სადაც ნიჭიერებაა, იქ ყოველთვის არის ამბიცია, მაგრამ ამ შემთხვევაში, მთავარია, ამბიცია იყოს ჯანსაღი და ზნეობრივი. დღევანდელ მდგომარეობას როცა ვეცნობი, აქ მოქმედ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ ლიდერებს, როგორც ჩანს, ცხოვრების დევიზად “მიზანი ამართლებს საშუალებას” უქცევიათ და ოღონდ კი ხელისუფლებაში მოსვლის ჟინი დაიკმაყოფილონ, ამ გზაზე არც ცილისწამებას და არც ადამიანებზე ზემოქმედების სხვა ტიპის საშუალებებს ერიდებიან. რაც შეეხება მათი საქმიანობის შეფასებას, ბევრს აღარ გავაგრძელებ და მოკლედ გეტყვით: ფორმით კეთილშობილური, შინაარსით _ თვალთმაქცური. მე მგონი, პირველადი შეფასებისათვის ესეც საკმარისია,” _ ასეთია გურიის ახლადდანიშნული ვიცე-გუბერნატორის პაატა მანჯგალაძის პირველადი შეფასება, რომლის წინაპირობებზეც ის “გურია ნიუსისთვის” მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრებს.
_ ბატონო პაატა, იმ პერიოდში, როდესაც გურიის გუბერნიაში წამოხვედით სამუშაოდ, საკმაოდ ქაოსური ვითარება იყო. შეცვლილი ხელისუფლება, გაურკვეველი სიტუაცია და მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები, მათ შორის გუბერნიაშიც. გამარჯვებული პარტია ყოველთვის ცდილობს, თავისი კადრით ჩაანაცვლოს წინა ხელისუფლების კადრები. “ქართული ოცნების” წევრი და მხარდამჭერი კი თქვენ, როგორც ვიცი, არ ყოფილხართ. რატომ მიიღეთ ეგ გადაწყვეტილება?
_ “ქართული ოცნების” წევრი ნამდვილად არ ვყოფილვარ, მაგრამ არც სხვა პარტიის ასოცირება იქნება ჩემთან მიმართებაში სწორი. რაც შეეხება წამოსვლას, რა განცხადებებიც კეთდებოდა არჩევნებამდეც და მას შემდეგაც, რომ კონსტიტუციური სიმყარე და თვითმმართველობისთვის დადგენილი გარანტიები შენარჩუნებული იქნებოდა, ეს მივიღე სარწმუნოდ. შემდეგ რა განცხადებაც გაკეთდა, რომ შესაძლებელი იყო, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნებიც ჩატარებულიყო, ეს ნამდვილად სიურპრიზი გახლდათ.
მაგრამ, ეს არ იყო მთავარი. საერთოდ, ადამიანი როცა მიდის თანამდებობაზე, მან უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის მუდმივი და ნებისმიერ დროს შეიძლება მისი დატოვება მოუხდეს. ამიტომ, სხვა ფაქტორებმა უფრო გადაწყვიტა ჩემი აქ ჩამოსვლა, იგივე ვალერი ჩიტაიშვილმა, რომელიც ჩემი მეგობარია და თანაც, მინდოდა ჩემი თავიც გამომეცადა და დაგროვილი გამოცდილება ამ ხალხთან გამომეყენებინა.
_ თქვენ თქვით, რომ არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ ხართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანის კურსს არ იზიარებდეთ. გურიის გუბერნატორი, რომელთან მეგობრობაც თქვენთვის გურიაში გადმოსასვლელად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, წლების მანძილზე “ნაციონალური მოძრაობის” კურსის მხარდამჭერია და ამ არჩევნებზე, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარის, რამაზ ნიკოლაიშვილის შტაბის უფროსი იყო.
_ ჰო, მაგრამ ჩემი და ვალერის ურთიერთობა გაცილებით ადრე დაიწყო. მე მასთან ვიყავი 2006 წელსაც, თვითმმართველობის არჩევნების დროს და 6 წელი არ არის ცოტა დრო. მართალია, ჟურნალისტები ყოველთვის არჩევნების დროს ინტერესდებით ჩემი ჩამოსვლით, მაგრამ მე ყოველ ზაფხულს ჩამოვდივარ ვალერისთან სტუმრად.
_ ბატონი ვალერი ჩიტაიშვილი უკვე რამდენიმე წელია, რაც გუბერნატორია და რატომ მანამდე არ გამოუცხადეთ მას ასეთი თანადგომა? თუ ახლა ისე გაუჭირდა, როგორც არასდროს?
_ არა, გაუჭირდა არ არის სწორი ნათქვამი, მაგას ვერ ვიტყვი. უბრალოდ, არჩევნების შემდეგ ბევრი რაღაც გამოიკვეთა. მოგეხსენებათ, საქართველოში მედროვეები ბევრნი არიან, ზოგს არჩევნების შედეგების შემდეგ “გაუნათდა” გონება და ასეთ დროს უარი რომ მეთქვა, ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი ნაბიჯი.
_ რას გულისხმობთ “გონების განათებაში”? ოზურგეთის საკრებულოს ზოგიერთი წევრის მიერ “უმრავლესობის” ფრაქციის დატოვებას ხომ არა, რის შეჩერებასაც “ნაციონალური მოძრაობა” ყველანაირად ცდილობდა?
_ ეს მათი არჩევანია და ამისთვის კონკრეტული პირების გაკიცხვას არ ვაპირებ. თუმცა, ეჭვს კი შევიტან მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კეთილგონიერებაში. ამ შემთხვევაში, აქ ორ ფაქტორზე გავამახვილებ ყურადღებას: პირველი, თუ რამდენად გულწრფელია პარტიების რეიტინგების გამოცხადების შემდეგ გაკეთებული ასეთი არჩევანი და მეორე _ პოლიტიკურად რამდენად გამართლებულია, როცა ახალ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებ თანაგუნდელებისა და თანაპარტიელების ღალატის ფონზე. აქ მნიშვნელოვანია, რა პოლიტიკური “დივიდენდით” ხელდამშვენებული მიდიხარ შენს ყოფილ ოპონენტთან. სიცრუე, ღალატი _ ეს შეფასებები, შესაძლოა, ვიღაცას გადაჭარბებად მოეჩვენოს, მაგრამ ეს შეფასება არ არის _ ამ ტიპის ქმედებას თავის სახელი აქვს და მის შეფასებას მკითხველი თავად გააკეთებს.
_ თქვენს ირგვლივ ბევრი საინტერესო დეტალი იყრის თავს: ვალერი ჩიტაიშვილის მეგობარი, გურიაში ჩატარებული არა ერთი არჩევნების მონაწილე, ჩნდებოდით რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად შეხვედრებზე, რაც “გურია ნიუსს” ფოტო და ვიდეოჩანაწერებით აქვს დაფიქსირებული. მანამდე, თავდაცვის სამინისტროში, მუშაობდით მასთან ერთად… ეს ყველაფერი შემთხვევითობაა?
_ გასაგებია და აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვაა, რაც ჟურნალისტმა შეიძლება დასვას, მაგრამ თავდაცვის სამინისტროში მე 2008 წლის ომის შემდეგ მივედი. მანამდე რეზერვისტად ვიყავი და შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რომ იქ მივსულიყავი. მოხდა ისე, რომ რამაზ ნიკოლაიშვილიც იქ იყო. ის სულ სხვა სფეროს კურირებდა და მე სულ სხვა დეპარტამენტში ვიყავი. ეს დამთხვევაა უბრალოდ, მეტი არაფერი… ისევე როგორც კონტროლის პალატის თემა, როდესაც თქვენ წერდით, თითქოს ეს იყო მიზანმიმართული ტენდენცია, რომ კონტროლის პალატას ჰყავდა ტრენერები ცესკოში.
_ როგორც ვხვდები, საუბარია “გურია ნიუსში” გამოქვეყნებულ სტატიაზე, “კონტროლის პალატის ტრენერები ცესკოში,” სადაც თქვენც იყავით მოხსენიებული.
_ დიახ, მაგაზეა საუბარი. მინდა გითხრათ, რომ ცესკოს დაახლოებით 200 ტერნერი ჰყავდა არჩვენების დროს და გამოვიდა ისე, რომ მათ შორის კიდევ 3 ტრენერი იყო კონტროლის პალატის იურისტებიდან. 200-იდან 3 კაცი ტენდენციაზე არ მეტყველებს, ალბათ, დამეთანხმებით, ხომ? იგივე პეტრიაშვილის ფაქტი ავიღოთ (კიდევ ერთი ტრენერი კონტროლის პალატიდან, ვისი საქმიანობის შესახებაც ასევე ვწერდით. ავტ) _ ის ადრე, სანამ ტრენერი გახდებოდა, ოლქის თავმჯდომარე იყო. ესეც დამთხვევაა, ალბათ. პეტრიაშვილის გარდა მე არც კი ვიცოდი, სხვაც თუ იყო კონტროლის პალატიდან.
_ ივანე პეტრიაშვილის შესახებ ნამდვილად გეცოდინებოდათ, რადგან თქვენ, ორივე, ამ წლის 8 ოქტომბერს, დედოფლისწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისიის წარმოამდგენლები იყავით. მოსარჩელე კი “ბიძინა ივანიშვილი _ ქართული ოცნება” გახლდათ.
_ დიახ, მე მაგ პროცესზე წარმოვადგენდი საარჩევნო ადმინისტრაციას.
_ ამბობთ, რომ კონტროლის პალატაში მუშაობა და შვებულების დროს ცესკოს ტრენერობა უბრალოდ დამთხვევა იყო, მაგრამ უწყება, სადაც თქვენ მაშინ მუშაობდით, იქცა პოლიტიკური ინტერესების გამტარებლად და ძირითადად დაკავებული იყო ოპოზიციური პარტიების დაჯარიმებით. პირდაპირ რომ ვთქვათ, იყო მხარე.
_ არსებობდა საზოგადოებაში მასეთი დამოკიდებულება კონტროლის პალატის ქმედებებთან დაკავშირებით, თუმცა, ჩემთვის ცნობილია ისიც, რომ მილიონნახევრით დააჯარიმეს “ნაციონალური მოძრაობაც”, ქრისტიან-დემოკრატებიც თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ის არის, რომ რასაც თქვენ ამბობდით, ის ტენდენცია ნამდვილად არ ყოფილა. სხვა ფაქტებზე, რის შესახებაც მე ინფორმაციას არ ვფლობ, კომენტარს ვერ გავაკეთებ.
_ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი “ნაცმოძრაობის” მაჟორიატარობის კანდიდატი, მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი ბოტკოველი “ნაცმოძრაობის” კახეთის კოორდინატორი, იქვე ტრენერად პეტრიაშვილი… როგორ ფიქრობთ, ძალიან ბევრი ფაქტი ხომ არ არის შემთხვევითობისთვის?
_ გიორგი ბოტკოველი კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი იყო, მაგრამ ლტოლვილთა და განსახლების ამჟამინდელი მინისტრიც კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელია. მერე რა მოხდა?
_ არაფერი განსაკუთრებული, თუ იმასაც არ გავითვალისწინებთ, რომ “ნაცმოძრაობის” დამარცხებულმა მაჟორიტარები რატომღაც ახლახანს კონტროლის პალატაში დაასაქმეს და ამას ზედ ისიც ემატება, რომ ცესკოს-ს ტრენინგცენტრის უფროსი და კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი დები არიან…
_ კი, დები არიან და როგორც თქვენ გეწერათ ტყუპი დები, მაგრამ არ შეიძლება რომ დები იყვნენ? ეგეც შემთხვევითობაა, ბუნებამ დაუშვა, რომ ტყუპები არიან. ესეც “ნაციონალური მოძრაობის” ბრალი ხომ არ არის? მე უბრალოდ, მართლა ვუშვებ იმას, რომ 200 ტრენერიდან რამდენიმე, ყოველგვარი ტენდენციის გარეშე, კონტროლის პალატის იურისტები აღმოჩნდნენ.
_ კონტროლის პალატიდან დავუბრუნდეთ ისევ გურიას. ალბათ, რადგან ჩამოხვედით, რაღაცის შეცვლას აპირებთ, თუმცა, რამდენადაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გახორიელებულა. გაქვთ რაიმე კონკრეტული გეგმა?
_ მართალია, თვალშისაცემი ცვლილებები არ მომხდარა. რაიმე ცვლილებების გაკეთება ჯერ ამ მთავრობასაც უჭირს და ჩვენ, მოგეხსენებათ, დამოკიდებული ვართ ამ მთავრობის პროგრამაზე. რწმუნებულის აპარატი არის პრეზიდენტის და მთავრობის წარმომადგენლობა რეგიონში. ჩვენი მოვალეობა არის სამთავრობო პროგრამების კოორდინირება და ზედამხედველობა. ჩვენ ჯერ უნდა ვნახოთ, რა არის ამ მთავრობის პრიორიტეტები და შესაბამისად ვიმოქმედოთ. ჩვენ თვითშემოქმედებით ვერ ვიმოქმედებთ, ამის შესაძლებლობას მოკლებულები ვართ, მით უმეტეს მაშინ, როცა გუბერნიებს დაფინანსება შეუმცირდათ.
_ თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გუბერნიას დაფინანსება შეუმცირდა, ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ რამდენიმე თვე ზედიზედ, გურიის გუბერნიაში საკმაოდ მაღალი პრემიები დარიგებულიყო და ეს მოხდა იმ ფონზე, როცა სოციალურად შეჭირვებულებს ერთჯერადი დახმარება შეუწყვიტეს. ეს იყო გუბერნიის პრიორიტეტი?
_ ასეთი ფაქტი ნამდვილად დაფიქსირდა, ეს თქვენი მასალებიდანაც ვნახე და მე თვითონაც გავარკვიე _ მაშინ ახალი დანიშნული ვიყავი. პრემიის გაცემა ნამდვილად არ არის აკრძალული, რაც შეეხება პრემიების დაკავშირებას სოციალურად დაუცველებისთვის დახმარების მოხსნასთან, არ არის სწორი. ხელფასები და პრემიები აბსოლუტურად სხვა პროგრამაა და სოციალური დახმარებები _ სხვა. ძალიანაც რომ მოინდომოს ადმინისტრაციამ, ერთი მუხლიდან მეორეში ვერ გადაიტანს ამ თანხებს. შეიძლება, მორჩეს ეს თანხა და დააბრუნოს ბიუჯეტში, რაც სოციალურად შეჭირვებულთათვის ვერანაირი შეღავათი ვერ იქნება.
_ თუმცა, სოციალურად დაუცველებს სწორედ იმიტომ ვერ აძლევენ თანხას, რომ ბიუჯეტი ამოიწურა.
_ იცით, გუბერნიის თანამშრომლებიც ამ საზოგადოების ნაწილია და თუკი რაიმე თანხას მიიღებენ, მით უმეტეს, ზამთარი მოდის, მე მგონი, ამაში ცუდი არაფერია.
_ გასაგებია, რომ პრემიის გაცემა აკრძალული არ არის, მაგრამ გურიის გუბერნატორმა და თქვენმა კოლეგა ვიცე-გუბერნატორმა ლელა თავართქილაძემ, მთელი სექტემბერი, 4 ოქტომბრის ჩათვლით საარჩევნო შვებულებაში გაატარეს და რამაზ ნიკოლაიშვილის შტაბში მუშაობდნენ. ამიტომაც აბსოლუტურად გაუგებარია, პრემია რაში აიღეს…
_ ოქტომბრის ბოლოს შეიძლებოდა აეღოთ ოქტომბრის თვის პრემია. არ ვარ მაგ საკითხში დეტალურად ჩახედული, ამიტომ კონკრეტულ და დაზუსტებულ პასუხს ვერ გაგცემთ.
_ რაც შეეხება საშვთა სისტემას, მედიის და გუბერნიის ურთიერთობას, ამ საკითხთან დაკავშირებით ხომ არ გეგმავთ რაიმე ცვლილებას?
_ მე შევხვედრივარ ჟურნალისტებს, მათ შორის “გურია ნიუსისაც” და საუბარი იყო იმაზე, ხომ არ გავაუქმოთ ეს სისტემაო? შესაძლებელია, რომ გადავხედოთ და უფრო მოქნილი მექანიზმი ჩავდოთ. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ აბსოლუტურად გავაუქმოთ და ღია კარი გამოვაცხადოთ, ვფიქრობ, არ იქნება მიზანშეწონილი, რადგან საჯარო სამსახურსაც სჭირდება მინიმალური სამუშაო სტანდარტი. რაც შეეხება მოქალაქეებს. მათგან ნაკლებად მსმენია რაიმე სახის პრეტენზიები, რადგან არსებობს მოქალაქეთა მისაღები და მისი ფუნქცია სწორედ ის არის, რომ დაიცვას რიგითობა საჯარო მოხელეებთან შეხვედრისას. დაბრკოლება, ამ მხრივ ნამდვილად არ არის. ერთია თავისუფლება და მეორე _ წესრიგი. ნახავთ, რომ არავინ დაზარალდება.
_ ჩვენ ხშირად ვზარალდებოდით, რადგან ნებისმიერ დროს შეეძლოთ ჩვენთვის ეთქვათ გუბერნიის ამა თუ იმ თანამშრომელზე, არ არის და ვერ გეტყვით, როდის იქნებაო. არადა, როგორც ვიგებდით, ნამდვილად იყვნენ თავიანთ კაბინეტებში.
_ კი, ბატონო, მაგას სჭირდება რეაგირება, მე ამის შესახებ გუბერნატორს ჩავაყენებ საქმის კურსში და ამის შესახებ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. საჯარო სამსახური იმისთვის არსებობს, რომ საზოგადოების ინტერესი დააკმაყოფილოს. ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება, მაგრამ არა ისე, როგორც ერთ-ერთმა ყოფილმა ოპოზიციონერმა განაცხადა _ საშვთა სისტემას აუცილებლად გავაუქმებთ, იმიტომ, რომ ასეთია ხალხის მოთხოვნაო. ხალხის მოთხოვნა ეს ნამდვილად არ ყოფილა. მათ კონკრეტული სოციალური საკითხების გადაწყვეტა აინტერესებთ და ამ მიმართულებით, ჩვენ კოორდინაციაში ვართ ცენტრალურ ხელისუფლებასთან. საშვთა სისტემა ჟურნალისტებთან უფრო არის დაკავშირებული და ჩვენ ამ საკითხს გადავწყვეტთ.
_ თუმცა, მეორეს მხრივ, თვითმმართველობა სწორედ საჯაროობას გულისხმობს. თანაც, მოქალაქეებიც ხშირად ჩიოდნენ იმაზე, რომ საჯარო პირებთან შეხვედრებს ვერ ახერხებდნენ.
_ მაგისთვის ჩვენ სპეციალურ საჩივრების წიგნს გავაკეთებთ და ტელეფონის ნომერსაც დავტოვებთ, ვის მიმართონ მაგ შემთხვევაში, რომ რეაგირება მოვახდინოთ.
_ საშვით თუ უსაშვოდ, სიტუაცია იყო ასეთი: მოვიდა მოქალაქე, მიიღეს, შეპირდნენ და გაუშვეს, რაც არანაირი შეღავათი არ იყო გაჭირვებული ადამიანებისთვის. დახმარების სათხოვნად, მოგეხსენებათ, დალხენილები არ დადიან. რა კონკრეტული გეგმა გაქვთ ამ ადამიანების დასახმარებლად?
_ როგორც ვიცი, დაახლოებით 300 000 ლარამდე დაიხარჯა სოციალურად შეჭირვებულთათვის. ჩვენ სამუშაო შეხვედრებიც გვქონდა და მინდა გითხრათ, რომ ის მინიმალური თანხა, რაც წლების მანძილზე გვქონდა, შენარჩულებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გაგვიჭირდება. ზამთარი დგება და შეშის პრობლემა აქვთ მარტოხელებს და სოციალურად დაუცველებს. მესმის, რომ ხალხს ეს არ აინტერესებს და მათთვის მთავარია, რა არის გაკეთებული. ამაზე საუბარი კი, ჩემი მხრიდან, რადგან ერთი თვის მოსული ვარ, ცოტა უხერხულია. ჯობია, იმ თანამდებობის პირებმა ისაუბრონ, რომლებიც აქ წლების განმავლობაში მუშაობენ.
_ სოციალურ დახმარებაზე ჩამოვარდა ისევ საუბარი და მინდა გკითხოთ _ გამგეობის, გუბერნიის, საკრებულოს თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან ხშირად იღებენ პრემიებს, კანონი უკრძალავს, რაიმე აქცია მოაწყონ და სოციალურად შეჭირვებულ რამდენიმე ადამიანს მაინც დაეხმარნონ?
_ კი, ბატონო, ძალიან ჰუმანური აქციაა და ეგ ქველმოქმედების ჭრილში უნდა განვიხილოთ, რაც, მოგეხსენებათ, ნებაყოფლობითია. ჩვენი მხრიდან თანამშრომლების იძულება ვერ მოხდება, მაგრამ, როგორც ვიცი, გარკვეული შემთხვევები არსებობს _ მონასტრებს, ტაძრებს ეხმარებიან. ყოფილა შემთხვევა, როდესაც თანამშრომლებმა შეკრიბეს თანხა გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. მაგრამ, ამას მასობრივი ხასიათი ნამდვილად არ აქვს. თუმცა, ძალიან კარგი იდეაა და შეიძლება, სამომავლოდ რაიმე ფონდიც გავაკეთოთ, საიდანაც განსაკუთრებულად შეჭირვებულ ადამიანებს დავეხმარებით.
_ თუ მასეთ ფაქტებს აქვს ადგილი, მოგვაწოდეთ და ჩვენ დიდი სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ, თუნდაც, იმის დასტურად, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ზრუნავს თავის მოქალაქეებზე.
_ მე ნამდვილად ვიცი, რომ მსგავსი რამ გაუკეთებიათ, მაგრამ რამდენად აქვთ ამის გასაჯაროების სურვილი, ნამდვილად ვერ გეტყვით.
_ თქვენ არ ხართ ადგილობრივი და გურულების თავისებურებებზე რას იტყვით? დამეთანხმებით, ძალიან გათვითცნობიერებულები არიან პოლიტიკაში და ალბათ, მარტო გურულებს შეუძლიათ, საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ნაცვლად პრეზიდენტისთვის მიწერილი წერილი ჩააგდონ სათაურით “იზვინი მოი სააკაშვილი..”
_ გურულები მენტალურად, სოციალურად, აზროვნების სტილით ძალიან ახლოს არიან ჩემთან, რადგან მე სამტრედიაში გავიზარდე და საზღვარიც კი ერთი გვაქვს. ვიცი, რომ მცირემიწიანი ხალხია და უჭირთ ძალიან. ამიტომ, კარგი იქნება, იმ დაპირებებს თუ შეასრულებს სახელმწიფო, რომელსაც ეს ხალხი გაჰყვა. ნამდვილად დაპირებებს გაყვნენ და არა იმას, რომ ვინმეს მიმართ შურისძიება უნდოდათ, აქაც და მთელს საქართველოშიც.
რაც შეეხება პოლიტიკას, მაგ საკითხში მართლაც ძალიან გათვითცნობიერებულები არიან. ერთ-ერთი რაიონის გამგებელი მიყვებოდა, დასაქმების მინისტრი რომ იყო გურიაში ჩამოსული, პაატა ტრაპაიძე, მასთან იყო შეხვედრა. ლაპარაკობდა რაღაცას და უცებ ერთი გურული, 70 წელს გადაცილებული მიუტრიალდა და ეუბნება: _ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ “მასთ ქერის” პრინციპის ამოქმედებას როდიდან აპირებთო? იმდენად არ ელოდებოდა მინისტრი, რომ დაიბნა, მაგრამ დაბნევა მაშინ გენახათ, ამ ხანშიშესულმა გურულმა “მასთ ოფერზეც” რომ იკითხა. ასე რომ, გურულები ძალიან გათვითცნობიერებულები არიან და შესაფერისი პირობები რომ ჰქონდეთ, ყველაფერში წარმატებულები იქნებიან.