თუ პოლიტიკურ პროცესებში არ ვმონაწილეობდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ არ ვიყავი და ჩემს თავსაც არ ხდებოდა ის ყველაფერი, რაც ყველას თავს საქართველოში. ჩვენ ვიყავით საქართველოს ნაწილი და ამ პროცესებში ვმონაწილეობდით, როგორც რიგითი ადამიანები,” _ აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი “გურია ნიუსთან” ინტერვიუში.
_ ბატონო ზურაბ, იმ დროს გაუჩინარდით, როცა ჩვენს ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ამბები ხდებოდა. როგორ გითმენდათ გული, არაფერში რომ არ ერეოდით და საერთოდ, რატომ არჩიეთ განზე დგომა? ჩათვალეთ, რომ თქვენი რესურსი ამოწურული იყო?
_ მარტივი ახსნა აქვს ამ ყველაფერს. ძალიან მკაფიო იყო, რომ მიუხედავად საზოგადოების განწყობისა, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ვერ მოხერხდა ისეთი პოლიტიკური ერთობის ჩამოყალიბება, რაც საკმარისი იქნებოდა სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად. სიმართლეს გეტყვით, ვერაფრით შევძელი ჩემი თავის მოტივირება, რომ ერთ-ერთი რიგითი თანამონაწილე ვყოფილიყავი ამ პროცესების. რეჟიმის შეცვლის შანსი არ იყო, ამიტომ ხალხისთვის ზედმეტი მოლოდინის შექმნა და მათ თავს კიდევ ერთხელ წისქვილის ქვის დატრიალება უშედეგოდ, ნამდვილად არ ღირდა.
როდესაც დავრწმუნდი რომ პოლიტიკური ერთობა ვერ შედგებოდა, აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაზე უარი ვთქვი. მას შემდეგ, რაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ცხადი იყო, რომ სააკაშვილის რეჟიმს დღეები დათვლილი ჰქონდა. ეს რეჟიმი ისედაც დამთავრდებოდა, ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ გულწრფელად გეტყვით და ვაღიარებ, რომ არ მეგონა, ყველაფერი თუ უსისხლოდ ჩაივლიდა. მადლობა ღმერთს, რომ ისე დამთავრდა ეს ყველაფერი, როგორც დამთავრდა.
ამ დროს, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა მხოლოდ სააკაშვილის წისქვილზე დაასხამდა წყალს, ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ამიტომ, არაფერს გავაკეთებდი და არც ახლა გავაკეთებ უახლოესი პერიოდის განმავლობაში, სანამ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პოლიტიკური ასპარეზიდან საბოლოოდ არ არიან წასულები. სააკაშვილი ფიქრობს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს ტელევიზიები, ფინანსური შემოსავლები, ცხადია უკანონო და წილებში ჩაჯდომით მიღებული, ჯერ კიდევ აქვს სასამართლოები და თვითმმართველობის ნაწილი და ფიქრობს, რომ რევანშისთვს საფუძველი აქვს. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ეს ყველაფერი შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ეს „დამოკლეს მახვილივითაა“ ჩამოკიდებული ჩვენზე და ამ მთავრობის დროის დიდი ნაწილი, სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას მიაქვს და არა მართლა მნიშვნელოვან საკითხებს. ეს მთავარი პოლიტიკური ამოცანაა, რადგან საქართველო ვერ განვითარდება სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ სრულად დანგრევის გარეშე.
_ თქვენ ითხოვთ სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ადეიშვილის დასჯას და აცხადებთ, რომ მათ გაცილებით უფრო სერიოზული დანაშაულებრივი ქმედებები აქვთ ჩადენილი, ვიდრე ყალბი პასპორტის დამზადება, ყოფილი პრემიერ-მინისტრი რომ ფიქტიური პასპორტით დადის, ეს უმნიშვნელო ამბავია?
_ ცხადია, ფიქტიური პასპორტის დამზადებაც არ არის კანონიერი საქცელი, მაგრამ ისიც მინდა ვთქვა, რომ ეს ხალხი თუ სერიოზული ბრალდებით არ დაისჯება, ეს დიდ პრობემას შექმნის და არ არის გამორიცხული, ასეთმა მსუბუქმა ბრალდებამ მათი რეაბილიტაცია მოახდინოს. ხალხი ნამდვილად არ იფიქრებს, რომ მერაბიშვილი და ადეიშვილი დასაჭერი არაა, მაგრამ მთავრობის მიმართ იქნება შენიშვნები. იტყვიან, _ როგორ კაცო, შენ მერაბიშვილს ვერ იჭერ მკვლელობის ან მკვლელობაზე ხელის დაფარების გამო და იჭერ მხოლოდ ყალბ პასპორტზე? ჩვენ არ გვჭირდება ეს შენიშვნები, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ეს პერიოდი ძალიან სწრაფად უნდა გავიაროთ.ისე უნდა მოგვარდეს ყველაფერი, რომ ახალმა მთავრობამ შენიშვნა არ მიიღოს არც საქართველოს ქალაქებიდან და სოფლებიდან და არც ბრიუსელის გარეუბნიდან და ცენტრიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
_ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, თქვენ მასთან რაიმე შეხვედრა გქონდათ?
_ არც შეხვედრა მქონდა, არც შეხვედრის მცდელობა, არც ამის საჭიროება იყო, არც მე მჭირდება, არც მას და არც – არავის.
_ რაც შეეხება პარტიის „სამართლიანი საქართველოსთვის“ დაბრუნების მცდელობას, ეს იმისთვის გჭირდებათ, რომ შემდეგ ისევ პოლიტიკაში დაბრუნდეთ?
_ თქვენი კითხვა ლეგიტიმურია, მაგრამ რაღაც ელემენტარული სამართლებრივი პრობლემების მოსაგვარებლად პრესკონფერენციის ჩატარება არ დამჭირდებოდა. ამას, ისე, ბევრად უფრო ეფექტურად მოვაგვარებდი. პრესკონფერენციის ჩატარება მჭირდებოდა იმისთვის, რომ თქვენი და თქვენი სხვა კოლეგების მეშვეობით, მთავარი მესიჯი მიმეტანა მთავრობასთან და საზოგადოებასთან. მესიჯი შედგება ორი ნაწილისგან: პირველი – ეს არის საქმეები, რომელსაც საბოლოო ჯამში, ნორმალური საგამოძიებო ქმედებების ჩატარების შედეგად, მივყავართ ერთის მხრივ ადეიშვილთან და მეორეს მხრივ მერაბიშვილთან, რადგან ეს იყო სწორედ მათ მიერ დადგმული და ორგანიზებული კონსპირაცია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამის გამო ისინი არა მხოლოდ უნდა დასაჯონ, არამედ ჩააგდებინონ ენა, როდესაც ლაპარაკობენ, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის ხელი არ გვიხლიაო. მეორე ნაწილი კი ისაა, რომ არ შეიძლება ამ ადამიანების დასჯა უფრო მსუბუქი თემებით.
მოვალ თუ არა პოლიტიკაში მას შემდეგ, რაც “ნაციონალური მოძრაობისგან” გაიწმინდება პოლიტიკური სპექტრი, რას გავაკეთებ და რას _ არა, ამას მე თვითონ გადავწყვეტ. თუ გადავწყეტ, მოვალ, თუ არადა _ არ მოვალ. ჩემს ყველა ქმედებას ექნება ლოგიკა, რომლის ახსნაც ყოველთვის შემეძლება.
პოლიტიკური მოღვაწეობისთვის მე ნამდვილას არ მჭირდება თავიდან ბოლომდე დისკრედიტირებული პარტიის დაბრუნება და იმის პლატფორმაზე ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნა. დღესაც ხომ სააკაშვილის რეჟიმი არ არის, წავალთ 5 კაცი და დავაარსებთ ახალ პარტიას.
მე უბრალოდ მჭირდება იმ უშუალო ორგანიზატორების და შემკვეთების დასჯა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ კონსპირაციაში. თორემ, ჩემი აზრით, რიგითი შემსრულებლების მკაცრად დასჯა სავალდებულო არც არის, ისინი მხოლოდ ლუსტრირებულები უნდა იყვნენ.
_ ისე დარწმუნებით აცხადებთ, რომ მერაბიშვილს და ადეიშვილის ორგანიზებულია პოლიტიკური კონსპირაცია ოპონენტების მიმართ, შემთხვევით რამე მტკიცებულება ხომ არ გაქვთ? მათი მხრიდან იყო რამე „მესიჯი“ თქვენი მისამართით?
_ მესიჯი რათ მინდა? საქართველოს ძალიან კარგად ვიცნობ საიმისოდ, რომ ასეთი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა მქონდეს რა. ჩატარდა უკანონო ყრილობა, რომელსაც არ ესწრებოდა პარტიის წევრების დიდი ნაწილი და ვინც ესწრებოდა, იმათგან ბევრი საერთოდ არ იყო პარტიის წევრი. ამის დოკუმენტალურად დადასტურებაც შეიძლება. მიუხედავად ამისა, იუსტიციის სამინისტრომ, ეს ყველაფერი გაატარა რეგისტრაციაში.
ძალიან ეჭვი მეპარება, რომ რეგისტრატორი და რეგისტრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თვითონ წავლენ ციხეში და არ გათქვამენ ამ დავალების მიმცემის ვინაობას. და მეორეც, არა მგონია, იუსტიციის ამჟამინდელ მინისტრს უნდოდეს ასეთი ხალხი სამსახურში.
ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, ამ საქმის წარმატებით გამოძიების შემთხვევაში, ადეიშვილზე გავლენ.
გარდა ამისა, ჩვენს წინააღმდეგ გაგრძელდა სასამართლო საქმეების სერია და ამ ზაფხულს, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რომ თურმე პარტიის ვალი მაქვს 300 000 ლარი, მაშინ როდესაც 60 000-ზე მეტის შეწირვა პარტიისთვის არ შეიძლებოდა კანონით. მე მაკისრებენ 300 000 ლარს პარტიის სასარგებლოდ და ამ დროს, პარალელურ რეჟიმში, რომან კუსიანს სახლს უყადაღებენ „ქართული ოცნებისთვის“ 60 000 ლარის შეწირვისთვის.
ამაში მონაწილეობდნენ როგორც პროკურორები, ასევე სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეები. ეს მოსამართლე თუ იტყვის, კი ბატონო, მე თვითონ მივიღე ეს გადაწყვეტილებაო, ვნახოთ. მაგრამ, დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ გამოძიების სათანადოდ ჩატარების შემთხვევაში, გავლენ პოლიტიკურ კონსპირაციაზე, რაც საკმაოდ სერიოზული დანაშაულია. ამის ან კიდევ მკვლელზე ხელის დაფარების, დიდი თანხების მითვისების, ბიზნესის წილებში ჩაჯდომის გამო, შეიძლება დაისაჯოს ადეიშვილი, მერაბიშვილი და სააკაშვილი. ამათი დასჯა მხოლოდ იმ მოტივით, რომ რაღაც თანამდებობრივი გულგრილობა ჩაიდინეს, გამოიწვევს სერიოზულ უკმაყოფილებას დაწყებული ბრიუსელით და დამთავრებული ქართული სოფლებით. ეს არავის ჭირდება, არც დღევანდელ მთავრობას, არც საზოგადოებას.
საქმეზე, სადაც დადასტურდება ადეიშვილის მონაწილეობა პოლიტიკურ კონსპირაციაში, ხმას ვერც ნატო ამოიღებს და ვერც კობა ხაბაზი, მაგალითისთვის ვამბობ…
_ რამდენჯერმე ახსენეთ ბიზნესზე ზეწოლა. როდესაც პრემიერ – მინისტრი იყავით და ჩაბარებული გქონდათ ეკონომიკური გუნდი, ადეიშვილის, სააკაშვილის ან იგივე მერაბიშვილის მხრიდან რაიმე მითითებებს თქვენი მისამართით ჰქონდა ადგილი?
_ ასეთი შემთხვევა უამრავი იყო, ოღონდ არა მერაბიშვილის და ადეიშვილის, არამედ სააკაშვილის მხრიდან, როდესაც შემოთავაზებული იყო არასწორი გადაწყვეტილებების მიღება. ამაზე ხშირად გვქონია კამათი. ბევრჯერ მისი წინადადება არ მიმიღია, ყოფილა იშვიათი შემთხვევები, როდესაც ბრძოლა წამიგია და სხვანაირად გაკეთებულა, მაგრამ ძირითადად, ათიდან ცხრა არ დამითმია და ყოფილა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო საბოლოო ჯამში.
არ მინდა ამ საკითხებზე დეტალურად საუბარი, რადგან მოიცავს სხვა ადამიანებსაც, რომლებმაც, რაც მართალია, ვერ მიიღეს ის, რაც უნდოდათ და ამის მერე არ იქცეოდნენ მთლად ისე ცუდად, როგორც ადრე.
ყოფილა ასეთი შემთხვევაც: ჩატარებული იყო საგზაოზე ტენდერი და 5 მილიონი იყო განსხვავება. სააკაშვილი მეუბნება, _ ისინი გააკეთებენ, ესენი ვერ გააკეთებენო… ვეუბნები, _ არ არის ეს, არც იმის, არც ამის და არც შენი, ეს ტენდერი არის იმის, ვინც 5 მილიონიანი განსხვავებით მოიგო და ის ააშენებს , თუ ვერ ააშენებს, დაისჯება! თუმცა, ვინც საბოლოო ჯამში მოიგო ეს ტენდერი და 5 მილიონით ნაკლები გადაიხადა, აგერ, ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავრობაში მინისტრი იყო.
ისეთი შემთხვევაც იყო, რომ დღის წესრიგში დადგა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტის გაყიდვა პირდაპირი მიყიდვის გზით. დავუძახე იმ ადამიანს და ვუთხარი, _ მე არ ვიცი, სააკაშვილი შენ რას გპირდება, მაგრამ ამ ობიექტს შენ ვერ მიიღებ პირდაპირი მიყიდვით ვერასდროს, ვერასდროს! ვუთხარი, ტყუილად ნუ დადიხარ, დროს ნუ კარგავ აზრი არ აქვს, რადგან ეს ამბავი არასდროს არ გამოგივა-თქო. გაჩერდა, დაწყნარდა, მიიღო მონაწილეობა ტენდერში და წააგო კიდეც. მიხვდა, რომ სააკაშვილი კი ეუბნებოდა, გაგიკეთებ, გაგიკეთებო, მაგრამ ვერ გააკეთებდა.
მაგრამ იყო სხვა შემთხვევაც, მე მინდოდა, რომ შეგვენარჩუნებინა ორი ქარხანა ბათუმში და ეს ორთაბრძოლა ორივე შემთხვევაში წავაგე ბულვარის ხარჯზე. გემთსაშენი ქარხანა ბულვარმა წაიღო, ნავთობქარხანა იმიტომ ვერ ავაშენეთ, რომ თურმე ტურიზმი უნდა განვითარებულიყო. არადა, ბათუმი არის ქალაქი, რომელსაც საწარმოები ჭორდებოდა, როგორც სამუშაო ადგილი.
იყო კიდევ ერთი საკითხი, ბაჩო ახალაია უნდა ყოფილიყო შემოსავლების სამსახურის უფროსი და რომ არ გახდა, კი ნახეთ და კი იცით. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ჩხუბის და დავიდარაბის მიზეზი ჩვენს შორის და ასეთი იყო ძალიან ბევრი.მაგრამ პირდაპირი შემოთავაზება ჩემი მისამართით, ეს იმიტომ უნდა გააკეთო, რომ ფული გავაკეთოთო, არ ყოფილა და ამას არც დავუშვებდი.
შეიძლება ახლა იფიქროთ, რომ სასაცილო ამბავს გეუბნებით, მაგრამ ანგარიშზე რამდენი ფული იყო, ჩემს გარდა არავინ იცოდა. რომ ცოდნოდათ, ეგრევე დახარჯავდნენ და რათ მინდოდა ამის გათქმა?
_ თქვენ რომ ჯიუტი ხართ, ეს უკვე ყველამ იცის, მაგრამ ვერც სააკაშვილი იტანს საწინააღმდეგო აზრს და პოზიციების დათმობას. როგორ გითმობდათ ამდენს?
_ მას ჰკითხეთ, მე არ ვიცი… ყველაფერს ვაკეთებდი სწორად, ეხლა ბულვარის და ქარხნების თემა ჩემთვის იმდენად პრინციპული არ იყო, როგორც საგზაო ტენდერის საკითხი. ბულვარი მისი პასუხისმგებლობის საკითხი იყო, ჩატარებული ტენდერი კი _ჩემი და არაფრით არ დავუშვებდი პატარა კითხვის ნიშანიც დასმულიყო, ამას არაფრით დავთმობდი.
ისევე, როგორც არ დავთმობდი იმ ძალიან მნიშვნელობანი ობიექტის პრივატიზაციას პირდაპირი მიყიდვის გზით, მითუმეტეს, რომ ობიქტი აჭარაში იყო განლაგებული. ის კი არ იყო მნიშვნელოვანი, ის რამდენად ჯიუტი იყო, მნიშვნელოვანი იყო, რას დავთმობდი მე. გამორიცხული იყო, რომ მსგავსი რამ დამეთმო. თუმცა, ამ ყველაფერმა მძიმე ვითარებაში და ჩხუბში გაიარა…
_ რა იყო ის ბოლო მომენტი, რამაც გათქმევინათ, _ მორჩა! და კატეგორიულად გადაწყვიტეთ, რომ სააკაშვილთან აღარ იმუშავებდით.
_ რეალური ბოლო მომენტი იყო 2008 წლის 8 აგვისტო, რომლის შემდეგაც სააკაშვილმა თავი დაიმკვიდრა საქართველოს ისტორიის სანაგვეზე და ჩვენ არაფერი, აღარაფერი გვქონდა საერთო. ეს იყო უდიდესი შეცდომა დაშვებული საქართველოს წინაშე, რომლის გამოსწორების არც უნარი ჰქონდა სააკაშვილს და არც სურვილი.
_ რაიმე თანამდებობა რომ შემოგთავაზონ, დათანხმდებით ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას?
_ ერთი შეხედვით, იმდენად განსხვავებულია ახალი ხელისუფლების ეკონომიკური ხედვები, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო.რასაც ვუყურებ, არავის ჭირდება ჩემი რჩევაც კი, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ და მე ნამდვილად არ ავიღებ პასუხისმგებლობას არაფერზე ამ ხელისუფლების მოქმედების გამო. ვუსურვებ წარმატებებს, ეს არის განსხვავებული პოლიტიკა, ამას კრიტიკის თვალსაზრისით არ ვამბობ, მაგრამ უნდა განახორციელონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს არის სწორი. მე ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას ამ თანამშრომლობაში.
_ ახლა რითი ხართ დაკავებული, რას საქმიანობთ?
_ ახლა, ჩემი დროის 100%-ს ვუთმობ ბიზნესს, ოღონდ საქართველოში არა. არ არის გამორიცხული, მომავალში, საქართველოშიც მქონდეს რამე, მაგრამ ჯერჯერობით, რაიმე კონკრეტული ეკონომიკური ინტერესი არ მაქვს.