სხდომის მონაწილე 30 დეპუტატს და მასმედიის წარმომადგენლებს, დღის წესრიგით გათვალისწინებული ათი საკითხი, საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა გააცნო.
რიგით მეოთხე უმთავრესი საკითხი: “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცების თაობაზე, _ დეპუტატებს ლია ქათამიძემ წარუდგინა.
10 მილიონით განსაზღვრული ოზურგეთის ბიუჯეტი ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ, ძირითადად ჩინოვნიკებისა თუ აიპ ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასებისა და პრემიებისთვის მიმართულ საფინანსო დოკუმენტად მოიხსენია და ურჩია გამგებელ კოტე შარაშენიძეს, არ დათანხმებოდა ასეთი ბიუჯეტის მიღებას. დეპუტატმა ხვიჩა კილაძემ ნაცვალაძეს ტელეკამერების წინ პოზირებაში დასდო ბრალი: “არც ერთ განხილვას არ ესწრები და მერე აქ ყვირი, თუმცა, განხილვაზე კამერები არ არის და ასე იმიტომ იქცევი”.
ნაცვალაძის მსგავსი აზრი გამოთქვა დეპუტატმა დიმიტრი კვერღელიძემაც. მან განაცხადა, რომ ბიუჯეტი მთავარი საფინანსო დოკუმენტია და არანაირი ცვლილება აქ არ არის. მასში იზრდება მხოლოდ ის ნაწილი, სადაც გარკვეული ვიწრო წრის ინტერესია, არასამართლიანი და არაპროპორციული განაწილებაა: “მე ვთხოვ გამგებელს, არ დაუჭიროს ასეთ ბიუჯეტს მხარი, გადადოს მისი დამტკიცება, მარტამდე დრო გვაქვს, თორემ ის თავის წინამორბედს დაემსგავსება”, _ რიტორიკა მოიშველია კვერღელიძემ.
“მე კარგად ვიცი, ვინ ვარ, რა ჯიშის და ჯილაგის და ვის დავემსგავსები, ნუ მასწავლით! მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს ეს ბიუჯეტი, მე ვერ დავუშვებ რაიონის პარალიზებას, ვიმუშავებ თანმიმდევრულად, უნდა დამეხმაროთ თქვენც და ყველამ, _ თქვა საპასუხოდ შარაშენიძემ და გაბრაზებულმა გააგრძელა, _ უნდა მოხდეს ნაციონალური ნარჩენებისგან გათავისუფლება, პრეზიდენტის თამადობით. განადგურებულია რაიონი და საქმეს მიხედვა სჭირდება.”
კოტე შარაშენიძემ თქვა ისიც, რომ “მესამე სართულიდან, ანუ სამხარეო ადმინისტრაციისგან ხდებოდა ბიუჯეტის შედგენა, რაც აწი არ გამეორდება”.
საბოლოოდ, ბიუჯეტის დამტკიცების გამო, ლელა ნაცვალაძემ მოითხოვა ახლანდელი დეპუტატების და საბიუჯეტო სამსახურის მოხელეების ნარკოლოგიური და ფსიქოლოგიური შემოწმება. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ მექვაბიშვილმა კი შეახსენა ყველას, რომ ბიუჯეტის განხილვაზე მეტი დრო ამ სხდომაზე პიროვნულ კინკლაობას და ურთიერთშეურაცხყოფას დაეთმო: “ჯანსაღი პოლემიკა რომ გამართულიყო, ეს იქნებოდა სხვანაირი ბიუჯეტი. პირადული ამბების საუბრით დროის კარგვა, მიუღებელია. არავის მოვუწოდებ, იყოს ბიუჯეტის წინააღმდეგი, მაგრამ მიუღებლობაც არევ-დარევს სიტუაციას. არც ისეა საქმე, რომ ვერ მივხედავთ ამ ბიუჯეტს. სურვილი კი გვაქვს, გვქონდეს უკეთესი ბიუჯეტი. ჯერი თავმჯდომარეზეა, ის დააყენებს კენჭისყრაზე ამ საკითხს”, _ დაასრულა მექვაბიშვილმა.
საბოლოოდ, დარბაზში მყოფი 29 დეპუტატიდან 24-მა ხმა მისცა ბიუჯეტის ასეთი ფორმით დამტკიცებას. ოთხი კი წინააღმდეგი წავიდა.
ასე დაამტკიცეს ბიუჯეტი, რომლის საჯარო განხილვა ნორმალურად არც მომხდარა, რისი დასტურიც იყო გასულ კვირაში ხუთი დეპუტატის ამარა დარჩენილი, საჯარო განხილვად წოდებული სხდომა. სხდომა, რომელიც ორ წუთში საკრებულოს თავმჯდომარემაც დატოვა და მიუხედავად, ჩემი არა ერთი კითხვისა, რა სახის სხდომა იყო ეს, დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერავინ გაგვცა.