ამის შესახებ განცხადება მან დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გააკეთა.
“სხვადასხვა საქმეების გამოძიების პროცესში უკვე მოგვდის კონკრეტული ინფორმაციები კონკრეტული პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე. ამას უკვე ვსწავლობთ გამოძიების ფარგლებში და არ არის გამორიცხული და შეიძლება მალეც, თქვენ მოწმე გახდეთ, როცა მოქმედ პროკურორს პასუხისგებაში მივცემთ იმის გამო, რომ შესაძლოა, დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი. ესენი არიან ძირითადად პოლიტიკური იდეების გენერატორები, ხოლო ცალკეული შემსრულებლები, თუკი მათ ქმედებაში არ არის დანაშაულის ნიშნები და ეს არ გამოვლინდება ამა თუ იმ საქმის ან განცხადების განხილვის დროს, ჯერჯერობით ინარჩუნებენ ჩვენთან პოსტებს,” _ განაცხადა კბილაშვილმა.
მთავარი პროკურორის განმარტებით საშუალო რგოლის პროკურორების მიმართ მისი ლოიალური დამოკიდებულება საკადრო კრიზისით იყო გამოწვეული: “როდესაც პროკურატურაში საკადრო ცვლილება მოვახდინეთ, გამოვედით იმ პრინციპიდან, რომ შეცვალეთ ხელმძღვანელები, როგორც იდეების გენერატორები, ხოლო ტოლერანტულები ვიყავით მათ მიმართ, ვინც პოლიტიკის დელეგირებას არ ახდენდა და იყვნენ უბრალოდ შემსრულებლები. ეს არ მოხდა მხოლოდ იმის გამო, რომ ტოლერანტები ვიყავით, არამედ იმიტომაც, რომ ამხელა ნაკადის უეცარი შეცვლის შესაძლებლობაც კი არ არსებობს და თუ შეცვლა გაუაზრებელია და მყისიერი, ამან შეიძლება სისტემის პარალიზებაც გამოიწვიოს.”