კარგმა ადგილმდებარეობამ განაპირობა ის, რომ სოფელი, სხვა მიუვალ სოფლებთან შედარებით, ნაკლებად განიცდის მიგრაციას. მაგრამ მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა აქაურობაზეც იქონია გავლენა და ბევრი ადგილობრივი აიძულა თავის სარჩენად საკუთარი სახლ-კარი მიეტოვებინა. ყველა მნიშვნელოვანი, ადმინისტრაციული და სახელმწიფო დაწესებულება სოფლის ცენტრშია თავმოყრილი _ კულტურის სახლით დაწყებული, საბავშვო ბაღით დამთავრებული. 2011-2012 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის განვითარებისთვის 87 ათას 476 ლარი გამოიყო, მაგრამ განვითარება სოფლის ინფრასტრუქტურას ნაკლებად ეტყობა.
2012 წლის “სოფლის დახმარების პროგრამის” ფარგლებში გადმორიცხული 48 ათას 951 ლარი, როგორც ლესის რწმუნებული ნოე სარჯველაძე ამბობს, მოსახლეობასთან შეთანხმებით და მათ მიერ არჩეული პრიორიტეტების გათვალისწინებით დაიხარჯა.
ამ თანხიდან 9 ათას 611 ლარი მოხმარდა ლესის კულტურის სახლის დარბაზის შეკეთებას და ინვენტარის შეძენას. დარბაზი დაახლოებით 50 კვ. მეტრ ფართობს მოიცავს. ძველი ფანჯრები შეიცვალა ახალი მეტალო პლასტმასის ფანჯრებით, შეილესა, შებათქაშდა და შეიღება ჭერი და კედლები. ამ თანხით, ეტყობა ვერ მოხერხდა ძველი იატაკის გამოცვლა და გაცვეთილი პარკეტი საღებავით გადაფარეს. რაც შეეხება ინვენტარს, სოფლის ადმინისტრაციამ დარბაზისთვის შეიძინა დიდი მონიტორი, პროექტორი, ტელევიზორი, ხმის გამაძლიერებლები, სატელიტური ანტენა, დივიდი ფლეიერი, სკამები. სოფლის რწმუნებულის თქმით, დარბაზში ტარდება ცეკვის გაკვეთილები, საღამოობით კი თავს იყრის ახალგაზრდობა და მონიტორზე ფეხბურთის მატჩებს უყურებს. სხვა გასართობი ან დასასვენებელი დაწესებულება სოფელში არ არსებობს.
რაც შეეხება კულტურის სახლს, იგი მეოცე საუკუნის 50-იანი წლების საბჭოთა არქიტექტურის ტიპიური ნიმუშია. შენობა ამჟამად ძალზე ცუდ მდგომარეობაშია. მეორე სართულზე განთავსებულია კინოდარბაზი, რომელიც 20 წელზე მეტია გაუქმებულია. სახურავიდან ჩამოსულმა წყალმა შენობა საგრძნობლად დააზიანა. ნესტმა პირველ სართულზეც ჩამოაღწია და ახალგარემონტებული დარბაზის ჭერსა და კედელსაც უცვალა ფერი.
ნოე სულაბერიძე ამბობს, რომ კულტურის სახლი საქართველოს კულტურის სამინისტროს საკუთრებაა, მაგრამ ასეც რომ არ იყოს და შენობა სოფლის ბალანსზეც რომ იმყოფებოდეს, საკუთარი ხარჯებით მაინც ვერ მოახერხებდნენ მის რეაბილიტაციას. საკმაოდ დიდი შენობის აღდგენას მნიშვნელოვანი ფინანსები ესაჭიროება.
2012 წლის ზაფხულში, ლესის ცენტრში, საავტომობილო გზის გასწვრივ გაკეთდა მინი სტადიონი მიმდებარე სკვერით. პროექტში 16 ათას 552 ლარი დაიხარჯა. სტადიონი ცუდ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. რაც შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციაში ნახსენებს სიტყვა “სკვერს”, ცოტა არ იყოს ხმამაღალი ნათქვამია. ეს არის სტადიონის ტერიტორიაზევე მოწყობილი ძალზე მცირე ზომის ფართობი, სადაც ერთი მაგიდა და ორი სკამია დამონტაჟებული. სტადიონი შემოღობილია მავთულის ბადით, გაკეთებული ფრენბურთისა და მინი ფეხბურთის მოედნები, მოწყობილია გარე განათება. სტადიონზე დამონტაჟებული რამდენიმე ტრენაჟორი, როგორც რწმუნებული განმარტავს, გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციამ აჩუქა სოფელ ლესას. სხვა საქმეა, იყენებენ თუ არა ლესელები ამ საჩუქარს.
2012 წლის პროგრამის ფარგლებში სოფელ ლესის საბავშვო ბაღში კეთილმოეწყო ერთი ოთახი _ სასადილო დარბაზი. შეილესა და შეიღება კედლები. პლასტიკატის მასალით მოპირკეთდა ჭერი. გაკეთდა იატაკი. გამოიცვალა მწყობრიდან გამოსული საწვიმარი მილები. პროექტის ღირებულებამ 8 ათას 113 ლარი შეადგინა. ამ ერთი კეთილმოწყობილი დარბაზის გარდა, საბავშვო ბაღი ძალზე ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს. შენობა შესარემონტებელია, როგორც გარედან, ასევე გასაკეთებელია შიდა ინტერიერიც. ლესის რწმუნებული ნოე სარჯველაძე ჯერჯერობით ვერ ამბობს არის თუ არა გათვალისწინებული საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია ახლო მომავალში.
ლესის ტერიტორიული ორგანოს შემადგენლობაში შედის სოფელი ჭინათი. ჭინათში სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში, უფრო მოკრძალებული პროექტები გახორციელდა, რაც წყლის სისტემის ნაწილობრივი რეაბილიტაციით და გარე განათების მოწყობით განისაზღვრა. ჭინათის ქუჩების გასანათებლად 2012 წელს 6 ათას 71 ლარი დაიხარჯა. გამოიცვალა სასმელი წყლის მილები და გაკეთდა დაახლოებით კილომეტრნახევარი სიგრძის მაგისტრალი. ორივე სოფელში მოხდა დაზიანებული წყლის მილების ნაწილობრივი აღდგენა. ჩატარდა შედუღებითი სამუშაოები. ამ სამუშაოებზე დახარჯული თანხის რაოდენობამ 5 ათას 425 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, გარე განათება მოეწყო ლესის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე და ლევან სულაბერიძის უბანში, რაზეც 3 ათას 179 ლარი დაიხარჯა.
2011 წელს, სოფელმა 10 ათასი ლარით ნაკლები თანხა მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ეს ფული ისეთი პროექტების გახორციელებას მოახმარა, როგორიცაა გზების ღორღის მასალით შეკეთება, სასაფლაოს და საყანე ფართობის შემოღობვა. ამ სამუშაოებში მთლიანად 38 ათას 525 ლარი დაიხარჯა.
ლესის რწმუნებული, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მოხდა მოსახლეობის გამოკითხვა და პროექტების შერჩევისას, უმრავლესობის აზრი გაითვალისწინეს.
სოფელ ლესის საყანე ფართობის შემოღობვა 13 ათას 436 ლარი დაჯდა. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციის, არქიტექტურის და საპროექტო სამსახურიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ვიგებთ, მავთულბადით შემოიღობა 2 ათას 150 მეტრი ფართობი, გაკეთდა მეტალის 3 ცალი ჭიშკარი, რომელთა საერთო ღირებულება 4 ათას 797 ლარია. ლესის საყანე ფართობების უძვირფასესი ჭიშკარი არც ისე სახარბიელოდ გამოიყურება.
2011 წელს, სოფელ ლესაში “ტურაულის” უბანში შეაკეთეს გზა. გზაზე დაყარეს და შემდეგ გადატკეპნეს მდინარის ღორღი, რომელიც ყოველი გაწვიმების შემდეგ მიაქვს წყალს. ამ ღორღთან ერთად, წყალში გადაყრილად ითლება ის 7 ათას 897 ლარიც, რომელიც ამ გზის ორმოვან შეკეთებას მოხმარდა, რადგან სოფლის მაცხოვრებლებმა კარგად იციან, თუ როგორ უძლებს ასე შეკეთებული გზა ზამთრის ამინდებს.
ლესის სასაფლაოს შემოღობვა 5915 ლარი დაჯდა. სასაფლაო, საყანე ფართობების მსგავსად, მავთულის ბადითაა შემოღობილი, მაგრამ დოკუმენტებში არსადაა მითითებული ჭიშკრის ღირებულება, რის საფუძველზეც, შეიძლება დავასკვნათ, რომ სასაფლაოს ჭიშკარი არ შეცვლილა და ეს თანხა მხოლოდ ღობის გაკეთებას მოხმარდა.
11 277 ლარი დახარჯა სოფელ ლესის ადმინისტრაციამ ჭინათში “ფოცხვერეთის” უბნის წყლის კაპტაჟის მოწყობაში. სოფელში დამონტაჟდა 10-ტონიანი წყლის რეზერვუარი, გაკეთდა 3-კილომეტრიანი წყლის მაგისტრალი, მოეწყო გამანაწილებელი, ე.წ. კაპტაჟი, რომელიც შეუერთდა არსებულ წყლის შემკრებს. როგორც სოფლის ადმინისტრაცია ირწმუნება, ამ სამუშაოების შედეგად, ლესისა და ჭინათის მოსახლეობის უმეტესობას მუდმივი წყალი მიეწოდება.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების ცვლილების პირობებში, გაურკვეველი რჩება, გააგრძელებს თუ არა სახელმწიფო “სოფლის დახმარების პროგრამის” არსებული ფორმით გახორციელებას.
თუ უახლოეს წლებში სოფლების თვითმმართველობებს რეალურად გადაეცემათ გაზრდილი უფლებები და საკუთარი ბიუჯეტის მართვის საშუალება, სოფლად მაცხოვრებელ მოსახლეობას ახლა უკვე ნამდვილად გაუჩნდება მის მიერ არჩეული მნიშვნელოვანი პროექტების გახორციელების შესაძლებლობა. ამჯერად კი, მხოლოდ ის დაგვრჩენია, დავთვალოთ, რაში და რამდენად სწორად დახარჯა ძველმა ხელისუფლებამ ბიუჯეტის ფული.