როგორც “გურია ნიუსს” სოფელ შრომაში მცხოვრებლებმა განუცხადეს, ამის მიზეზად მუშებისთვის ხელფასის გადაუხდელობა და ასფალტის მიწოდების შეწყვეტა სახელდება.
ამ ფაქტთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” არაერთხელ წერდა, სოფელ შრომაში ჩასულებს კი მხოლოდ მიტოვებული ტექნიკა დახვდა.
ურეკი-შრომა-ნატანების გზის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ტყეშელაშვილს ჯერ კიდევ 2009 წელს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის, შრომისა და ნატანების სოფლების 4 238 მცხოვრები მიმართავდა:
“სიღრმისეულ გარდაქმნათა ეპოქაში საკმაოდ მძიმეა ცხოვრება და უფრო მძიმე ხდება მაშინ, როდესაც მას სამოქალაქო ომიც თან ახლავს. მაგრამ, იგი განსაკუთრებით გაუსაძლისი ხდება, როცა ეკონომიკური რეფორმები არასწორად მიმდინარეობს.
სამოქალაქო ომმა, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში და არასწორად გატარებულმა რეფორმებმა უაღრესად მძიმე შედეგები მოუტანა ქვეყანას, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით დაიკარგა ტერიტორიები, განადგურდა ეროვნული მეურნეობა, დაირღვა ერის ერთიანობა, დაეცა ზნეობა და ა.შ.
ქვეყანაში მიმდინარეობს მოსახლეობის მასიური მიგრაცია სოფლიდან ქალაქში და განსაკუთრებით საზღვარგარეთ. როგორც ცნობილია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები შეადგენს 22 000 ჰექტარს, აქედან 7 000 ჰექტარი გატყევებულ ჩაის პლანტაციებს უკავია. ამ დროს, ჩვენი სოფლებიდან ათასობით ადამიანი თურქეთში ჩაის ფოთლის კრეფაზეა დასაქმებული.
ბოლო წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მეციტრუსეებმა მილიონობით ლარის შემოსავლები იზარალეს ცნობილი მიზეზების გამო. ციტრუსი, როგორც ცნობილია საექსპორტო პროდუქციაა და მისი რეალიზაცია სხვადასხვა სიძნელეებთანაა დაკავშირებული. მაგრამ, ამას ემატება ის, რომ ურეკი-შრომა-ნატანების საავტომობილო გზა ავარიულ მდგომარეობაშია, ვერ ხერხდება იმ ავტომატარებლების მოძრაობა, რომლებიც უნდა უზრუნველყოფდნენ ჩვენი სოფლებიდან ციტრუსების ტრანსპორტირებას, რაც ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას წარმოადგენს.
ბატონო დავით, უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ დაბა ურეკის, შრომისა და ნატანების თემების მოსახლეობა თხოვნა და ურეკი-შრომა-ნატანების საავტომობილო გზის შეკეთების სამუშაოების განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო სამსახურმა _ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2009 წლისათვის უზრუნველყოს აუცილებელი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რაც შესაძლებელს გახდის 2010 წლისთვის ზემოაღნიშნული პროექტის რელიზებას”, _ ამ განცხადებას, მოსახლეობის სახელით, ხელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე გიორგი ტაკიძე აწერს, ასევე გურიის მხარის სოფლის, ტურიზმისა და კურორტების ასოციაცია “პონტოს” პრეზიდენტი გურამ იობიშვილი, დაბა ურეკის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი ხელმძღვანელი ვაჟა ჭანუყვაძე, სოფელ ნატანების მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ქინქლაძე, შრომის თემის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებული ზურაბ მჟავანაძე აწერენ. განცხადება 2009 წლის 14 აგვისტოს არის დათარიღებული.
2009 წლის 4 სექტემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პასუხს აგზავნის, რომელსაც ხელს მინისტრის პირველი მოადგილე ჯამბულ ბაკურაძე აწერს: “თქვენი განცხადებით დასმული საკითხი ურეკი-შრომა-ნატანების საავტომობილო გზის შეკეთების შესახებ, განხილული იქნება 2010 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას,” _ ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საინჟინრო აკადემიის მრჩეველი, გურიის მხარის სოფლის, ტურიზმისა და კურორტების ასოციაცია “პონტოს” პრეზიდენტი გურამ იობიშვილი:
_ 2009 წელს მივმართეთ დავით ტყეშალაშვილს, 2010 წელს არჩევნების წინ დაიწყო გზების მშენებლობა, გაგრძელდა ძალიან ცოტა ხანი. 2012 წელს კი ისევ დაიწყო ხელახლა გზების მშენებლობა. არჩევნების შემდეგ შეჩერდა, მოსახლეობა შეწუხებულია ამ ფაქტით და რეაგირებას ითხოვს.
რამდენიმეჯერ ვიყავი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. იქ განმიცხადეს, რომ როცა იქნებოდა საკმარისი თანხა ამისთვის, აუცილებლად გააკეთებდნენ. იყვნენ ჩამოსულები, დაათვალიერეს და დაგვპირდნენ, თითქოს დაიძრა სამუშაოები, მაგრამ ახლა ისევ შეჩერებულია. მუშებს ხელფასები არ აქვთ აღებული, არის პრობლემები.
გურამ იობიშვილი 2012 წლის 30 ნოემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ნარმანიას მიმართავს განცხადებით: “ბატონო დავით, 2009 წლის ივლისში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის, შრომისა და ნატანების თემების მოსახლეობამ (4238 ადამიანის ხელმოწერები) და საინიციატივო ჯგუფის სახელით, თქვენს სამინისტროში შემოვიდა განცხადება ურეკი-შრომა-ნატანების საავტომობილო გზის შეკეთების სამუშაოების შესრულების თხოვნით.
განცხადებაში აღნიშნულია, თუ რაოდენ სასიცოცხლო მნიშვნელობას წარმოადგენს აღნიშნული მონაკვეთის შეკეთება, რომ ვერ ხერხდება იმ ავტომატარებლის მოძრაობა, რომლებიც უნდა უზრუნველყოფდნენ სოფლებიდან ციტრუსების ტრანსპორტირებას, რის გამოც მოსახლეობაც წლობით მილიონობით ლარის შემოსავლებს ზარალობს.
დაპირებისამებრ, ურეკი-შრომა-ნატანების საავტომობილო გზის შეკეთების სამუშაოები დაიწყო 2010 წლის გაზაფხულზე, განახლდა არჩევნების წინ, სექტემბერში და არჩევნების შემდეგ ისევ შეწყდა.
გამომდინარე აქედან, უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ დაბა ურეკის, შრომის და ნატანების თემების მოსახლეობის თხოვნა და ურეკი-შრომა-ნატანების საავტომობილო გზის შეკეთების სამუშაოების შესრულება აიყვანოთ პირად კონტროლზე”, _ ნათქვამია განცხადებაში.
ურეკი-შრომა-ნატანების საავტომობილო გზის შეკეთებას, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საგზაო დეპარტამენტის ტენდერებში ხშირად გამარჯვებული შპს “სანი” ახორციელებს. როგორც ამ სამუშაოს მწარმოებელი ელგუჯა შონია “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ სარემონტო სამუშაოები უახლოეს დღეებში განახლდება.
_ სამუშაოები შეჩერებული იყო სხვადასხვა მიზეზების გამო: _ გვქონდა ფინანსური პრობლემები, მუშებს არ ჰქონდათ მიღებული სახელფასო ანაზღაურება. ყველაფერი მოგვარდა და სარემონტო სამუშაოებიც მალე განახლდება, _ გვითხრა მან.
“გზა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მარტო გზა ყველაფერს ვერ წყვეტს _ გზას ხომ აქვს ეკონომიკური მოძრაობა, დასაქმება, განვითარება, ასე ხდება ყველაფერი, ყველაფერს უნდა მიყვანა. იმდენი საქმე იყო თავიდან, საიდან უნდა დაგვეწყო, არ ვიცოდით. ამიტომ, რა თქმა უნდა, აქ მთავარია დასაქმება”, _ განაცხადა 13 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა სოფელ შრომაში, სადაც იმ დღეს ამ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.