_ ჩემი ჯანმრთელობის გამო ვერ მოვახერხე წელს თბილისში წასვლა. ზურა ჩემი მეგობარი იყო და ყოველთვის მახსოვს და მემახსოვრება, როგორც დიდი პოლიტიკოსი. მე იმედი მაქვს, რომ მისი საქმის ძიება, რომელიც თავიდან დაიწყო, ობიექტურად წარიმართება და ყველაფერს ნათელი მოეფინება.
ზურა უაღრესად თავმდაბალი და თბილი ადამიანი იყო, ვერასდროს ვგრძნობდი, რომ ჩემი ხელმძღვანელი იყო. ძალიან ვაფასებდი და დიდ პატივს ვცემდი. მისი გარდაცვალება დიდი დარტყმა აღმოჩნდა როგორც მისი ოჯახისთვის, ასევე მისი მეგობრებისთვის და საქართველოსთვის.ბევრი ადამიანი შემხვედრია, ხელისუფლებაში მოსვლამდე გვერდიდან რომ არ გვიშორებდა, მაგრამ როგორც კი სავარძელში მოკალათდებოდნენ, აღარც კი გავხსენებივართ. აი, ზურა სულ სხვანაირი იყო _ როგორც კი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, მაშინვე დამირეკა და მასთან დამიბარა. არ უნდოდა, უყურადღებოდ ვინმე დარჩენოდა, მაგრამ არ დასცალდა!
ვერავინ დამარწმუნებს, რომ მხუთავი აირით გაიგუდა,” _ განაცხადა ლელა ნაცვალაძემ.
ზურაბ ჟვანიას კიდევ ერთი ოზურგეთელი და მისი ყოფილი თანაგუნდელი გოჩა გორდელაძე იხსენებს.
_ ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს. მინდა ვთქვა, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო პოლიტიკოსი იყო. საზოგადოება დარწმუნებულია იმაში, რომ ზურაბ ჟვანია კი არ გარდაიცვალა, არამედ მოკლეს. ახალ ხელისუფლებას მივმართავ, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება, რადგან ეს ყველას აინტერესებს. სამართლიანობისთვის აუცილებელია, რომ ობიექტურად გამოიძიონ.”_ გვითხრა გოჩა გორდელაძემ.