“ნაციონალური მოძრაობის” მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოცხადებულ ომში, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ფრონტი “ქართუ ბანკის” გარშემო განვითარდა _ ბანკის ჩასაძირად სპეციალური კანონებიც კი მიიღეს.
ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენიდან ზუსტად ერთ თვეში, ძალაში შევიდა კანონი, რომელმაც ხელისუფლებას საშუალება მისცა ბანკში კრედიტის უზრუნველყოფად ჩადებული უძრავი ქონება ხელში ჩაეგდო. ბანკებს იპოთეკარის პირველი რიგის უფლება ჩამოერთვა და საგადასახადო ორგანოებს გადაეცა.
კანონის ამოქმედების შემდეგ, მსხვილმა ბიზნესჯგუფებმა საგადასახადო სამსახურების წინაშე არარსებული დავალიანებები აღიარეს და სახელმწიფოს საშუალება მისცეს, “ქართუ ბანკში” ჩადებული ქონება აუქციონზე გაეტანა.
ამ ოპერაციების შედეგად, “ქართუს” სახელმწიფომ სულ 190 მილიონი ლარის ქონება წაართვა, რის გამოც, ბანკი იძულებული გახდა 135 მილიონი ლარის კრედიტი ჩამოეწერა _ ბანკმა ეს თანხა იზარალა.
“ქართუ ბანკის” წინააღმდეგ მოწყობილ ოპერაციას ის კომპანიებიც არ დაუზარალებია, რომლებმაც სახელმწიფოს წინაშე არარსებული დავალიანებები აღიარეს. გარიგებებში სულ 13-მა ბიზნესჯგუფმა მიიღო მონაწილეობა. წესით, მათ საერთოდ უნდა დაეკარგათ ქონება. თუმცა, უმრავლეს შემთხვევებში, ბანკში დაგირავებულ ქონებას ისევ ძველი მეპატრონეები მართავენ, რომლებიც სახელმწიფოს „ქართუს” წინააღმდეგ გაურიგდნენ.
“ქართუ ბანკის” დასაზარალებლად, სხვა ბიზნესჯგუფებთან ერთად, აქტიურობდა ჩოხატაურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, რომელსაც ბანკში კასპის რაიონში სოფელ აღაიანში მდებარე ღვინის ქარხანა და მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მდებარე უძრავი ქონება 2 100 000 ლარის კრედიტის სანაცვლოდ ჰქონდა დაგირავებული.
ვასილ ჩიგოგიძე სააქციო საზოგადოება “ოკამის” მთავარი აქციონერია, ეს კომპანია ფლობს ზემოთ ხსენებულ ქარხანას კასპში, რომელიც 3 400 000 ლარად არის შეფასებული. ჩიგოგიძის კომპანია ასევე ფლობს 90%-იან წილს შპს-ში „ვაზი _ 2002″, რომლის ბალანსზეც 1 900 000 ლარად შეფასებული უძრავი ქონება ირიცხება. ჩიგოგიძემ “ქართუ ბანკში” სწორედ ეს ქონება დააგირავა.
2012 წლის 5 აპრილს, სააქციო საზოგადოება “ოკამმა” სახელმწიფოს წინაშე აღიარა არარსებული დავალიანება, ვინაიდან “ქართუში” დაგირავებული ქარხანა ისევ მის ბალანსზე ირიცხებოდა, ეს ქონება საგადასახადო ორგანოების წინაშე არსებული ფიქტიური ვალის გამო, სახელმწიფომ გადაიფორმა და “ქართუში” არსებული კრედიტი უზრუნველყოფის გარეშე დატოვა. ზუსტად ერთ კვირაში, 2012 წლის 12 აპრილს იგივე გააკეთა ჩიგოგიძის კიდევ ერთმა კომპანიამ „ვაზი _ 2002″. ჩოხატაურის ყოფილი დეპუტატის კომპანიების მიერ სახელმწიფოსთან გარიგებაში შესვლის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრომ ეს ქონება აუქციონზე გაიტანა.
ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ ვასილ ჩიგოგიძემ მთელი ეს ქონება დაკარგა. თუმცა, მოგვიანებით განვითარებული მოვლენები ცხადჰყოფს, რომ ამ პროცესში მხოლოდ “ქართუ ბანკმა” დაკარგა სესხის უზრუნველყოფა, რითაც ჩიგოგიძემ დაახლოებით 2 100 000 ლარი წაართვა ივანიშვილის ბანკს.
აუქციონზე ჩიგოგიძის ქონება არ გაიყიდა, რის შემდეგაც, ეკონომიკის სამინისტრომ აღაიანში ოკამის ღვინის ქარხანა და მუხრანში არსებული უძრავი ქონება ერთ კომპანიას – შპს-ს “ახალშენი 2005″ პირდაპირი მიყიდვის წესით მიჰყიდა. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ეს გარიგებაც ფიქტიურად შედგა. საქმე ისაა, რომ შპს „ახალშენი 2005″-ის 100%-იანი წილის მფლობელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე შალვა ჩანტლაძეა, რომელიც ჩიგოგიძის მეზობელი, ახლო მეგობარია და ჩოხატაურის ყოფილ დეპუტატთან ადრეც მუშაობდა. რაც შეეხება, შპს „ახალშენი 2005”-ის დირექტორს გოჩა ცხენოსანიძეს, ის ჩიგოგიძის ძველი ბიზნესპარტნიორი და ოკამის ღვინის ქარხნის დირექტორი იყო.
საინტერესოა, რომ ამ პროცესის მიმდინარეობისას “ოკამის” ღვინის ქარხანაში არაფერი შეცვლილა, იქ დასაქმებულ ადამიანებს წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ მათ საწარმოს რეალურად მეპატრონე შეეცვალა. რაც შეეხება შალვა ჩანტლაძეს, მის შესახებ აღაიანში წარმოდგენაც კი არ აქვთ.
ჩვენ შევეცადეთ შალვა ჩანტლაძის კომენტარი მოგვეპოვებინა, თუმცა, უშედეგოდ _ როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გვითხრეს, ის რამდენიმე დღით ბიულეტენზეა გასული და რაიონში არ იმყოფება. ტელეფონი კი გამორთული აქვს.
რაც შეეხება ვასილ ჩიგოგიძეს, ის ამბობს, რომ ამ ყველაფრის შესახებ “ქართუ ბანკი” თავიდანვე იყო საქმის კურსში.
_ 2007 წელს, სახელმწიფომ ქარხანა დააფინანსა ყურძნის შესაძენად. მოგეხსენებათ, როგორ დააფინანსა და ვის უნდოდა 2 მილიონ ნახევრის ყურძენი. იმის გამო, რომ ფორსმაჟორი იყო და არ გაიყიდა ყურძენი, რადგან ეს იყო დავალებით, დაძალებით ნაყიდი ყურძენი, წარმოიშვა ვალი. ამას დაემატა ისიც, რომ ჩაიკეტა საზღვრები, არც ყურძენი გაიყიდა და არც ღვინო. მიუხედავად ამისა, ქარხანას ბანკისთვის გადახდილი აქვს 1 700 000 ლარი. შემდეგ ბანკმა დააწერა ჯარიმები ამ ყველაფერს, თუმცა, მაინც ნორმალური მუშაობა მიდიოდა, რადგან ბანკი ქარხანას არ ახრჩობდა.
_ ბატონო ვასილ, “ქართუ ბანკმა” სახელმწიფოს დავალებით მოგცათ კრედიტი?
_ მაშინ ეს პროექტები “ქართუ ბანკმა” დააფინანსა. ბანკი იყო გამოყენებული, თორემ სახელმწიფომ მისცა ეს ფული. უფრო მარტივად რომ გითხრათ, სახელმწიფოს დაეხმარა ბანკი, რომ ყურძნის ფული გასულიყო მოსახლეობაში და ხალხს ფული მიეღო. როგორც გითხარით, მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიდიოდა. იმ პერიოდში, როცა ბანკის გაკოტრება დაიწყეს, დაიბარეს ქარხნის ხელმძღვანელობა და მეც. გვითხრეს, რომ ეს ფული ჩვენ, სახელმწიფომ მოგეცით და აქ უნდა მოიტანოთო; წინააღმდეგ შემთხვევაში, ქარხანას მართმევდნენ. მაშინ ვუთხარი კიდეც, რომ 17-წლიანი ვალდებულება მქონდა და თუ ქარხანას წაიღებდნენ, ბანკში ვალი მაინც დამრჩებოდა. ქარხნის დირექტორი, ჩემი სიძეა და მან ბანკს ამის შესახებ აცნობა. მივიდა და უთხრა, რომ ჩვენ ამ ფულს ვაღიარებთ, მაგრამ მიაქვს სახელმწიფოს ქარხანა, წინააღმდეგობას ვერ ვუწევთ და ერთ-ერთ ჩვენს მეგობარზე გავაფორმებთ ჩვეულებრივად ქარხანას და დირექტორი იგივე დარჩებოდა. ასე იმიტომ მოვიქეცით, რომ ბანკს სხვანაირად არ ეფიქრა. ნახევარ მილიონად შემიფასეს ქარხანა. ჯერ თავში მომთხოვეს ეს ფული და მერე გრაფიკს გაგიკეთებთო. “ვინუჟდენი” წავედით ამაზე, მაგრამ ბაკმა ეს ყველაფერი იცოდა.
_ გინდათ გვითხრათ, რომ “ქართუ ბანკში” ეს სქემა იცოდნენ?
_ რა თქმა უნდა. სხვა სიტუაციები რომ არის, რაღაც ქონებები რომ აქვთ ნაყიდი და გადაგდება უნდათ, ეს სხვა თემაა და ჩვენი თემა ჩვეულებრივადაა… მივიდა დირექტორი და ჩააყენა საქმის კურსში ბანკი. “გადაგდება” თუ მინდოდა, ჩემს მეგობარზე ხომ არ გავაფორმებდი ქარხანას?! მაშინ ვინმე უცხოელზე გავაფორმებდი.
_ ადასტურებთ, რომ, შალვა ჩანტლაძესთან შეთანხებული და ფიქტიური გარიგება დაიდო?
_ რა თქმა უნდა. ჩემზე გაფორმება აკრძალეს. მიუხედავად ამისა, ვინც იყო დირექტორი, ისევ ის დავტოვე. მერჩივნა გადამეხადა ამათთვის ნახევარი მილიონი გრაფიკით, ვიდრე დამეკარგა ქარხანა. ბანკში პირადად ვარ თავდებში და რა მნიშვნელობა აქვს ქარხანა მექნება თუ არა. მაშინ სახლს წაიღებდნენ, ან მანქანას. ბანკს მე ვერანაირად ვერ “გადავაგდებდი”, პირად თავდებში ვიყავი.
_ კონკრეტულად ვინ გთხოვდათ ამ ყველაფერს?
_ შემოსავლების სამსახური.
_ შემოსავლების სამსახურის ყოფილ უფროსთან – ჯაბა ებანოიძესთან გქონდათ უშუალო შეხება?
_ პირადად არ შევხვედრილვარ, მაგრამ მისი სამსახური იყო; იქ დამიბარეს და ბუნებრივია, მისგან მოდიოდა. თან, 4 თვით ადრე დამაკავეს ყალბი ჩვენების საფუძველზე. იმ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობდი. რეალური მიზეზი კი ის იყო, რომ ჩემს კუთვნილ კინოს ვარემონტებდით პლეხანოვზე და მთხოვდნენ კონკრეტულ კომპანიას შეესრულებინა სამუშაოები. ამაზე არ დავთანხმდი და ამის გამო დამაკავეს.
ჩიგოგიძე ამბობს, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა და აღნიშნავს, რომ “ქართუ ბანკთან” დაკავშირებულ საქმეზე პროკურატურას გამოძიება თავად მოსთხოვა. მისივე თქმით, ქარხნის დირექტორმა, აღნიშნული ფაქტების შესახებ, შესაბამის ორგანოს ჩვენება იმ დღესვე მისცა, როგორც კი ამის შესაძლებლობა პოლიტიკურმა სიტუაციამ მისცა.
“ქართუ ბანკის” ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ბიზესმენებს ახლა სურთ “მამა აბრამის ბატკნები” აღმოჩნდნენ. ჯავახიშვილი ვერც ჩიგოგიძესთან და ვერც მისი კუთვნილი ქარხნის ხელმძღვანელებთან საუბრის დეტალებს ვერ იხსენებს:
_ ჩვენ ვხვდებოდით თანდათანობით რას აკეთებდა ხელისუფლება ჩვენს წინააღმდეგ. მე არც “ოკამის” ღვინის ქარხანა ვიცოდი თავიდან და არც ლაურა ღაჭავა. ვის ჩართავდნენ ამ პროცესში ეგ რა ჩემი საქმე იყო; მაგათ ვინ უგრეხდა ხელებს მე რა ვიცოდი?!
_ ბატონო ნოდარ, ქარხნის მფლობელი, ვასილ ჩიგოგიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ბანკი სიტუაციაში თავიდანვე გაარკვიეს…
_ მე რატომ არ ვიცნობ “ოკამის” ქარხნის ხელმძღვანელს, თუ მოვიდა და საქმის კურსში ჩამაყენა?! ნაცნობებიც ვიქნებოდით, უბრალოდ. ყველა კონკრეტულ ობიექტზე რომ პასუხი გაგცეთ, არ ვარ ამისთვის მზად, მაგრამ იმას ვხვდები, რომ მიდის მაგარი დემაგოგია _ თურმე, “მამა აბრამის ბატკნები” იყვნენ სუყველანი! თუ გაწვებოდა და ხელებს გიგრეხდა, ნუ გააკეთებდი უკანონობას! შეიძლება სადღაც სიმთვრალეში თქვეს, მაგრამ ჩემთან არავინ არ მოსულა _ ამას მიკეთებენ და იმას მიკეთებენ, მაღიარებინებენ არარსებულ დავალიანებაო! კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ კონკრეტულად არ ვიცი, არ მახსოვს “ოკამის” ღვინის ქარხანა როგორ მონაწილეობდა ამ საქმეში, მაგრამ ღაჭავასაც რომ მოუსმინო, ისე გამოდის, რომ “მამა აბრამის ბატკნები” იყვნენ. თუ ეს ასე იყო, ქონებები როგორ დაიბრუნეს?! ყველანი იყვნენ შეთანხმებულები ხელისუფლებასთან, რომ დაეძირათ ბანკი და მათ სესხი არ ექნებოდათ გადასახდელი! _ ამბობს ნოდარ ჯავახიშვილი.