“გასული წლის ივლისში, ჩემი ინიციატივით შეიქმნა დასაქმების მინისტრის თანამდებობა, რომლის მიზანიც უნდა ყოფილიყო საქართველოში უმუშევრობის პრობლემასთან ბრძოლა. თუმცა, სამწუხაროდ, ამ წამოწყებას ახალი მთავრობის მიერ გაგრძელება არ მოჰყოლია. ნაცვლად იმისა, რომ განევითარებინათ ეს პროექტი და ხელი შეეწყოთ ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის აღმოფხვრისთვის, დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით საკუთარი უმოქმედობის გადასაფარად გადაწყვიტა სხვა გზით წასულიყო. უკანასკნელი დღეების განმავლობაში დაკითხვებზე იბარებენ აღნიშნული სააგენტოს ყოფილ დირექტორს, რამაზ სულამანიძეს და მის რიგით თანამშრომლებს, რომლებმაც უამრავი დრო და ენერგია მოახმარეს ამ პროექტის განხორციელებას.
მე მოვუწოდებ ხელისუფლებას თავი დაანებოს რიგითი საჯარო მოხელეების დაკითხვებზე ტარებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული პროექტი იყო პირადად ჩემი იდეა და სრულიად ინფორმირებული ვარ მის განხორციელებაზე. იმედი მაქვს, ხელისუფლებას ეყოფა სითამამე და ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პირადად მე დამისვამენ შეკითხვებს.“
ვანო მერაბიშვილმა პროკურატურას გუშინაც მიმართა და სამცხე-ჯავახეთში უკანასკნელ წლებში განვითარებულ მვლენებთან დაკავშირებით დაკითხვა მოითხოვა.
“საქართველოს ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა ექსტრემისტი ჩახალიანი და პარალელურად იწყებს დევნას ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ახალქალაქში გაანეიტრალა სეპარატიზმის საფრთხე და გააძლიერა საქართველოს სახელმწიფოებრიობა.
მინდა განვაცხადო, რომ ყველა ღონისძიება რაც სამცხე-ჯავახეთში უკანასკნელ წლებში ხორციელდებოდა, შეთანხმებული იყო ჩემთან და მე პირადად მზად ვარ „პასუხი ვაგო“ ამ ქმედებებზე.
თუ ივანიშვილის მიზანი არ არის სახელმწიფო ინსტიტუტების დანგრევა და პოლიციის დისკრედიტაცია, მოვუწოდებ დაანებოს თავი რიგით პოლიციელებზე ზეწოლას. თუ საქართველოს ახალ მთავრობას სურს გაიგოს, რა ღონისძიებები გატარდა აღნიშნულ რეგიონში სეპარატიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად, ეს მხოლოდ ჩემი დაკითხვით არის შესაძლებელი.
მე და ჩემი მეგობრები კვლავ გავაგრძელებთ საქართველოში და სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და ივანიშვილი თავისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით ამას ხელს ვერ შეუშლის.“_ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მერაბიშვილი “ფეისბუქით” ავრცელებს.