იგი ექსპერტიზის ბიუროში ქიმიურ-ნარკოლოგიური დეპარტამენტის უფროსი გახლდათ. თუშიშვილის განმარტებით ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელმა, გიორგი ხიზანიშვილმა მისი მეუღლის, პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლა სამსახურიდან. პაატა თუშურაშვილი, საქართველოს ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის მეუღლეა.
დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, სამსახურში სამართლებრივი გზით მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენას და განაცდენის ანაზღაურებას ითხოვს. მის უფლებებს სასამართლოში ადვოკატი სოსო ბარათაშვილი დაიცავს.
რა იყო ქიმიურ-ნარკოლოგიური დეპარტამენტის უფროსის გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი, ამასთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი” პაატა თუშურაშვილს ესაუბრა.
_ ბატონო პაატა, რა იყო სამსახურიდან თქვენი დათხოვნის კონკრეტული მიზეზი?
_ მიზეზს რაც შეეხება, ის აბსურდულია _ პრაღაში ერთ-ერთი მივლინების დროს, ჩემსა და გიორგი ხიზანიშვილს შორის, რომელიც გახლავთ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი (იქ იყო მისი მოადგილეც), საუბარი შედგა სასტუმროს ჰოლში. სწორად გამიგეთ _ ასეთ რაღაცას რომ გეუბნებიან, რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ადამიანს?! პირველად იყო ჩემს ცხოვრებაში ამ თემაზე საუბარი. მკითხა, თუ შეიძლება ქალბატონი მაია ჩამოშორდეს პოლიტიკას, რადგან ეს მე გარკვეულ პრობლემებს მიქმნისო. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ეს ხდებოდა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, აპრილში თუ მარტში.
ვუპასუხე, რომ ქალბატონი მაია არის სრულწლოვანი ადამიანი და მისი გადასაწყვეტია, რომელ მხარეს და სად იქნება,-მეთქი. შევახსენე, რომ ჩემს საქმიანობაზე არავისი პოლიტიკური აქტივობა არ მოქმედებს. მე ჩემს საქმეს როგორც ვაკეთებდი პირნათლად, ისე ვაკეთებ. სიმართლე გითხრათ, ეს საუბარი სერიოზულად არც მიმიღია. ალბათ, იმიტომ, რომ ადრე მომდიოდა რაღაც ხმები _ თანამშრომლები შემოდიოდნენ და მეკითხებოდნენ, მართალი იყო თუ არა, რომ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დავწერე. გასაგები იყო, რის გამო ხდებოდა ეს ყველაფერი. თუ სამსახურიდან ვინმეს ჩემი გაშვება უნდოდა, დღევანდელი კანონმდებლობით ისეთი კონტრაქტებია, ნებისმიერ დროს ნებისმიერი თანამშრომელი შეუძლია გაუშვას. ამის შესახებ ვისაუბრეთ ოჯახში. რა თქმა უნდა, მქონდა გათავისუფლების მოლოდინი.
ამის შემდეგ, ხიზანიშვილმა დამიბარა თავის კაბინეტში, შემახსენა ჩვენი საუბარი პრაღაში და პირდაპირი მითხრა, რომ თქვენი მეუღლის პოლიტიკური აქტიურობის გამო, ხვალიდან თქვენ ჩვენთან აღარ მუშაობთო. კი, ბატონო,-მეთქი. მეორე დღეს მივედი. მეგონა, ჩემი გათავისუფლების თაობაზე ბრძანება იქნებოდა დაწერილი. ბრძანების ნაცვლად დამიდეს ჩემი სახელით დაწერილი განცხადება, სადაც ეწერა _ “გთხოვთ, გამათავისუფლოთ თანამდებობიდან”.
როგორ განვითარდა მოვლენები ამის შემდეგ, რა ხდებოდა მანამდე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ამის შესახებ, სულ მალე, „გურია ნიუსის“ ვებგვერდიდან შეიტყობთ, სადაც პაატა თუშურაშვილს ვრცელ ინტერვიუს შემოგთავაზებთ.