ხაბაძე რაიონში არსებულ პრობლემებს გაეცნო და რაიონის გამგებელთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიც ესწრებოდა. გიორგი თავართქილაძემ გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებს ბიუჯეტის შედგენის რეკომენდაციები მისცა და სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში დახმარება აღუთქვა.
მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა განცხადებით, რაიონში ძირითადი პრობლემა ნაპირგამაგრებითი სამუშაოებია, რადგან ზღვა ყოველწლიურად იტაცებს პლაჟს და საჭიროა მისი ხელოვნურად შევსება.
“აქტიურად ვმუშაობდით სხვადასხვა სამსახურებთან. დღევანდელი შეხვედრა არის გაგრძელება იმისა, რაც გამგეობებთან დავგეგმეთ და ეს დღეებია ვმართავთ. ჩვენ გამგეობებთან ერთად ვისაუბრეთ, რა პრობლემებია და სამომავლოდ რა შეიძლება წარმოიქმნას. გვინდა, რომ 2013 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად გავითვალისწინოთ და იმ რესურსების გათვალისწინებით, რაც გვაქვს, გვინდა, რომ იყოს ამისკენ მიმართული. დღევანდელი დღეს სწორედ ამ საკითხებს ეხებოდა,” _ განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
ხაბაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. მისი თქმით, გადაწყვეტილებას ამის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობა იღებს და საკითხი გამგებლისა და საკრებულოს კომპეტენციაში შედის.
აჭარის პირველი პირი დღესვე გამგეობის შენობასთან შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა, მოგვიანებით კი, ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხანის ხელმძღვანელობას შეხვდა და დახურულ კარს მიღმა ციტრუსის გადამუშავებისა და რეალიზიაციის შესახებ ესაუბრა.