წიგნში თავმოყრილია ის დოკუმენტური მასალები, რომელიც ქვეყნის პირველი პრეზიდენტის _ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტს ეხება.
ფირუზ დიაკონიძე: “ეს წიგნი არის პროტესტი ორი წლის წინათ საქართველოს საპარლამენტო მუშაობის მიმართ, რადგან ამ კომისიამ ტენდენციურად წარმოაჩინა საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საკითხები და მიზნად ჰქონდა დასახული კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლების დამცირება და ეროვნული იდეის დასამარება. ამ წიგნში წარმოდგენილია უამრავი დოკუმენტური მასალა და, რა თქმა უნდა, იმ კომისიის მუშაობის კრიტიკა”.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე, რომელმაც თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვალდებულია გამოიძიოს ყველა საქმე პირველ პრეზიდენტთან დაკავშირებით და უთხრას საზოგადოებას რა მოხდა სინამდვილეში.
ომარ ნიშნიანიძე: “შევარდნაძის ხელისუფლება არ გამოიძიებდა ამ საქმეს, რადგან თვითონაც იყო გახვეული ამ სიბინძურეში; “ნაციონალური მოძრაობა” არ გააკეთებდა იმიტომ, რომ ეშინოდა და მხოლოდ საპიაროდ იყენებდა ზვიადის სახელს. ჩვენ ხელისუფლებას კი არ სჭირდება ამ საქმის გვერდზე გადადება და მიუხედავად იმისა, რომ ახლა ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ახალმა მთავრობამ მაინც უნდა შეძლოს და ფარდა ახადოს ყოველივეს – უნდა იცოდეს საზოგადოებამ, მოკლეს ზვიად გამსახურდია თუ მართლა თავი მოიკლა”.
ბიბლიოთეკაში შეკრებილ აუდიტორიას, ინტერნეტკავშირის საშუალებით, საქართველოს ექს-პრემიერმა ბესარიონ გუგუშვილმა პირადად მიმართა.