კბილაშვილის თქმით, 2004 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში დაფიქსირდა 9 560 შემთხვევა, როდესაც მადლიერმა საქართველოს მოქალაქეებმა უსასყიდლოდ აჩუქეს სახელმწიფოს მათი კუთვნილი უძრავი ქონება.
“აქ მხედველობაში არ ვიღებთ ფულის შეტანას, აქციებისა და წილების გადაცემას, ლიცენზიების და ნებართვების მიცემას. ეს ცალკე აღურიცხავი თემაა. უკვე დავიწყეთ რამოდენიმე ათეულ ასეთ საქმეზე გამოძიება. პასუხისგებაში მიცემულია წინა მთავრობის 5 მინისტრი, 1 ქალაქის მერი და 181 საჯარო მოხელე. თავისთავად ეს მონაცემები აღემატება ნებისმიერი საშუალო ევროპული ქვეყნის სტატისტიკას და არ ქმნის იმის შთაბეჭდილებას რომ ან არ ვმუშაობთ ან ლოიალურები ვართ რაღაცის მიმართ. უბრალოდ ის ფაქტი რომ პირს ვერ ხედავენ გისოსებს მიღმა საზოგადოებას უტოვებს იმის განცდას, რომ გამოძიება ვერ ხდება ჯეროვნად. ამით ბოროტად სარგებლობს სასამართლო ხელისუფლება,” _ აცხადებს მთავარი პროკურორი.
კბილაშვილის თქმით, მინისტრებისა და ქალაქის მერის მიმართ ამ ეტაპზე გასაჯაროებული საქმეები ზღვაში წვეთია და საზოგადოება მომავალში ქონების თითქოსდა ნებაყოფლობით ჩუქების არაერთ ფაქტს შეიტყობს.
“იმის განცდა, რომ მოზღვავებული საქმეების გამო რა გვეშველება, როგორ გავართმევთ თავს ამ პრობლემას, პროკურატურას არ აქვს. პრობლემების მეტი რა არის, ამაზე იმ ადამიანებმა უნდა იფიქრონ, ვინც ეს პრობლემები შექმნეს. ძალიან მალე ცნობილი გახდება ამ ტიპის დანაშაულის შესახებ დ ა დაე, სასამართლომ თქვას, რომ ასეთი მინისტრები და მერები დაუსჯელები უნდა იყვნენ ან რჩებოდნენ თანამდებობებზე,” _ განაცხადა არჩილ კბილაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.