ცვლილებები უმაღლესი საბჭოს მიერ არის ინიცირებული და იგი სასწრაფო წესით იქნა მიღებული.
“გურია ნიუსი” ცესკოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ დღეს, აჭარისავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში კვლავ დაჩქარებული წესით განიხილება კანონპროექტი, რომელიც არსებითად ცვლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) დაკომპლექტების წესს და უფლებამოსილების ვადას.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა მხარეების, მათ შორის ავტორიტეტული ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების გარეშე მიუღებელია.
გარდა ამისა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირები უსკოს წევრებზე ზეწოლას ახორციელებდნენ, რათა მათ საკუთარი განცხადების საფუძველზე დაეტოვებინათ თანამდებობები.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ აღნიშნული მოქმედება საარჩევნო ადმინისტრაციაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობას წარმოადგენს და მოითხოვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსგან თავი შეიკავოს ამგვარი ქმედებებისაგან,” – ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
ცესკომ შესაბამისი წერილი პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, ბათუმის მაჟორიტარს საქართველოს პარლამენტში მურმან დუმბაძეს და საქართველოს გენერალურ პროკურორს გაუგზავნა.
აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით უსკოს დაკომპლექტების წესში ცვლილებების შესვლის შემთხვევაში, უკსო-ში მომუშავე 6 მუდმივი წევრი სამუშაოდან ავტომატურად გათავისუფლებულები არიან. უსკოს შემადგენლობაში შემავალ მუდმივ წევრებს ის პარტიები წარადგენენ, რომლებმაც ბოლო არჩევნებში 5% ბარიერი გადალახა. 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ექვსი წევრიდან მხოლოდ ერთს წარადგენს, ხოლო 5 წევრს – “ქართული ოცნების” კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები დააკომპლექტებენ.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკო-ს დაკომპლექტების წესში ცვლილებები უკვე დაამტკიცა, თუმცა, ცვლილება მხოლოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში.