გამოყოფილი 13 178 ლარი ასე გადაანაწილეს: საყანე ფართობების შესაღობად, მასალების შესყიდვისას დაიხარჯა 2 400 ლარი, საბავშვო ბაღის რემონტისთვის _ 6 270 ლარი, სასაფლაოს შესაღობად _ 600 ლარი.
ბაილეთის მცხოვრებლები “გურია ნიუსთან” იმ მძიმე სოციალური ფონის შესახებ საუბრობენ, რომელიც მეტ-ნაკლებად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელშია.
მათი განცხადებით, უპირველესი პრობლემა კვლავ დაუსაქმებლობაა. როგორც სოფელში ამბობენ, დიდი ხანია, ითხოვენ საყანე ფართობებთან ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას, თუმცა, როგორც თვითონ ამბობენ, ხელისუფლება მათ ამ პრობლემის დახმარებაში არ დაეხმარა: _ ამდენი წელია, ვითხოვთ დახმარებას, მაგრამ არაფერს აკეთებს _ ამბობენ, ძალიან დიდი თანხაა ამისთვის საჭიროო და ვართ ასე. ჩვენი ძირითადი შემოსავალი, თითქმის, წყალს მიაქვს. ასევე, გვაქვს შიდა გზების პრობლემა, _ აცხადებენ ისინი და ხელს ახალი ხელისუფლებისკენ იშვერენ, ისღა დაგვრჩენია, მაგათ იმედზე ვიყოთო.
ბაილეთში, როგორც თქვეს, ინდივიდუალური გამრიცხველიანება მალე მოწესრიგდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის რწმუნებული სპარტაკ მამულაიშვილი “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ თანხები “სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” ფარგლებში, სოფელში კომლთა მიხედვით გადანაწილდა.
_ ბატონო სპარტაკ, ბაილეთში სპორტული მოედნის მოწყობისთვის 11 968 დახარჯეთ. ეს სოფლის მცხოვრებთა მიერ დასახელებული პრიორიტეტი იყო?
_ კი, სპორტულ მოედანზე სამივე სოფლის ახალგაზრდები თამაშობენ. ეს თანხაც მოსახლეობასთან შეთანხმებით გადანაწილდა. საყანე ფართობების შესაღობად შევიძინეთ კბილიანი მავთულბადე, თუმცა, მოსახლეობამ თავად, ფიზიკური შრომით შეღობა. საბავშვო ბაღი გავარემონტეთ, შევცვალეთ ფანჯრები, იატაკი, გაკეთდა სველი წერტილები და მერე შევღობეთ. წყალმომარაგება ბაილეთს აქვს. წყალი გამოყვანილია ორ კილომეტრნახევრიდან. სადაც სათავე ნაგებობაა, იქ ჩააწყვეს წყლის მილები.
_ როგორც მოსახლეობა აცხადებს, ყოველ წელს კეთდება შიდა გზები, თუმცა, მაინც მოუწესრიგებელია.
_ ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ გზას, მაგრამ წვიმების შედეგად ირეცხება. კი, გზის თემა მართლაც გადაუჭრელია, მართალია, ტრასა ძალიან კარგია და რამდენიმე სოფელს ერთმანეთთან აკავშირებს, თუმცა, მოსახლეობას ასევე სჭირდება შიდა გზების რეაბილიტაცია. ყოველ წელს კეთდება, მაგრამ ცუდი რელიეფისა და ხშირი წვიმების გამო, შეუსრულებელი გეგონებათ. წვიმა და ღვარცოფი რეცხავს მდინარის ხრეშს, მაგრამ ესეც რომ არ გაკეთდეს, საერთოდ ვერ იმოძრავებს ტრანსპორტი. ძირითადად, ავარიულ ადგილებს ვარემონტებთ.
_ რა არის თქვენი სოფლის ძირითადი პრობლემა?
_ გადაუჭრელი პრობლემაა გამრიცხველიანება, რომელიც მართლაც უდიდეს თავსატეხს წარმოადგენს ჩვენი სოფლისთვის. 1961 წელს რომ ბოძები დაიდგა სოფელში, ისევ ის დგას და ხაზებიც იმ დროს არის შეძენილი. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში იქნება.
მოსახლეობა ასევე ითხოვს ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას, რომელსაც ძალიან დიდი თანხა სჭირდება. მდინარე სუფსაზე საყანე ფართობებისთვის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად სოფლისთვის გამოყოფილი 29 809 ლარი არ არის საკმარისი, ამიტომ, სოფლის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება. მოსახლეობა ითხოვს, ამის გაკეთებას, მაგრამ როცა მათთან ერთად გამოვიანგარიშეთ, გამოყოფილი თანხა ვერ შეასრულებდა მეათედ სამუშაოსაც კი. ამიტომ, როცა ამაში დარწმუნდნენ, სხვა სახის სამუშაოზე გადავანაწილეთ გამოყოფილი თანხა. მდინარე სუფსა 7 კილომეტრზე მიყვება ჩვენს საყანე ფართობებს, მოსახლეობას აზარალებს და რთული საკითხია.
ძალიან მძიმეა სოფლის სოციალური ფონი. ყველა კუთხეში ნაცნობი გაჭირვებაა, რადგან დაუსაქმებელია მცხოვრებთა უმეტესობა. 30 ოჯახი იღებს სოციალურად დაუცველის დახმარებას. გლეხებს თავის გატანა უჭირთ და უმეტესობა სამუშაოდ თურქეთშია გადახვეწილი.