_ “ახლა იყო ამნისტიის გაკეთების დრო?! ამ ყველაფრის ფონზე რომელი ქვეყანა აკეთებს მსოფლიოში ფართომასშტაბიან ამნისტიას?! 1992 წელში ჯაბას ამნისტიით გამოშვებული ხალხი ასე შემოგვიცვივდა სახლში, ბაბუაჩემს ავტომატი ჩაარტყეს, ბებიაჩემს ემუქრებოდნენ დაუთოებით და ასე წაიღეს ფული, ოქროულობა და ყველაფერი. ჩემთვის გასაგებია, რაც ხდება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ოჯახს, რომ ამოიღონ ის, რაც დაკარგეს, _ განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ახალ ხელისუფლებას არაფრის მოვლა არ შეუძლია და საზოგადოება გაგებით ვერ მოეკიდება წლების მანძილზე ნაგროვები ქონების სხვისთვის გატანებას და ოჯახის წევრების დასახიჩრებას.
მამედოვებთან სტუმრობისას, სააკაშვილი ამნისტიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ პოლიციას ტელევიზორში ყელყელაობა არ სჭირდება:
_ “ახლა ეს ბანდიტები გამოვლენ. ბევრი მათგანი ციხეში შევიდა “ჟიგულებიან” საქართველოში და გამოდის “მერსედესებიან” საქართველოში, სადაც ხალხმა დააგროვა დოვლათი, სადაც ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა. მარტო კი არ ქურდობენ, მოდიან და ადამიანს თითს ჭრიან, აუთოებენ. საზოგადოება ვერ შეხვდება გაგებით იმას, რომ წლების ნაგროვებს ნაძირალა მუქთახორა ყაჩაღი წაართმევს და წაიღებს. ვერ შეხვდები გაგებით იმას, რომ შვილს დაგისახიჩრებენ და მოგიკლავენ. პოლიციას ტელევიზორში ყელყელაობა კი არ სჭირდება, ყოველ კუთხეში უნდა იყოს პატრული. საყოველთაო საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს მთელს საქართველოში ამ კუთხით, რადგან რამდენიმე ათასი საშიში დამნაშავე გადის გარეთ”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის ამ განცხადებას სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, გიგა გიორგაძე გამოეხმაურა, რომლის თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, სააკაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულისთვის, ასევე ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული 1544 მსჯავრდებულია.
_ მძიმე დანაშაულისთვის 532 პატიმარი იყო გასამართლებული, ნაკლებად მძიმე – 289, ხოლო მძიმე დანაშაულისთვის – 723 მსჯავრდებული. პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არიან 260-ე მუხლით მსჯავრდებულებიც, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, კერძოდ ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-შეძენა-გასაღებას ეხება. ასევე, პრეზიდენტმა შეიწყალა ყაჩაღობისთვის მსჯავრდებულები და როდესაც ამნისტიის პროექტზე შენიშვნები აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს შეწყალების დროსაც, – განაცხადა გიგა გიორგაძემ.