_ განაცხადეს ოქრუაშვილის ადვოკატებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელსაც საფრანგეთის მთავრობამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა, დღეს დილით დაბრუნდა სამშობლოში და რამდენადაც, მის მიმართ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, ოქრუაშვილი მაშინვე დააკავეს. ამჟამად ის გლდანის მერვე დაწესებულებაშია გადაყვანილი.
“იმის მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლო, ირაკლი ოქრუაშვილი დარჩება პატიმრობაში, რადგან მას მისჯილი აქვს 11 წელი. ის ამას აცნობიერებდა და იცოდა, რომ პატიმრობაში მოუწევდა ყოფნა, თუმცა, ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ მას სამართლიანი სასამართლოს იმედი გაუჩინა,” _ განაცხადა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ. ოქრუაშვილის ინტერესებს ამჟამად ორი ადვოკატი _ დავით კორკოტაშვილი და მამუკა ჭაბაშვილი იცავს, ზვიად კორძაძე კი, რომელიც ამ დრომდე სამოქალაქო სამართალში მოღვაწეობს, სისხლის სამართალში დაბრუნებას თვის ბოლოსთვის გეგმავს.
ოქრუაშვილის მიმართ აღძრული საქმე ოთხ ეპიზოდიანია _ 2008 წლის 28 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს ქრთამის აღების ფაქტზე (ჯეოსელის საქმე) დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ადვოკატების განმარტებით, ოქრუაშვილის ჩამოსვლა ამ განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების ერთადერთი სამართლებრივი საფუძველია. სააპელაციო საჩივარი ადვოკატებს უკვე მზად აქვთ და დღეს შეიტანენ სასამართლოში.
ირაკლი ოქრუაშვილის აღძრული კიდევ ერთი საქმე ფულის გათეთრებას ეხება და მას 2007 წლიდან ფინანსურ პოლიცია იძიებს. ადვოკატების განცხადებით, ისინი დღემდე არ იცნობენ ამ საქმეს და შესაბამისად, დეტალებზე საუბარი არ შეუძლიათ.
მორიგი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით არის აღძრული, ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრად მუშაობის პერიოდს უკავშირდება. ამ საქმეზე გამოძიება დასრულებულია, საქმე სასამართლოშია და კონკრეტულ მოსამართლესაც აწერია, თუმცა, მისი განხილვა მეოთხე წელია ჭიანურდება.
ბოლო ეპიზოდი ოქრუაშვილის მიერ უკანონო შეიარაღებული ჯგუფის ჩამოყალიბებას უკავშირდება. განსასჯელის სკამზე შვიდი ბრალდებულია, რომლებსაც დღეიდან ოქრუაშვილიც შეუერთდება.
ადვოკატების განცხადებით, ისინი შეეცდებიან ყველა ზემოხსენებულ საქმეში ბრალდების მტკიცებულებების გაბათილებას, რადგან, მათი თქმით, “არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც გასარკვევია და არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც საერთოდ ჰაერში ჰკიდია”.
ადვოკატები არ ეთანხმებიან გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ოქრუაშვილის ჩამოსვლა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გუშინდელმა გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომლის მიხედვითაც, ოქრუაშვილი პოლიტიკურ დევნილად იქნა ცნობილი: “ეს სტატუსი არანაირ პირდაპირ სამართლებრივ შედეგს არ იწვევს. ჩვენ, ჯერ-ჯერობით, არ ვიცით, როგორი სამართლებრივი ფორმა მიეცემა ამ სტატუსს. შესაბამისად, ამის იმედად ვერ დავრჩებით,” _ განაცხადა ზვიად კორძაძემ.