“საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი, რომ „დემოკრატიული მოძრაობა“ ინტენსიურად მუშაობს საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით. 2011 წლის 26 მაისის სადამსჯელო სპეცოპერაციის შემდეგ ეს მუშაობა განსაკუთრებით გააქტიურდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“, მთელი ამ პერიოდის მანძილზე ყველანაირად ცდილობდა სიმართლის დაბლოკვასა და საპასუხო დეზინფორმაციის გავრცელებას. ქვეყანას ხელისუფლების იმიჯის „გათეთრება“ ათეულობით მილიონი ლარი დაუჯდა.
ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ მრავალწლიან დევნასთან, ასევე 2011 წლის მაისის მოვლენებთან დაკავშირებით „სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2012 წლიდან წარმოებაში აქვს მიღებული.
იმის გამო, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი გარკვეულწილად ჭიანურდება, ყოფილი ხელისუფლების ის წევრები, რომლებსაც დიდი ალბათობით სისხლის სამართლის დანაშაულებები აქვთ ჩადენილი, ჯერ კიდევ არ წარმდგარან მართლმსაჯულების წინაშე და საუბრობენ მათ მიმართ ვითომდა განხორციელებულ პოლიტიკურ დევნაზე, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით კიდევ უფრო გაააქტიუროს ბრძოლა და მოიწვია იურისტთა ჯგუფი, რომელიც საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მოამზადებს მასალებს, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებას წლების მანძილზე „დემოკრატიული მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციისა და მისი წევრების პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტებს.
აღნიშნული ჯგუფი დაკომპლექტებულია საზოგადოებისათვის ცნობილი იმ უფლებადამცველებით, რომლებიც ბოლო წლების მანძილზე გამოირჩეოდნენ საკუთარი სწორი მოქალაქეობრივი პოზიციით, პრინციპულობითა და ქვეყანაში არსებულ რეჟიმთან შეუპოვარი ბრძოლით.
იმედს ვიტოვებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად, ქვეყანაში სამართლებრივი მექანიზმები ადექვატურად ამოქმედდება და ობიექტურად იქნება გამოძიებული „დემოკრატიული მოძრაობის“ და მათი წევრების და მხარდამჭერების მრავალწლიანი პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტები.
ჩვენი მიზანი არა მხოლოდ იმ დამნაშავე პირთა მხილებაა, რომლებიც წლების მანძილზე ეწეოდნენ ჩვენი ორგანიზაციის ლიდერების, წევრებისა და მომხრეების პოლიტიკური ნიშნით დევნას, წამებას, მასიურ დაპატიმრებებს და ა.შ. არამედ კიდევ უფრო მეტად ის, რომ აღნიშნული ფაქტების დადასტურებით და ყველა დამნაშავის კანონის შესაბამისად დასჯით, საქართველოში წერტილი დაესვას დაუსჯელობის სინდრომის არსებობას.
მიგვაჩნია, რომ თუ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად თანამდებობრივი მდგომარეობისა არ ეცოდინება, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, საქართველო ვერასოდეს დაადგება რეალურად დემოკრატიული განვითარების გზას.
იურისტთა ჯგუფი უახლოეს დღეებში მიმართავს ქვეყნის მთავარ პროკურატურას ყოფილი ხელისუფლების მხრიდან „დემოკრატიული მოძრაობის“ მიმართ თავისუფლებათა მასიური და სისტემური დარღვევების ფაქტებზე.”