“გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 12 საათისათვის, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უფროსი ზვიად ობოლაძე, შოთა კიღურაძის ოჯახში სტუმრად მყოფი ძმიშვილის – სერგო კიღურაძის დაკავების (წვრილმანი ხულიგნობისათვის ადმინისტრაციული წესით) მიზნით მივიდა სამტრედიის რაიონის დაბა კულაშში. ზვიად ობოლაძის მოთხოვნით მასთან ერთად მითითებულ მისამართზე შეიკრიბა სამტრედიის რაიონული სამმართველოს პირადი შემადგენლობის 12 თანამშრომელი, მითითებულ მისამართზე მისვლის შემდეგ, ზვიად ობოლაძე პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ავიდა შოთა კიღურაძის აივანზე, სადაც სერგო კიღურაძე, ნათესავებთან და მეზობლებთან ერთად დომინოს თამაშობდა. პიროვნების დადგენის შემდეგ, ზვიად ობოლაძემ სერგო კიღურაძეს განუცხადა, რომ იგი დაკავებული იყო და სცადა მისთვის ხელბორკილის დადება.სერგო კიღურაძის დაკავებას ნათესავების მხრიდან, (რომელთათვის უცნობი იყო დაკავების სამართლებრივი საფუძველი) მოჰყვა პროტესტი. ოჯახის უფროსი შოთა კიღურაძე, მისი შვილი თეიმურაზ კიღურაძე და დიასახლისი მაია ახობაძე ცდილობდნენ ხელი შეეშალათ სერგო კიღურაძის ეზოდან გაყვანაში და პოლიციის მანქანაში ჩასმაში. აღნიშნულ პროცესში, ზვიად ობოლაძემ, რომელსაც „პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 და მე-11 მუხლები ანიჭებდნენ პროპორციულობისა და აუცილელობის პრინციპების გათვალისწინებით ფიზიკური იძულების გამოყენების შესაძლებლობას, გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რაც ჩაიდინა ძალადობით. კერძოდ დაკავებული სერგო კიღურაძის პოლიციის სამსახურებრივ მანქანაში ჩასმისას, ზვიად ობოლაძემ განზრახ ჩაარტყა ხელში მომარჯვებული ცეცხლსასროლი იარაღის ტარი მაია ახობაძეს სახეში. დარტყმის შედეგად მაია ახობაძემ მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. მოსტყდა ქვედა ყბის კბილები და მიიღო ტვინის შერყევა.” _ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, რაც ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.