საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წევრია, განცხადებას სხდომის დღის წესრიგში დაყენების შესახებ თავადვე აწერს. მასთან ერთად განცხადებას ფრაქციის რვა დეპუტატიც აწერს ხელს: “უკანასკნელ პერიოდში, საკრებულოს შენობაში, თუ მის ფარგლებს გარეთ, ბევრი მითქმა-მოთქმა მიმდინარეობს საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი კირთაძის თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით, რაც გარკვეულად აფერხებს საკრებულოს და მისი აპარატის ნორმალურ ფუნქციონირებას. მიგვაჩნია, რომ საკითხზე კულუარული მსჯელობის ნაცვლად, უმჯობესი იქნება, აღნიშნულ საკითხზე ღიად და საჯაროდ საკრებულოს სხდომაზე მსჯელობა, რითაც საკრებულოს წევრები ბოლოს და ბოლოს მიიღებენ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, დამაკმაყოფილებელია თუ არა საკრებულოს თავმჯდომარის მუშაობა და იგი უნდა იყოს თუ არა კვლავ ამ თანამდებობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის _ გიორგი კირთაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დაისვას უახლოეს სხდომაზე”, _ აღნიშნულია ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაში.
საკრებულოს სხდომას ოპოზიცია არ დაესწრო, შესაბამისად კვორუმი ვერ შედგა და საკითხიც განუხილველად დარჩა.
“ქართული ოცნების” წევრი, კონსერვატორი მამული ჟღენტი ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობამ” ერთგვარ ხერხს მიმართა, რითაც თავმჯდომარისთვის თანამდებობაზე ყოფნის გახანგრძლივება უნდოდათ: “საკითხის დაყენებით საკრებულოს ოპოზიცია ვერ შეძლებდა ხმების საკმარისი ოდენობის მოგროვებას, რომ თავმჯდომარის იმპიჩმენტი დამდგარიყო. კანონმდებლობის მიხედვით, თუ კვორუმი შედგებოდა და თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დადებითად არ გადაწყდებოდა, სამი თვის მანძილზე იმპიჩმენტის საკითხს დღის წესრიგში ვეღარ დავაყენებდით. მაგრამ ეს გათვლა ჩაუვარდათ”, _ ამბობს მამული ჟღენტი.
გიორგი კირთაძის განცხადებით, საკრებულოს ოპოზიციას მიეცა შანსი, რომ თავმჯდომარე გადაეყენებინათ, თუმცა, ეს შანსი არ გამოიყენეს: “ჩემი თხოვნით, ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობამ” დღის წესრიგში დააყენა საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი. სამწუხაროდ, განხილვა არ შედგა. როგორც ჩანს, ისინი შეშინდნენ _ არ არიან მზად საკრებულოს თავმჯდომარის გადასაყენებლად,” _ განაცხადა გიორგი კირთაძემ.
საკრებულოს ოპოზიცია სხდომას არ დაესწრო და შედეგს დერეფანში დაელოდა. საკითხის განსახილველად საკრებულოს კვორუმისათვის 12 დეპუტატის დასწრება იყო აუცილებელი, თუმცა, სხდომას მხოლოდ 10 დეპუტატი დაესწრო, მათგან 9 “ნაციონალური მოძრაობის წევრი” და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი გენად თებიძე, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობის” რიგები რამდენიმე დღის წინ დატოვა.