საკრებულოს დღის წესრიგში ცვლილების ინიციატივა ფრაქცია “მაჟორიტარებს” ეკუთვნოდა. ფრაქცია რამდენიმე დღის წინ შეიქნა და მასში საკრებულოს ის დეპუტატები არიან გაწევრიანებულნი, რომლებმაც “ნაციონალური მოძრაობის” რიგები დატოვეს და დამოუკიდებელ მაჟორიტარებად განაგრძობენ საკრებულოში მოღვაწეობას. დღის წესრიგში ცვლილების კენჭისყრისას ხმები 9 9-ზე გაიყო, ერთ დეპუტატმა კი თავი შეიკავა, რის შემდეგაც საკითხის შესახებ კენჭისყრა მეორედ დააყენეს. საბოლოო ჯამში 10-ით 9-ის წინააღმდეგ საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. დღის წესრიგიდან მოხსნილ საკითხებში ძირითადად მერიის სხვადასხვა უწყებებში შტატების დამატებას ეხებოდა. ასევე, ერთ-ერთი საკითხი აჭარის განათლების ყოფილი მინისტრის გია აბულაძის “ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის” დირექტორად დანიშვნაც იყო.
საკრებულოს ოპოზიციის განცხადებით, შტატების გაზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში ხელოვნურად ხდება, რადგან აჭარის ყოფილი მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის დეპუტატთა და თანამშრომელთა ნაწილის დასაქმებას “ნაციონალური მოძრაობა” მერიაში ცდილობს: “უნდათ, რომ ისინი, ვინც უმუშევრები დარჩნენ, დაასაქმონ მერიაში და ამიტომ ხელოვნურად ზრდიან შტატებს, თუმცა, დღეს საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანა ვერ შეძლეს,” _ ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.
საკრებულომ დღეს მერიის 2012 წლის ცხრა თვის ანგარიში მოისმინა და 2013 წლის შესყიდვების გეგმა დაამტკიცა.