_ მიუხედავად ამისა, გამოკითხული მოსახლეობის 55% აცხადებს, რომ ისინი ენდობიან სასამართლოს. ეს იმას ნიშნავას, რომ ბოლოდროინდელი დამოკიდებულება _ “ყველა მოსამართლე საბრალდებო სკამზე” _ აბსოლუტურად არაადეკვატურია, _ განაცხადა ვალერი ცერცვაძემ.
რეიტინგების ხსენებისთანავე, სააპელაციოს თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ სანდრო ბარამიძემ გირგვლიანის საქმე შეახსენა და შეიძლება ითქვას, პირდაპირ უთხრა, _ თქვენი რეიტინგი მარტო ამ საქმიდანაც კარგად ჩანსო.
“გურია ნიუსმა” ვალერი ცერცვაძესთან ინტერვიუ ჩაიწერა, სადაც ის სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, საკმაოდ საინტერესო განმარტებებს აკეთებს.
_ ბატონო ვალერი, თქვენ განაცხადეთ, რომ სასამართლოსგან მტრის ხატი შექმნეს და საქმე იქამდეა მისული, რომ შესაძლოა, მოსამართლეები, ციხიდან გამოსული კრიმინალების მსხვერპლნი გახდნენ. რამე კონკრეტული ფაქტი გაქვთ, რაც ასეთი განცხადების საფუძველს გაძლევთ?
_ მე მაქვს საფუძველი იმის, რომ არაერთი მოსამართლე იყო კრიმინალების ზეწოლის ქვეშ, რომლებიც ემუქრებოდნენ მათ, _ რომ გამოვალ, ამას გიზამ და იმას გიზამო. ამ ფონზე, როდესაც განცხადებები კეთდება _ “ყველა მოსამართლე საბრალდებო სკამზეო” და ამის პიარი აქტიურად მიმდინარეობს, სახელმწიფოს ვალდებულებაა, მოახდინოს დანაშაულის პრევენცია. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, მოსამართლე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი, უზრუნველყოს შესაბამისი დაცვით, რომ მოსამართლემ თავი არ იგრძნოს გარიყულად.
როდესაც მოსამართლეს მობილურის განვადებას არ აძლევენ და პირდაპირ ეუბნებიან, შავ სიაში ხარ და შეიძლება ხვალ თანამდებობაზე აღარ იყოო, მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ვალდებულია ეს დააბალანსოს. ზედმეტად გადაჭარბებულია მოსაზრებები იმის შესახებ, რომ მოსამართლეებმა დანაშაული ჩაიდინეს და უკანონო გადაწყვეტილებები გამოიტანეს. საზოგადოება აი ამ გავლენის ქვეშ მოექცა. ჩვენ ვიცავთ დამნაშავეების, კრიმინალების უფლებებს და ამ დროს, მოსამართლეზე ვსაუბრობთ ისეთი რიტორიკით, რომ ყოველგვარი უდანაშაულობის პრეზუმცია იგნორირებულია.
_ თქვენ თვლით, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილების გამოტანისას შეცდომებს არ უშვებდნენ? როგორც კი მაგას ამბობთ, მაშინვე სანდრო გირგვლიანის საქმე გახსენებენ და არც ისე უსაფუძვლოდ, რადგან ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ვერსად გავექცევით…
_ თქვენ იცით, რომ როდესაც სანდრო გირგვლიანის საქმე სასამართლოში იხილებოდა, გირგვლიანის მხარემ გადაწყვეტილება არც კი გაასაჩივრა. იცით თუ არა ეს?
_ არ გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში?
_ არა, არც აპელაციაში. ხომ ასეთი მოსაზრება არებობს საზოგადოებაში, რომ სამივე ინსტანციის სასამართლომ ისეთი დარღვევები ჩაიდინა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, ყოვლად დაუშვებელი, ხომ ასე თვლის მთელი საზოგადოება?
_ დიახ, ნამდვილად მასეა…
_ აი, ხომ ხედავთ, ძალიან ბევრმა არც იცის ეს. თქვენ იცით, რომ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, სანდრო გირგვლიანის მხარეს პრეტენზიაც კი არ ჰქონდა?
_ აპელაციამდე როგორ მოვიდა ეს საქმე, თუ არ გაასაჩივრეს?
_ ეს გაასაჩივრა განსასჯელების მხარემ, რომლებმაც დანაშაულის შემსუბუქება და მათი გამართლება მოითხოვეს. სანდრო გირგვლიანის მხარემ, რომელიც თვლიდა, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, არ გაასაჩივრა.
_ მერე, რატომ არ მიაწოდეთ ეგ ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოს? სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, ევროსასამართლომ 38-ე მუხლის დარღვევაც დააფიქსირა. ეს გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ ხელი არ შეუწყო ევროსასამართლოში საქმის განხილვას და წარმოებას.
_ როგორც ზაზამ თქვა (გულისხმობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ზაზა მეიშვილს. ავტ) ამ 38 საქმიდან, სასამართლო ყველა შემთხვევაში არ არის მოხსენიებული როგორც დამრღვევი, ამაზე ბევრად ნაკლებ შემთხვევაზეა საუბარი.
როცა ზემდგომი ინსტანციის სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მოსამართლე არ მოიქცა სწორად და ასე შემდეგ, ეს ავტომატურ რეჟიმში მისი დასჯის პირდაპირი სანქცია არ გახლავთ. ამისთვის არსებობს სპეციალური პროცედურები. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, შეშფოთების საგანია, როდესაც სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ სასამართლოში დარღვევები იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, მტრის ხატზე როდესაც ვსაუბრობთ, საზოგადოებამ არარეალურად დაიჯერა, რომ სასამართლოში თითქოს ისეთი რაღაცეები ხდება, ენით აუღწერელი. არის ერთეული შემთხვევები, სადაც დარღვევები არის, მაგრამ ამ ერთეულ შემთხვევებს უნდა გადაყვეს სასამართლოს რეიტინგი?