სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს სამსახურს გურიაში აკაკი სიხარულიძე უხელმძღვანელებს. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, აღნიშნულ სამსახურში თანამშრომლებად ინიშნებიან კუდ-ის ძველი თანამშრომლები ირაკლი ანდღულაძე და გიორგი გიორგაძე, რომლებიც წინა საარჩევნო პერიოდში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის გურიის სამსახურის ჩოხატაურისა და ლანჩხუთის განყოფილებებებს ხელმძღვანელობდნენ.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის გურიის სამსახურის უფროსის ვანო ბარამიძის მოადგილე ვანო საჯაია აჭარაში ანტიკორუფციული დეპარტამენტის ერთ-ერთ განყოფილებაში ინიშნება, უფროსი ვანო ბარამიძე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს, ქობულეთის სამსახურის უფროსად უკვე დაინიშნა.
კუდ-ის თანამშრომლებიდან, რომლებიც აღნიშნულ სამსახურში წინასაარჩევნოდ დაასაქმეს, დავით ცხომელიძეცაა. მან აჭარაში, ძალოვან სტრუქტურაში გააგრძელა მუშაობა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ცხომელიძე თავისთან კარლო მკურნალიძის გადაყვანასაც აპირებს. ორი თანამშრომელი კი, გივი მუჯირი და ლაშა სალუქვაძე, ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში დაინიშნენ რწმუნებულებად.
ჩვენ დავუკავშირდით ირაკლი ანდღულაძეს, რომელმაც გვიპასუხა, რომ ის დანიშვნის მოლოდინშია.
როგორც ვანო საჯაიამ განგვიცხდა, მას ჯერ სამსახური არ დაუწყია, თუმცა, ელოდება.
_ ჯერ ვარ კადრების განყოფილებაში, არ ვიცი არაფერი, მაგის შესახებ. ისე, ველოდები, -გვითხრა საჯაიამ.
ჩვენ დავუკავშირდით დავით ცხომელიძეს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია, მისი აჭარაში სამსახურის დაწყების შესახებ, “გურია ნიუსთან” დაადასტურა.
_ მე შემიძლია ერთი რამ დაგიდასტუროთ. დავიწყე მუშაობა აჭარაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოში, თუმცა, ვერ დაგიკონკრეტებთ სხვას, არც მკურნალიძის დანიშვნასთან ვარ რაიმე კავშირში _ გვითხრა ცხომელიძემ.
ჩვენ ვერ მოვახერხეთ დაკავშირება ვანო ბარამიძესთან, მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსი აკაკი სიხარულიძე, “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ის ჯერ ოფიციალურად არ არის დანიშნული.
_ როგორც ინფორმირებული ვარ, გურიაში, აღნიშნულ სამსახურში ჯერ არავინ არის დანიშნული, თუმცა, გეტყვით, რომ მალე მოხდება დამტკიცება.
_ ბატონო კაკო, როგორც ვიცით, თქვენს სამსახურში კვლავ რჩებიან კუდის ძველი კადრები.
_ ამ ინფორმაციასაც დაგიდასტურებთ მას შემდეგ, როცა მოხდება მათი ოფიციალურად დანიშვნა და დამტკიცება, როცა ბრძანებებს გავეცნობი. ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით.
_ ბატონო კაკო, როგორ აპირებთ იმ კადრებთან თანამშრომლობას, რომლებიც ფაქტობრივად წინა ხელისუფლებას ემსახურებოდნენ ? რამდენიმე წლის წინ, თქვენ ხომ სამსახური იმის გამო დატოვეთ, რომ წინა ხელისუფლებას გაემიჯნეთ?
– ნებისმიერ ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე თანამშრომელი უნდა ემსახურებოდეს სახელწიფოს და იდგეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მე იმედი მაქვს, რომ როგორც ბატონმა მინისტრმა განაცხდა, უნდა მოხდეს ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია, და მოხდება კიდეც.